"დინამოსთან" "მგზავრებს" ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს

AutoSharing Option
სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა "დინამომ" მორიგი, იოლი გამარჯვება მოიპოვა. 2 აფროამერიკელი კალათბურთელით გაძლიერებულმა "მგზავრები-არმიამ" დინამოელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და მეორე ნახევრის ჩაგდებით შეხვედრა 22 ქულით წააგო.

"მგზავრები-არმიას" რიგებში 2 ამერიკელი ლეგიონერი ვიხილით - ადრიკ მაკკინი და ტამირ რაჰიმი. ეს ფერადკანიანი მოთამაშეები სუსტები არ არიან, თუმცა ვერც ისე გააძლიერეს ბუბა ბერიშვილის გუნდი, რომ არმიელთათვის გამარჯვება მოეპოვებინათ.

"დინამოს" თავისი, დიდოსტატი ლეგიონერები ჰყავს. გარიკ შერმანმა თბილისურ გუნდში რიგით მეორე მატჩშიც გამოიჩინა თავი. ჟღალთმებიანმა ამერიკელმა ცენტრმა, რომელმაც წინა ტურში
ბათუმში მოგებულ მატჩში 28 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა, ამჯერდაც შედეგიანად ითამაშა. შერმანის ანგარიშზე ამჯერად 23 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა, ხოლო მეორე ლეგიონერმა, სერბმა მარკო პოპოვიჩმა "მგზავრებს" 15 ქულა ჩაუგდო.

გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა 23:8 მოიგეს. მანამდე, დიდ შესვენებაზე, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა "დინამოს" სასარგებლოდ. შერმანს და პოპოვიჩს მესამე პერიოდში ბესო ლეჟავაც აჰყვა და მათი შედეგიანობით ანგარიშში სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. შედეგად, მატჩის ბედიც გაირკვა და საბოლოოდ შემდეგიი ანგარიში დაფიქსირდა: 79:55 "დინამოს" სასარგებლოდ.

დინამოელთა ლიდერების მონაგარზე უკვე ვთქვით, რაც შეეხებათ დამარცხებულებს, საუკეთესო მაკკინლი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. მეორე ამერიკელმა, ტამირ რაჰიმმა, 8 ქულა მოაგროვა.

14.02.15, 16:00
მგზავრები-არმია 55:79 დინამო
მგზავრები-არმია 15 15 8 17
დინამო 18 16 23 22

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): როგორც აღვნიშნე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ჩვენთვის უცნობი იყო გაძლიერებული "მგზავრების" წინააღმდეგ თამაში. უშუალოდ თამაშის დროს მოგვიწია კორექტირების შეტანა. მეორე ტაიმიდან ჩემს გუნდს უფრო აგრესიული დაცვა მოვთხოვე. შედეგი ნორმალურია, თუმცა რაღაც მომენტებში მაინც გვეტყობოდა მოდუნება და ესეც გამოსასწორებელია. "მგზავრები-არმიას" კი შემდეგში წარმატებებს ვუსურვებ.

ბუბა ბერიშვილი("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,"დინამოს" გამარჯვებას. საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ქართველი მოთამაშეები ჰყავს და თან კარგი უცხოელებიც დაიმატეს. ჩვენ 23 დაკარგვა გვქონდა და ასეთ დროს მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი ლეგიონერები ჯერ არ არიან სათანადო ფორმაში და მათგან განსაკუთრებულ თამაშს არც ველოდი. უბრალოდ, ამხელა სხვაობითაც არ უნდა წაგვეგო. როგორც ჩანს, არ ვიყავით სათანადოდ მზად და ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი. შევეცდებით, სამომავლოდ გამოვასოწოროთ.

მომზადებულია superleague.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული