ზვიად სიჭინავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
დომენტი (ზვიად) სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2009 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა და დღემდე ამ პოსტს იკავებს.

ამ ხნის განმავლობაში სფფ-ის პრეზიდენტი არაერთხელ ყოფილა კრიტიკის ობიექტი, თუმცა, ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ზვიად სიჭინავას მოსვლის შემდეგ ფედერაციამ ყოფილი ხელმძღვანელობის ვალი მთლიანად გაისტუმრა და ქართულ ფეხბურთს სასიკეთო საქმეებიც გაუკეთა.

2013 წლის ბოლოს "ზესტაფონის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილია კოკაიამ სიჭინავას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე წინადადებით მიმართა...

იხილეთ სტატია:
-chavrickhav-5-milions-da-gadadeqi.html" target="_blank">ილია კოკაია ზვიად სიჭინავას: ჩავრიცხავ 5 მილიონს და გადადექი!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.


მკითხველი:
- ბატონო ზვიად, აპირებთ თუ არა დაკავებული თანამდებობის დატოვებას?
- ეს თანამდებობა ჩემთვის მამაჩემს არ დაუტოვებია. ამიტომ, როცა ამის დრო მოვა, რა თქმა უნდა, დავტოვებ.

მკითხველი:

- აპირებთ თუ არა საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ქართულ ფეხბურთში საქმიანობას?
- ჯერ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც უნდა გავაკეთო, თუმცა მომავალში როგორ დალაგდება სიტუაცია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვაპირებ "ბაიას" საფეხბურთო სკოლის აღდგენას. სკოლა, რომელიც იყო ჩემი, იფუნქციონირებს. ამჟამად, უბრალოდ, უფლება არ მაქვს, რომ სხვა საფეხბურთო საქმიანობა ვაწარმოო და ისე, მომავალში ვაპირებ.

მკითხველი:
- თქვენ დროს ასაკობრივ ნაკრებებს დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ ქვეყნის მთავარ გუნდს მაინც ვერაფერი ეშველა, დაეცა ეროვნული ჩემპიონატის დონე. თქვენ ძველი ხელისუფლების "დანიშნული" ხართ, ახალი ხელისუფლება არ გწყალობთ. რა გამოსავალს ხედავთ, თქვენი წასვლის გარდა?
- ჯერ ერთი, მე არავის დავუნიშნივარ. გულშემატკივარი თუ კარგად გაიხსენებს, ჩემი კანდიდატურა პროცესის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დავაყენე. ასე რომ არ მომხდარიყო, უეფასა და ფიფას თვალში ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყნის მასშტაბით არც ერთი მსურველი არ გამოჩნდა, ვინც პრეზიდენტობაზე კანდიდატურას წამოაყენებდა. არ მგონია, რომ ვინმე მწყალობდეს და პირიქით.

რაც შეეხება ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებას, ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა, გააკეთა აქცენტი სწორედ ახალგაზრდებზე და ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ ბავშვებზე, ვისაც ვზრდით და ვერ ვაგებთ პასუხს იმ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებზე, რომლებიც წინა ფედერაციამ გაზარდა. გავა 5, 10 წელი და ეს ბავშვები თუ ვერ ითამაშებენ, ეს არ იქნება ახალი პრეზიდენტის პრობლემა, არამედ იქნება ჩემი პრობლემა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მე არ მგონია, რომ მათთან პრობლემა მქონდეს. ჩვენი ფედერაცია არის უეფას წარმომადგენელი საქართველოში და ეს არ არის რაღაც შ.პ.ს. მე ვიცავ ფიფასა და უეფას რეგლამენტით დადგენილ ყველა წესს, რომელიც უნდა მივაწოდო კლუბებს, სკოლებსა და ასოციაციებს.

ის, რომ ფედერაცია აკეთებს არა თავის საქმეს: ვეძებთ სპონსორებს, ვაძლევთ თანხებს და დიზელს კლუბებს,
ეს არის უბრალოდ ჩვენი კეთილი ნება და არა პირდაპირი საქმიანობა. ჩვენ ვართ მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა ქართულ ფეხბურთში. ანუ ამას ჩვენით კი არ ვარეგულირებთ, არამედ ფიფასა და უეფას რეგლამენტით.

ხელისუფლება მიდის და მოდის, ქართული ფეხბურთი კი იყო, არის და იქნება. ამიტომ ვინც უნდა მოვიდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართული ფეხბურთი არ არის სიჭინავასი, არ იყო ახალკაცის, ჟორდანიასი, არამედ ეს არის გულშემატკივრის, ამ ქვეყნის ფეხბურთი და ასე იქნება ყოველთვის.

მკითხველი:
- ძალიან მაინტერესებს, ბათუმში როდის გვექნება ჩვენი სტადიონი?
- სტადიონები არის სოციალური პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს ყოველთვის აქვს. ეს არის ამა თუ იმ რეგიონის სურვილი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის უკმაყოფილო ადგილობრივი გულშემატკივარი და განსაზღვროს, გამოყოს თუ არა ამაზე თანხა.

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამას აკეთებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და გამგეობები.

მე რომ მთავრობა შემეკითხოს, რა თანხაა საჭირო და რამხელა უნდა იყოს სტადიონი ბათუმში, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, კომპეტენტურ პასუხს გავცემ: ბათუმში უნდა იყოს მინიმუმ 35-ათასიანი სტადიონი, რადგან ეს არის, პირველ რიგში, განვითარებული ინფრასტრუქტურა, აქვს ისტორიული დატვირთვა და საერთოდ, ძალიან მომგებიანი პროექტია სპორტული ტურიზმის მიმართულებით. ბათუმში არსებობს აეროპორტი და თავისუფლად შეიძლება ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობა.

ამიტომ ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მოიძიოს თანხები და ააშენოს სტადიონი, რომელიც სპორტული თვალსაზრისით იქნება მომგებიანი.

მკითხველი:
- ზვიად ბატონო, როგორ ფიქრობთ, ქეცბაია სწორად წარმართავს ნაკრების საქმეებს? ხომ არ ნანობთ რამეს მის დანიშვნასთან დაკავშირებით?
- მე არასდროს ვერეოდი თემურ ქეცბაიას საქმიანობაში, ისევე, როგორც სხვა მწვრთნელების საქმიანობაში. იმ შედეგებით, რაც ნაკრებს აქვს, კმაყოფილი არ ვარ. კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა გავალთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ავიღოთ მაგალითად სომხეთის ნაკრები. ძალიან მაგარი მატჩები ითამაშეს, მაგრამ შედეგი აქვთ? გავიდნენ?

მეც ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ და როცა მატჩებს ვუყურებ, როგორც ყველა, ვბრაზობ, ვამბობ, რატომ არ დააყენა ის ფეხბურთელი, რატომ არ შემოიყვანა ეს ფეხბურთელი და ა.შ.

ამიტომ, როგორც გულშემატკივარი, კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობთ.

თემურ ქეცბაია ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია და არ მგონია, რომ მწვრთნელი ყოველ სამ თვეში უნდა გამოვცვალო. თემურ ქეცბაიას აქვს საკუთარი მიზანი და პროგრამა. იმედია, ის მიაღწევს საკუთარ მიზანს და საქართველო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მკითხველი:
- ბატონო ზვიად, თქვენი გადადგომის შემდეგ რას უტოვებთ ქართველ გულშემატკივარს? რა მემკვიდრეობა ჩაიბარეთ და რას ტოვებთ, როგორც ფინანსური, ასევე ფეხბურთის განვითარების კუთხით?
- ჩავიბარე ვალები და ფედერაციის ბალანსზე არსებული 3 მილიონი ლარი.

დღესდღეობით ელიტრაუნდის 8 შესაძლებლობიდან 7 გამოვიყენეთ. 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი ნაკრებები ორჯერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ ვუტოვებთ ქართულ მომავალს, ანუ ბავშვებს, რომლებიც დღეს არიან.

როცა მოვედით, ფედერაციას ბაზაც კი არ ჰქონდა, ახლა კი საქართველოში უმაღლესი ხარისხის 13 მოედანია. გარდა ამისა, ფედერაციას ამ დროისთვის 107-მილიონიანი (ლარი) ქონება გააჩნია და არ აქვს არც ერთი თეთრი ვალი.

მომავალ წელს თბილისში უეფას სუპერთასი ჩატარდება. მარტში, რამდენიმე მსხვილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი, რამდენიმე საკითხი გადაწყდება.

კლუბებს უფასოდ დავურიგეთ "ვაისკაუტის" პროგრამები, რომლის საშუალებით ისინი შეძლებენ, ყველაფერი კომპიუტერის საშუალებით აკონტროლონ.

წელს ვაპირებთ ჩამოვიტანოთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას, ეს საკითხიც მარტში გადაწყდება ზუსტად, ამ პროგრამასთან ერთად ჩამოვლენ მწვრთნელები და ფიზმომზადების სპეციალისტები.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ძალიან დიდი წინსვლა იქნება ჩვენთვის.

ასევე, დავუტოვეთ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალური სტადია. გასახსენებელი ბევრი გვაქვს.

მკითხველი:
- ბატონო ზვიად, ფეხბურთის ფედერაციაში გამოცხადებულა თუ არა რომელიმე თანამდებობაზე ვაკანსიები თქვენი მმართველობის დროს და რა კრიტერიუმებით აგყავთ ფედერაციაში სამუშაოზე ხალხი? ადამიანს რომ უნდოდეს ფედერაციაში სამუშაოს დაწყება, რა უნდა ქნას, ისევ ძმაკაცების მონახვა დაიწყოს?
- თუ ვინმეს აქვს სურვილი, ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყოს მუშაობა, ამ შემთხვევაში ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: მსურველმა უნდა მოიტანოს პროექტი, არ აქვს მნიშვნელობა, მედიის, მარკეტინგისა და თუ განვითარების პროექტი იქნება. თუ ეს პროექტი მოგვეწონება და მას შედეგები მოჰყვება, პროექტის ავტორი გააგრძელებს მუშაობას ფედერაციაში.

მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური ბაზა, რომელშიც არის განთავსებული იმ ადამიანების CV-ები, რომლებსაც სურთ ჩვენთან მუშაობა.

როცა დგება კადრების საჭიროება, ჩვენ ვურეკავთ ჩვენთვის საჭირო აპლიკანტებს. ბევრი სწორედ ასე ავიყვანეთ. არ მგონია, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ვინმეს ნათესავი ავიყვანე. თუ ვინმესთვის მსგავსი ფაქტი ცნობილია, შეგვიძლია ეს განვიხილოთ.

მკითხველი:

- ბატონო ზვიად, დამეთანხმებით, რომ რეგიონებში არ ექცევა ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს, როგორც საჭიროა? აგვიხსენით ერთი, ახალი თაობა რომ არ გვეყოლება ჩვენ, უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ეროვნული ნაკრები რამეს მიაღწევს?
- ამ 4 წლის განმავლობაში გამოვავლინეთ ცრუ ტურნირები და მატჩები. ჩვენ გვიგზავნიდნენ საბუთებს, თუ როგორ ატარებდნენ რეგიონალურ ჩემპიონატს. შარშან და ორი წლის წინ გამოვავლინეთ გადაკეთებული ასაკის ბავშვების საბუთები და თურმე, საერთოდ არ ტარდება ჩემპიონატები და ხელით წერენ ანგარიშებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული სკოლები დაისაჯნენ.

წელს კი ვაკეთებთ პროექტს, სადაც ყველა სკოლასთან დაიდება მემორანდუმი, რომლის მიხედვით ბავშვთა ფეხბურთი რეგიონებშიც განვითრდება.

მკითხველი:
- ბატონო ზვიად, მაინტერესებს, ოდესმე თუ დააფინანსებს ფედერაცია საფეხბურთო კლუბ "კახეთს"?
- თელავში გავაკეთეთ საფარი და მე მქონდა ყველა დონეზე შეხვედრები მუნიციპალიტეტებში და ა.შ. ყველას ვეუბნებოდი, სირცხვილია, რომ ასეთ რეგიონში ფეხბურთი არაა. ლაგოდეხში ამიტომ ვაკეთებთ სტადიონს, რომ ადგილობრივ ბავშვებს მივცეთ საშუალება, ივარჯიშონ და განვითარდნენ.

კახეთი მარტო ჭიდაობა კი არაა, კახეთი არის დიდი რეგიონი, სადაც დიდი ფეხბურთელები იყვნენ და სადაც დიდი საფეხბურთო პოტენციალია.

ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, სადაც ჩვენ ვითხოვთ დაფინანსებას. დღეს სპორტის სამინისტროში გადავაგზავნეთ წერილი, სადაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო გამოგვიყოფს 7 მილიონ ლარს. ამ თანხიდან გვინდა, რომ დახმარების სახით უმაღლეს ლიგას მისცენ 2 მილიონ 400 ათასი ლარი.

გასაგებია, რომ ამით არსებული პრობლემა არ გადაწყდება, მაგრამ ზოგადად დაეხმარება.

ჩვენ გინდა, რომ ასევე გარკვეული თანხ პირველმა ლიგამაც მიიღოს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმაღლესმა ლიგამ უფრო დიდი თანხა უნდა მიიღოს, რომ კლუბები ფიქრობდნენ და ჰქონდეთ მოტივაცია, გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში.

კახეთში მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც პატარ-პატარა თანამდებობაზეა და ვისაც უყვარს ფეხბურთი, ყველამ გამონახოს ის ორი-სამი ლუკმა პური, რომელიც შეიძლება აჭამონ ქართულ ფეხბურთს.

მკითხველი:

- ბატონო ზვიად, რატომ არ ექცევა ყურადღება ქალთა ფეხბურთს? მაგალითად, თბილისში "ერთი" ქალთა გუნდია და არ აქვთ პირობები: არც მოედანი, არც ბურთები, არც საშხაპე. საზღვარგარეთიდან ფული რომ ერიცხებათ ამ გოგონებს, სად მიდის?
- წელიწადში ორჯერ გამოიყოფა ფული ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის, რომელსაც უეფას აუდიტი დეტალურად ამოწმებს და თუ ერთი თეთრიც არ დაიხარჯება ქალთა ფეხბურთზე, დიდი პრობლემები გაგიჩნდება. ამიტომ ყველა ის თანხა მიდის ქალთა ფეხბურთზე.

თქვენ ბევრი ქალი იცით, რომელსაც სურვილი აქვს ითამაშოს ფეხბურთი? არიან გუნდები იმერეთში, სამეგრელოში, მაგრამ ჩემპიონატის საჭირო რაოდენობას ვერ ვაგროვებთ. ნაკრებს ბურთებიც აქვთ და ყველაფერი. ამიტომ თუ ვინმემ კონკრეტული ფაქტი იცის, რომ ქალთა გუნდი არსებობს და ჩვენ არ დავეხმარეთ, პირდაპირ გვითხრას.

მკითხველი:

- ბატონო ზვიად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რატომ აღარ აქვს ამხანაგური მატჩები? ამ საკითხის მოგვარება არ შედის თქვენს პრეროგატივაში?!
- სამწუხაროდ, საქართველოსთან თამაში ყველას არ უნდა. ძლივს მოვახერხეთ, რომ მარტში ლიხტეინშტეინთან გვაქვს მატჩი.

როგორც იცით, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატია და ყველა მასზეა გადართული. შარშან რა, არ გვქონდა ამხანაგური მატჩები? სულ ამხანაგური მატჩებისთვის არის გამოყოფილი 10 დღე და საკმაოდ დიდი რაოდენობის ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრები ჩავატარეთ შარშან.

მკითხველი:

- ბატონო ზვიად, დადებითად ვაფასებ თქვენსა და გუნდის მუშაობას - ფედერაციის ფინანსურად გამართვას, ქონების შეფასების კოლოსალურ ზრდას და ნაკრებებთან ჩატარებულ სამუშაოებს. გთხოვთ გაგვაცნოთ, სამომავლოდ რა იგეგმება ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლების მიზნით?
- არის პროექტი, რომელშიც გვაქვს ჩამოყალიბებული საქართველოს ჩემპიონატის განვითარება, სადაც გათვლილია უმაღლესი ლიგა, დუბლები, ასაკობრივი გუნდები, პირველი ლიგა, სკოლები და რაც მთავარია, დიდი თანხები არაა საჭირო. სახელმწიფოს ამ თანხის მოძიება შეუძლია.

გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ იმ 7 მილიონი ლარიდან, რომელსაც სახელმწიფო გამოგვიყოფს, ედება 20-პროცენტიანი გადასახადი და ეს თანხა მთელ ქვეყანაზე უნდა განაწილდეს.

ყველა განვითარებულ და კომერციულად მომგებიან ლიგაში თავიდან სახელმწიფომ ჩადო ფული. ახლა მაგალითად ავიღოთ თურქეთი. ადრე სადაც ვხვდებოდით, ყველგან ვუგებდით, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.

წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს ტელევიზია ტრანსლაციის უფლებისთვის 90 მილიონ ევროს უხდის, რაც საქართველოს ფედერაციის 15 წლის ბიუჯეტია, თუ მეტის არა.

ევროპის წამყვან ქვეყნებში პატარა თუ დიდი ფეხბურთელები სეზონში 60 მატჩს თამაშობენ. ჩვენთან კი, რომ დავითვალოთ, სულ 40 მატჩი გამოდის. აქედან ფეხბურთელი 15 შეხვედრაში ხან ტრავმისა და ხან რის გამო ვერ თამაშობს და დარჩენილი მატჩების რაოდენობა კი ცოტაა.

უნდა არსებობდეს ინტერესი. ჰოლანდიაში უმაღლესში გადასვლის მატჩებს ტელევიზია ყიდულობს, რადგან ეს მომგებიანია.

მკითხველი:
- ფიქრობთ თუ არა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლების მიზნით ასაკობრივი ცენზი უნდა დაწესდეს ფეხბურთელების ქვეყნიდან გასვლაზე?
- არა, არ მგონია. რა თქმა უნდა საქართველოში არსებობს სკოლები, რომლებსაც ბავშვებისთვის შესაფერისი პირობების შეთავაზება შეუძლია, მაგრამ ბავშვები, რომლებსაც გაუჩნდებათ წასვლის საშუალება, ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ.

დავუშვათ, როცა 5 ბავშვში ერთი გამორჩეულია, რომელიც ყოველთვის უკეთესია, ის უნდა წავიდეს, რომ ეს ოთხი წამოიწიოს. სხვა შემთხვევაში ისინი ვერ განვითარდებიან.

სამწუხაროდ, ახლა ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ფეხბურთელები არ გვყავს. ამას ხომ თავისი მიზეზი აქვს, ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ცოტას თამაშობენ.

ინგლისში ვარჯიში არ აქვთ, მატჩი, მეორე დღეს აღდგენა და დასვენება და შემდეგ ისევ მატჩი. ჩვენი ფეხბურთელები ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლებენ.

ამიტომ პირიქით, ჩვენ ბავშვებს ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ, რომ უფრო ძლიერ გუნდებში წავიდნენ. ინგლისში თუ ფეხბურთელი რამეს ვერ აკეთებს სწორად, ის რჩება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, რომ საკუთარი ნაკლი გამოასწოროს. ეს ფეხბურთელის პროფესიონალური დამოკიდებულებაა.

თენგო, ზუგდიდი:
- ბატონო ზვიად, რატომ არ უყვარხართ ზუგდიდში? ალბათ იმიტომ, რომ ზუგდიდის ფეხბურთისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. პირიქით, სტადიონის დანგრევაზე ხმა არ ამოგიღიათ და არც ახალზე იძახით არაფერს. ისედაც გაჭირვებაში მყოფ გუნდს თქვენი ავტობუსით სარგებლობაც კი აუკრძალეთ.
- არ ვიცი, ვის არ ვუყვარვარ ზუგდიდში. იქ ცხოვრობენ ის ადამიანები, ვისაც მე ძალიან ვუყვარვარ. ესენი არიან დედაჩემი, ჩემი და და ძმა, ჩემი საძმაკაცო.

რაც შეეხება ფეხბურთს, ბატონმა თენგიზმა, ალბათ, არ იცის, ვის წაართვეს ეს სტადიონი. მაშინ იკითხოს, ვისი იყო ეს სტადიონი და ვინ ჩადო იმაში ფული და ვის წაართვეს. ზუსტად მაშინ იყო, რომ ზუგდიდელები არ დამიდგნენ გვერდში და არაფერი გააკეთეს.

ბაზასაც რომ მართმევდნენ, მაშინაც არავინ დამდგომია გვერდში.

რაც შეეხება ზუგდიდის ავტობუსს, ჩემს ავტობუსს, ის ემსახურება გუნდს და დაჰყავს. ალბათ, არც ეგ არ იცის.

იმ ზუგდიდის კლუბის 49 პროცენტი იყო ჩემი და სად იყვნენ ის ზუგდიდელები, როცა დამიბარეს და კლუბი გამგეობამ წაიღო?!

მაშინ შეიქმნა პრობლემა, მე მითხრეს, რომ შენ არ გაქვს უფლება, უფასოდ მისცე კლუბს ქონება, ანუ იჯარის ხელშეკრულება უნდა დაგვეწერა და ახლა ჩვეულებრივად სარგებლობენ ბაზით, სტადიონით და ყველაფრით. ალბათ, ეს ადამიანი არაა ზუგდიდელი, თორემ ეს ყველაფერი ეცოდინებოდა.

მკითხველი:

- თქვენ ამბობთ, რომ ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის! მაშინ რისი ბრალია ჩაშლის პირას მყოფი ეროვნული ჩემპიონატი? ნაკრები, რომლის მე-4 ადგილითაც ვამაყობთ 5-გუნდიან ჯგუფში! ფეხბურთელებს უკვე ჩვენს ჩემპიონატს მალტის ჩემპიონატი ურჩევნიათ (ნუკრი რევიშვილი, მაგ.)!
- რისი ბრალია ჩაშლის პირას მყოფი ჩემპიონატი, მგონი, ყველამ კარგად იცის და არ მინდა, რომ კიდევ უფრო დავძაბო სიტუაცია და ამაზე ვისაუბრო. ვფიქრობ, კითხვის ავტორმა იცის, თუ რისი ბრალია ეს ყველაფერი.

მკითხველი:

- გამარჯობა, ბატონო ზვიად! მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ინფორმაცია "კრასნოდარის" ფეხბურთელ ნიკა ჩხაპელიაზე, რომელიც რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია? ეცადა თუ არა ჩვენი ფედერაცია, გასულიყო მასთან კავშირზე, გამოიძახეთ თუ არა? ჩხაპელიაზე რუსები იძახიან, აფხაზიაო, მაგრამ იცოდეთ, ქართველია ეგ ბიჭი და მეგრულიც მშვენივრად იცის.
- ამ კითხვასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ ფეხბურთის ფედერაციასგან უპრობლემოდ მიიღოთ. სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია ტექნიკური სამსახურის სატელეფონო ნომერი, სადაც აღნიშნულ კითხვაზე პასუხს მიიღებთ (Sportall.ge-ს რედაქცია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული