სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ნეიმარი - ზაფხულის შოკი თუ უბრალოდ ჭორი?
AutoSharing Option
09:57 11-02-2016
"ბარსელონაში" არსებული ფინანსური კრიზისის გამო შეიძლება კატალონიურმა კლუბმა სამიდან ერთი ლიდერი დაკარგოს - ასე წერენ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები. ეს ლიდერი ნეიმარია. ბრზილიელი ვარსკვლავი, ვინც მიმდინარე სეზონში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაფრინავს.

შეიძლება ეს მხოლოდ ხმებია და მეტი არაფერი, მაგრამ ჩვენ ამ ხმებს ვერ წავუყრუებთ. ჯერ ერთი, თანამედროვე ფეხბურთში ფულს ყველაფერი შეუძლია და მეორეც, ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ გვახსოვს ტრანსფერები, რომელთა თაობაზეც, სანამ ისინი შედგებოდა, მხოლოდ და მხოლოდ თუ გავიცინებდით.

რაღა შორს წავიდეთ, "ბარსელონადან" "რეალში" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, ლუიშ ფიგუს გადასვლა გავიხსენოთ. ანაც პირიქით, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებლის, ლუის ენრიკეს საქციელი.

ნეიმარი "რეალში"
ფაქტია, რომ თუ "ბარსელონას" მართლაც აქვს ფინანსური პრობლემები, "რეალი" ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თუნდაც არარეალურ, ზღაპრულ თანხად გადაიბიროს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი. ეს მადრიდული კლუბისა და მისი პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესისათვის დიდი გამარჯვება იქნება.

"სამეფო კლუბის" გულშემატკივართა სამწუხაროდ, "რეალი" თავის მთავარ მტერს ბოლო დროს მინდორზე ვეღარ ჯაბნის და იქნებ მინდვრისგარეთა ომი მოუგოს. პერესი საამისოდ უკან არაფერზე დაიხევს.

მართალია, "სამეფო კლუბს" ნეიმარი მრავალი მილიონი დაუჯდება, მაგრამ ეს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, რომელიც აუცილებლად გაამართლებს. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ სამხრეთამერიკელმა მძიმე ტრავმა არ მიიღო, მას ხომ ძალიან ხშირად უტყამენ ფეხებში.

ნეიმარი სწორედაც რომ ღირსეული შემცვლელი იქნება კრიშტიანო რონალდოსი. ამბობენ, რომ რონალდო ვერ არის მადრიდში ბედნიერი და მას ნავსაყუდელის შეცვლა სურს. ბევრი არ არის ფეხბურთელი დღევანდელ მსოფლიოში, ვინც პორტუგალიელს სრულფასოვნად შეცვლის. ნეიმარი სწორედ ასეთია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნეიმარის გადაბირება "რეალის" ახალ დამრიგებელს, ზინედინ ზიდანს საშუალებას მისცემს, საკუთარი ფუნდამენტი ჩადოს ახალი "რეალის" მშენებლობაში. ბეილი, კრიშტიანო და ბენზემა დიდი ხანია, იქ არიან. ზიდანმა ვიღაც თავისი უნდა მიიყვანოს. ეს თავისი შეიძლება ნეიმარი იყოს.

საერთოდ, ზინედინ ზიდანი იმ პირობითაა მისული მადრიდში, რომ მან თავისი ფორმაციის გუნდი უნდა ააწყოს. ფრანგი ფსონს ისკოზე დებს.

ისკო ჯერ მაინცდამაინც ვერ ამართლებს. ამბობენ, ალვარო მორატა "ბერნაბეუზე" დაბრუნდებაო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "იუვენტუსი" იოლად ვერ შეელევა "კანტერას" აღზრდილ ფორვარდს, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებს ისეთი ალიყური აჭამა, რომ წესით, მათ ლოყა დღემდე უნდა ეწვოდეთ.

ნეიმარი "სიტიში"
მეორე, არანაკლებ ანგარიშგასაწევი და წონიანი "მოთამაშე", რომელიც ნეიმარის გადაბირებას ეცდება, "მანჩესტერ სიტია". "სიტი" ნაღდ გრანდად გახდომას აპირებს და ისეთი მოთამაშეები სჭირდება, რომლებსაც დიდი ტურნირების მოგება შეუძლიათ.

კლუბის არაბი ხელმძღვანელობა, აქამდე ფეხბურთში ბევრი არაფერი რომ გაეგებოდა, მიხვდა - ტიტულების მოგება მხოლოდ ტოპ-მწვრთნელითა და ტოპ-ფეხბურთელებით შეიძლება. პეპ გვარდიოლა "სიტიში" მიდის სეზონის ბოლოს და ის ინგლისურ კლუბში არ მივა.

ვინ სჭირდება პეპს? რა თქმა უნდა, მას სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახლოს არიან მის სათამაშო ფილოსოფიასთან. სწორედ ასეთია ნეიმარი. ის "ბარსელონაში" შეეჩვია ტიკი-ტაკას. გვარდიოლა მას შესანიშნავად იცნობს.

ინგლისში გადაბარგებულ პეპს ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდება მინიმუმ ერთი ტოპ-ტრანსფერის განხორციელება. მას დასჭირდება ისეთი ფეხბურთელი, ვინც რთულ სიტუაციებში გუნდის ლიდერობას იკისრებს. "სიტის" ამ როლისათვის მეგავარსკვლავი სჭირდება.

ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, რომ სერხიო აგუერო ამ როლისათვის მთლად გამოსადეგი ფეხბურთელი არ არის. აგუეროს შემთხვევაში, მის უდიდეს ნიჭზე არავინ დავობს, მაგრამ ფეხბურთელმა ვერაფრით მიაღწია სტაბილურობას, რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

რაც შეეხება გუნდის მეორე ლიდერის, იაია ტურეს მომავალს - კოტდივუარელი გვარდიოლას "ბარსადან" გაშვებას ვერ პატიობს. ტურე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს "სიტის". ასე რომ, გვარდიოლას მეტ-ნაკლებად, ახალი გუნდის აშენება მოუწევს.

რატომ უნდა წავიდეს
რაც შეეხება ფინანსურ შესაძლებლობებს. გვარდიოლას "სიტიში" მისვლა ერთადერთ რამეს ნიშნავს: კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ნებისმიერი თანხა დახარჯოს, ოღონდ კატალონიელი სპეციალისტის გემოვნება დააკმაყოფილოს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელს გულმა შეიძლება პრემიერლიგისკენ გაუწიოს, ახალი შეგრძნებების გამოცდის სურვილია. საკმარისია, ერთხელ შევხედოთ ნეიმარს, რომ მივხვდებით - ის ერთობ ექსტრავაგანტური პიროვნებაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ წამოწეულ საკითხს მეორე მხარეც აქვს. რატომ უნდა წახვიდე "ბარსელონადან", მსოფლიოს საუკეთესო კლუბიდან, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იგებ.

ეს ფაქტია და ამ რეალობიდან გაქცევა იოლი არავისთვის უნდა იყოს, მაგრამ დღეს ცხოვრებას ფული მართავს. თუ შენ იმაზე ნაკლებს გიხდიან, ვიდრე გიხდიდნენ ადრე და შენ იმავე რაოდენობის შრომას ასრულებ. ძალაუნებურად წასვლაზე ფიქრობ.

ზაფხულში კატალონიური გრანდის გარშემო საინტერესო მოვლენები უნდა განვითარდეს. გამორიცხვით კი ვერაფერს გამოვრიცხავთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
sake
12:14 11-02-2016
რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ზაფხულს,თუმცა რეალის ვარიანტი მაინცდამაინც არ მგონია,ფიგუს ისტორიიდან გამომდინარე,მითუმეტეს არამგონია ნეიმარმა მაგ წნეხს გაუძლოს,რაც უფრო ტექნიკური და სწრაფია ფეხბურთელი ფეხებშიც მეტი ხვდება,ეს ასე იყო და ასეა,მაგრამ ნეიმარს დამატებით თავისი ხასიათის გამოც ბევრი ხვდება და არა მარტო ფეხებში.ის უდაოთ ძალიან მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ სხვა გუნდში თავიდანვე ლიდერის ფუნქციების სრულად აღება მგონი გაუჭირდება,არადა ნებისმიერი ტოპ გუნდი მას მხოლოდ ამისთვის იყიდის.რაც შეეხება ფინაასური პრობლემების მოგვარებას ისიც არ არის გამორიცხული,რომ ბარსამ საუკუნის სატრანსფერო სენსაცია შემოგვთავაზოს (თფუი ეშმაკს),მოკლედ ეს ყველაფერი ვარაუდებია,თუ ვის გაყიდიან არ ვიცით,მაგრამ ყიდვას რაც შეეხება, ძალიან მინდა დიბალა იყიდონ ეს ბიჭი ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს.