ჩაწყობილი თამაშები: როგორ მოქმედებს აზიური მაფია

AutoSharing Option
"დან ტანის" უკან გაცილებით მდიდარი და გავლენიანი ხალხია
აზიური მაფია ფეხბურთელებს, მსაჯებს და კლუბების ხელმძღვანელებს ისე მართავს, როგორც მარიონეტებს.

ფეხბურთის მოყვარულები ვსხედვართ და თამაშებს ვუყურებთ, ვქომაგობთ, ვნერვიულობთ და ამ დროს დიდი შანსია, რომ რომელიმე ან სულაც ორივე გუნდის ფეხბურთელები მოსყიდულები იყვნენ და თამაში გარიგებული იყოს.

48 წლის "დან ტანი" სინგაპურში, საკუთარ სახლში ზის, თამაშებს აწყობს და მანიპულირებულ შეხვედრებს აკონტროლებს. ახალი ცნობების თანახმად, როცა მატჩს გარიგებული შედეგით არდამთავრების საფრთხე ემუქრება, სინგაპურელ მანიპულატორს ისიც კი შეუძლია, რომ ამა თუ იმ მატჩის დროს
სტადიონზე სინათლე ჩააქრობინოს, რათა შედეგის "გამოსწორების" დრო და შანსი, ან ახალი ფსონის გაკეთების საშუალება მიეცეს.

ევროპოლის ერთ-ერთი უმთავრესი ეჭვმიტანილი სწორედ სინგაპურელი "დან ტანია". ევროპელი სამართალდამცავები "დან ტანის" კვალზე მისი თანაშემწის, ვილსონ რეი პერუმალის წყალობით გავიდნენ, რომელიც 2011 წლიდან მატჩების მანიპულირებისთვის სასჯელს ფინეთში იხდის.

კანადელი ჟურნალისტის, დეკლან ჰილის ინფორმაციით, სინგაპურელმა "ნათლიმამამ" (როგორც მას უწოდებენ) თამაშების მანიპულირების კომპლექსური სისტემა ჩამოაყალიბა, რომელშიც ყველა გარიგებული მატჩი სამნაირად ფასდებოდა:

- ერთი ვარსკვლავი: მოსყიდულია მხოლოდ მსაჯი.
- ორი ვარსკვლავი: მოსყიდულია ერთი გუნდის 2 ან 3 ფეხბურთელი.
- ხუთი ვარსკვლავი: მოსყიდულები არიან ორივე გუნდის ფეხბურთელები და საქმის კურსში არიან კლუბის ხელმძღვანელებიც.

ინტერპოლმა "დან ტანის" დაკავების განკარგულება დიდი ხანია გასცა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერაც თავისუფალია და სინგაპურში ცხოვრობს.

"დან ტანი" შესანიშნავად ცხოვრობს. მას სახლი აქვს სინგაპურის მდიდრულ უბანში," - აცხადებს ცნობილი წიგნის ("ნაღდი მოგებები") ავტორი ჰილი. ეს უკანასკნელი პირველი ჟურნალისტი იყო, რომელიც თამაშების ჩამწყობ მაფიაზე წერდა.

"მიუხედავად იმისა, რომ "დან ტანი" ჯერ კიდევ თავისუფალია, ძალიან გახარებული ვარ, რადგან, როგორც იქნა, მის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო," - დასძენს ჰილი.

კანადელი ჟურნალისტი კარგად იცნობს საფეხბურთო მაფიის აზიურ სტრუქტურას: "დან ტანი" სერიოზული პერსონაა, მაგრამ ის, ამავდროულად, მხოლოდ მაკლერია. ის არის ყველაფრის თავი. არსებობენ უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც მის უკან დგანან. აქაც ყველაფერი ისეა, როგორც ზოგადად, მაფიაში - ყველაზე მთავარ პერსონას სახე არ აქვს, ის არსად ჩანს! შესაბამისად, არ მიკვირს, რომ "დან ტანის" დაკავება ვერ ხერხდება, რადგან ყველამ იცის, რომ თუ მას დაიჭერენ, შესაძლოა, უფრო დიდი დამნაშავეებიც გამოვლინდნენ."

როგორ ხდება მატჩების მანიპულირება
380 მანიპულირებული მატჩი ევროპაში, კიდევ 300 საეჭვო მატჩი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 425 გასვრილი ფეხბურთელი, მსაჯი, ფუნქციონერი და სხვა კრიმინალები; 8 მილიონი ევროს ოდენობის მოგება, 2 მილიონი ევროს ოდენობის მოსასყიდი ფული - ახალმა სკანდალმა მთელი საფეხბურთო მსოფლიო შეძრა. თანაც, ევროპოლში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.

როგორ ხდება თამაშების მანიპულირება?
90-იანი წლებიდან ამ სისტემამ ფესვები გაიდგა. თამაშების გარიგება და ფსონების განხორციელება ინტერნეტმა გააადვილა. რაკი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს შეიძლება ამა თუ იმ თამაშზე ფსონის დადება, შესაბამისად, მარტივია მანიპულირება, გარიგებული მატჩის გაკონტროლება და დაზღვევაც. მანიპულატორები უსწრაფესად მოქმედებენ და სამართალდამცავ სტრუქტურებს ამიტომაც უჭირთ მათი აღმოჩენა.

რაზე დებენ ფსონებს?
მანიპულატორები ფსონებს ყველაფერზე დებენ: რომელი გუნდი მოაწვდის პირველ აუტს, რომელი გუნდი მიიღებს პირველ გაფრთხილებას, რამდენი კუთხური იქნება მთელი მატჩის განმავლობაში, იქნება თუ არა პენალტი, გაძევება... რამდენი გოლი გავა თამაშში და ა.შ. ბოლო წლებში არაერთი სკანდალი გამომზეურდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბუკმეკერ-მაფია დიდ ფსონებს უმეტესად დიდ ანგარიშებზე (3:0, 4:0, 5:0) და გოლების რაოდენობაზე დებს.

როგორ მოქმედებენ მანიპულატორები?
კრიმინალები უკავშირდებიან გუნდების მენეჯერებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს ან მსაჯებს. ისინი ისეთ არბიტრებზე ან ფეხბურთელებზე გადიან, რომლებსაც უყვართ ასეთ მანიპულაციებში მონაწილეობის მიღება.

ცნობილია, რომ არსებობს სია, სადაც ყველა მსაჯი სხვადასხვანაირადაა შეფასებული - არსებობენ შეუვალები (ანუ ისინი, ვისი მოსყიდვაც შეუძლებელია), მოსყიდვადები (რომელთა მოსყიდვაც შესაძლებელია), გასვრილები (რომლებიც ხანდახან სიამოვნებით იღებენ ქრთამს) და კორუმპირებულები (რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ ასეთ გარიგებებში). მანიპულატორები მათ უხდიან თანხას და ითრევენ საქმეში, რის შემდეგაც იგეგმება კონკრეტული მატჩის მანიპულაცია და თანხა იდება ტოტალიზატორში.

რატომ ვერ აკეთებს თავის საქმეს ფიფას სპეციალური სისტემა?
FIFA Early Warning System საქმეს თავს ვერ ართმევს ისე, როგორც საჭიროა. ამ სისტემის სპეციფიკა შემდეგში მდგომარეობს: სისტემა თამაშამდე იღებს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა კონკრეტული მატჩი საეჭვო - შეხვედრა საეჭვოდ მაშინ მიიჩნევა, როცა მისი შედეგის რომელიმე ვარიანტზე ერთ-ერთ ტოტალიზატორში ზედმეტად დიდი თანხა (მინიმუმ, ერთი მილიონი ევრო) შევა, ანაც სხვადასხვა ტოტალიზატორში დადებული თანხების ჯამი იქნება საეჭვოდ დიდი.

მაფიამ ამ სისტემას მოხდენილად აუარა გვერდი - კერძოდ იმით, რომ მანიპულირებულ მატჩებზე ფსონები არა თამაშის წინ, არამედ მატჩის მიმდინარეობისას იდება. შესაბამისად, ფიფას სისტემა თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. ფიფას სისტემისთვის უდიდესი პრობლემაა არალეგალური საბუკმეკერო კანტორებიც...

რა თანხებზეა საუბარი?
აზიაში უდიდესი თანხებით თამაშობენ. მაგალითად, ფილიპინების უმსხვილესი ბუკმეკერების ბრუნვა წელიწადში 80 მილიარდ ევროს შეადგენს.

რა სასჯელი ელით დამნაშავეებს?
ცნობილ გერმანელ მსაჯ რობერტ ჰოიცერს 2005 წლის გახმაურებული სკანდალის შემდეგ თავისუფლების 2 წლითა და 5 თვით აღკვეთა მიუსაჯეს, იმავე სკანდალის მთავარ დამნაშავეს, ხორვატ ანტე საპინას კი - 2 წელი და 11 თვე. 2009 წელს საპინა კიდევ ერთხელ გაასამართლეს და ამჯერად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სამართალდამცავთა მტკიცებით, საფეხბურთო მატჩების მანიპულირება აზიაში უკვე ნარკობიზნესზე მომგებიანი საქმიანობაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალი სკანდალის ახალი დეტალები: სინგაპურელი მაფიოზი და კონკრეტული მატჩები...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული