კოპა ამერიკა სენტენარიო 2016. D ჯგუფი: რეპი და რევანში

AutoSharing Option
AUTO PLAY
* არგენტინა და ჩილე კოპა ამერიკაზე ერთმანეთს 26-ედ შეხვდნენ და აქედან ჩილელებს არც ერთი მატჩი არ მოუგიათ ძირითად დროში. 19-ჯერ "ალბისელესტემ" იმარჯვა, 7-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
* ჩილემ არგენტინას კოპა ამერიკაზე 57-წლიანი პაუზის მერე პირველად გაუტანა. ბოლოს ამ ტურნირზე "ალბისელესტეს" კარში ჩილელთა მხრიდან 1959 წელს ალვარესს ჰქონდა გოლი გატანილი.
* ევერ ბანეგამ კოპა ამერიკაზე პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* 2011 წლიდან დღემდე კოპა ამერიკაზე ანხელ დი მარიამ 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 3
პასი), რაც არგენტინის ნაკრებში, მესისთან ერთად, საუკეთესო შედეგია.
* დებიუტანტი პანამა გახდა კონკაკაფის პირველი ნაკრები, რომელმაც კოპა ამერიკაზე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო (დანარჩენები წაგებით იწყებდნენ).

არგენტინის ნაკრებმა მესის გარეშეც დაამარცხა ჩილე და შარშანდელი ფინალისთვის შური იძია. კოპა ამერიკაზე ერთი ტური მიილია და უნდა ითქვას, რომ ორგანიზატორებს ჰიმნებთან დაკავშირებით აშკარად პრობლემები აქვთ...

საიუბილეო კოპა ამერიკაზე ერთ-ერთი მოწვეული ნაკრები პანამაა, რომელსაც ამ ტურნირზე დებიუტი აქვს და ეს დებიუტი მშვენიერი თამაშითა და გამარჯვებით აღნიშნა. პანამას ბოლო წლებში პროგრესი აქვს და კოლუმბიელი სპეციალისტის, ერნან დარიო გომესის გუნდმა ბოლივიასთანაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

თუმცა მოგება ადვილი მაინც არ ყოფილა და მატჩის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა. ყველაფერი იქამდე გაირკვეოდა, ბოლივიელთა მეკარის, კარლოს ლამპეს მშვენიერი თამაში რომ არა, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისიანები.

პანამელთა მხრიდან საუკეთესო შთაბეჭდილება არმანდო კუპერმა, დაუღალავმა და ტექნიკურმა ალბერტო კინტერომ და დუბლის ავტორმა ბლას პერესმა დატოვეს.

პერესმა პირველი ბურთი დებიუტშივე შეაგდო, როდესაც ასისტენტობა კინტერომ გაუწია. გოლამდეც და მერეც პანამელებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ბოლივიამ გათანაბრება მოახერხა, 54-ე წუთზე კამინგსის მიერ უხერხულად მოგერიებულ ბურთს ხუან არსე დაუხვდა და აიმე პენედოს აუღებელი დაურტყა.

იფიქრებდით, საქმე ფრისკენ მიდისო, მაგრამ კუპერის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა აროიომ ფლანგზე გაილაღა და პერესს მეორე გაატანინა. ეს 87-ე წუთზე მოხდა და ხულიო სეზარ ბალდივიესოს ნაკრებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოასწრო.

"ეს ჩვენთვის ძალიან სასახარულო დღე და მატჩი იყო. გოლებს ისე აღვნიშნავდით, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონები ვხდებოდით. ემოციური შეხვედრა გამოვიდა და გამარჯვება გვაბედნიერებს. რამდენიმე მონაკვეთში მაგიურად ვთამაშობდით. იყო ჩაგდებული პერიოდებიც. სამხრეთამერიკული გუნდები ძალიან რთულად დასამარცხებლები არიან" - თქვა გომესმა.

* * *
მექსიკა-ურუგვაის მატჩისას ურუგვაელებს საკუთარი ჰიმნის ნაცვლად ჩილესი რომ ჩაურთეს, უკვე გაუწყეთ და, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ჩილეს ჰიმნი ერთხელაც საკმარისიაო და ჰიმნის ნაცვლად რეპერი "პიტბულის" სიმღერა აჟღერდა. ეს ორ დღეში მეორე მსგავსი შეცდომაა, რაც "სენტენარიოს" და ამერიკელებს არ ეკადრებათ. ორგანიზატორებს ისევ ბოდიშის მოხდა მოუხდათ.

ფაქტია, ვისაც სხვა ჰიმნს ურთავენ, ის ნაკრები თითქოს, ინავსება და ვეღარ თამაშობს. ხუან ანტონიო პიცის ჩილე საკმაოდ უფერული გახლდათ. თუმცა აქ მეორე მომენტიც არის - ფსიქოლოგიური. გასულ ზაფხულს ჩილემ ისტორიაში პირველი ტიტული კი მოიგო და საშინაო კოპა ამერიკა არგენტინასთან ტრიუმფით დაასრულა, მაგრამ ეს პენალტების სერიაში მოხდა. აი, ძირითად დროში კი ჩილელებს კოპა ამერიკაზე არგენტინა ჯერ ისევ არასდროს დაუმარცხებიათ.

მეტიც, ამ ტურნირზე "ალბისელესტეს" კარში 57 წლის განმავლობაში არ გაეტანათ. მათ ამ სერიის შეწყვეტა მაინც გამოუვიდათ, როდესაც 93-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხოსე პედრო ფუენსალიდამ გაიტანა. მან სერხიო რომეროს შეცდომით ისარგებლა, ეს უკანასკნელი კარიდან უყურადღებოდ გამოვიდა. თუმცა იმ დროისთვის პიცის ბიჭები უკვე 0:2-ს აგებდნენ…

კალიფორნიაში, ქალაქ სანტა კლარას "ლევი’ს სტედიუმზე" ანგარიში შეიძლებოდა, მე-2 წუთზევე გახსნილიყო - ნიკოლას გაიტანს გატანამდე ცოტა დააკლდა, მისი თავური დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა. პირველ ტაიმში ჩილელებსაც ჰქონდათ ერთი კარგი შანსი - არგენტინამ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და ალექსის სანჩესს გატანა შეეძლო, მაგრამ რომერომ იმ მომენტში ძალიან კარგად ითამაშა.

მეორე ტაიმის დებიუტიდან მოყოლებული კი, ჩილელებმა შეცდომების კორიანტელი დააყენეს, თანაც, საქმე ამ შემთხვევებშიც მოედნის ცენტრში უყურადღებო თამაშთან და ბურთის დაკარგვასთან ჰქონდა. გაიბრწყინა ევერ ბანეგამ - 51-ე წუთზე არანგისის შეცდომას პირველი გოლი მოჰყვა, ბანეგამ ანხელ დი მარიას ელეგანტურად უპასა და პსჟ-ის შემტევმაც ტექნიკურად დაარტყა.

აქედან 8 წუთში ანხელმა ევერს ვალი დაუბრუნა - არგენტინელებმა ისევ მეტოქის დაკარგული ბურთი წამოიღეს და დი მარიას გადაცემა ბანეგამ დააგვირგვინა. მას ცოტათი რიკოშეტიც დაეხმარა, ბურთი ისლას მოხვდა. ჩილელთა მესამე ანალოგიურ შეცდომას გოლი აღარ მოჰყვა, რადგან კლაუდიო ბრავომ გონსალო იგუაინს აუღო.

საბოლოო ჯამში, არგენტინამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3 ქულაც აიღო. ხერარდო მარტინოს ლიონელ მესი სულ არ დასჭირდა. "ტატას" არც პასტორე და ლავეცი უთამაშებია. მაშინ, როდესაც თამაში უკვე გაკეთებული იყო, მან ნელ-ნელა შემოაპარა მინდორზე აგუერო, ლამელა და კრანევიტერი. "ალბისელესტეს" თავკაცი თავისიანების თამაშით კმაყოფილი დარჩა. იგი შეეცდება, არგენტინას 1993 წლის მერე პირველად მოაგებინოს კოპა ამერიკა.

"მესი თავს მშვენივრად გრძნობს. მას გადატვირთული სეზონი ჰქონდა და ცოტა გადაღლილია. შესაბამისად, ჯობდა დაესვენა და მის გარეშე ვითამაშეთ. ოთხ დღეში პანამასთან სათამაშოდ ლეო, წესით, სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს" - აღნიშნა მარტინომ.

პანამა-ბოლივია 2:1
გოლები: 1:0 პერესი (11), 1:1 არსე (54), 2:1 პერესი (87)
პანამა (4-4-2): პენედო - მაჩადო, ბალოი, კამინგსი (63. ენრიკესი), მილერი - კუპერი (74. აროიო), გომესი, გოდოი, კინტერო - ტორესი (56. ტეხადა), პერესი
ბოლივია (3-4-1-2): ლამპრე - ეგუინო (46. მელეანი), სენტერო, კაბრერა - დ. ბეხარანო, ასოგე, საუსედო (46. კამპოსი), მ. ბეხარანო - შმედბერგი - არსე, დუკი (87. რამალიო)
გაფრთხილება: კამინგსი, პერესი, კუპერი, ბალოი, მაჩადო - არსე, ასოგე
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 21-22 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(6)-12(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 13 466

არგენტინა-ჩილე 2:1
გოლები: 1:0 დი მარია (51), 2:0 ბანეგა (59), 2:1 ფუენსალიდა (93)
არგენტინა (4-3-3): რომერო - მერკადო, ოტამენდი, ფუნეს მორი, როხო - მასკერანო, ფერნანდესი, ბანეგა - გაიტანი (87. კრანევიტერი), დი მარია (80. ლამელა), იგუაინი (74. აგუერო)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, მენა (54. ორელიანა) - არანგისი (82. ფუენსალიდა), დიასი, ვიდალი - ბოსეჟური, სანჩესი, ვარგასი (68. პინილია)
გაფრთხილება: დი მარია, როხო - ვიდალი, ისლა, მედელი, ბოსეჟური
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 0-6 კარში დარტყმა: 17(5)-9(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 69 451

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 1 1 0 0 2-1 3
2. პანამა 1 1 0 0 2-1 3
3. ბოლივია 1 0 0 1 1-2 0
4. ჩილე 1 0 0 1 1-2 0

II ტური
10 ივნისი
ჩილე-ბოლივია 03:00
არგენტინა-პანამა 05:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული