უნაი ემერი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
10 ივნისის მერე პირველად, პარიზში სპორტული ღონისძიება მოექცა ყურადღების ცენტრში და ეს არ იყო დაკავშირებული ევროპის ჩემპიონატთან - პსჟ-მ ახალი თავკაცი წარადგინა.

გუშინ "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა ის, რასაც ყველა ელოდა - ბასკი სპეციალისტი უნაი ემერი 2 წლით პსჟ-ის მწვრთნელი გახდა. მისი კონტრაქტის ერთი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.

ემერიმ მაისში "სევილიას" ზედიზედ მესამედ მოაგებინა ევროპალიგა, შემდეგ კი პირნათელი დაემშვიდობა. 27 ივნისს პსჟ-მ ოფიციალურად გაწყვიტა ხელშეკრულება ლორან ბლანთან და მეორე დღეს
ემერი წარადგინა.

44 წლის უნაი ემერი ფეხბურთელობისას "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველი იყო. 2004 წლიდან ის სამწვრთნელო საქმეშია, 2008-12 წლებში ემერი "ვალენსიას" წვრთნიდა, 2013 წლიდან კი ანდალუსიაში გადაბარგდა და "სევილია" ჩაიბარა. მათ შორის იყო მოსკოვის "სპარტაკი".

უნაი ემერი: "ჩემთვის დიდი პატივი იყო და ამიტომაც დავთანხმდი "პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელობას. ბოლო წლებში პსჟ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ჩამოყალიბდა და ჩემთვის ძალზე სასიხარულოა, რომ პსჟ-ის ამბიციურ გეგმებში მე მოვხვდი. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ ფეხბურთელებს, გუნდის სტაფს. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საფრანგეთში პსჟ და როგორი ზეწოლა შეიძლება შეხვდეს პსჟ-ის თავკაცს, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ".

ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი): "უნაი ემერის წარმატებას ვუსურვებ, მან გუნდში უნდა მოიტანოს თავისი გამოცდილება, ცოდნა და ადამიანური მონაცემები. მას უკვე დამტკიცებული აქვს, რომ გუნდისგან მაქსიმალური შედეგის მიღება შეუძლია და ჩვენც ეს გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ უნაი ემერის პსჟ ბრწყინვალე ფეხბურთს ითამაშებს და რომ ის კლუბის ფანებს აუცილებლად მოეწონებათ".

აღსანიშნავია, რომ სევილია-პარიზის რეისით შესაძლოა, პოლონელმა ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმაც ისარგებლოს, მაგრამ ჯერ კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმებულან.

ემერის შემცვლელი
ამასობაში, "სევილიამ" ემერის შემცველი მოძებნა - ანდალუსიურმა კლუბმა ახალი თავკაცი წარადგინა - ხორხე სამპაოლი, ჩილეს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ მან 2015 წელს ჩილეს ისტორიაში პირველად მოაგებინა კოპა ამერიკა. 56 წლის არგენტინელ მწვრთნელთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მას აქამდე ევროპაში არ უმუშავია.

ხორხე სამპაოლი: "სევილიის" მსგავსი დიდი გუნდის გაწვრთნა დიდი პატივია. ჩვენ წინ დიდი საქმეები გველის, ამიტომაც ვღელავ. "სევილიის" ფანებს ვპირდები, რომ მათ ეყოლებათ მწვრთნელი, რომელსაც არასოდეს მოსწყინდება, იყოს გმირი. "სევილია" შემტევ ფეხბურთს ითამაშებს".

შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ კი სამპაოლის აშკარად გამოადგება ატემ ბენ-არფა, რომელმაც "სევილიასთან" 3-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა. "ნიცას" 29 წლის ფორვარდი თვეში 450 ათას ევროს მიიღებს. ეს კი სამჯერ მეტია, ვიდრე მისი ხელფასი "ნიცაში" თამაშისას, სადაც 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი დაამატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული