"იუვე" საქმეშია! - ტურინელთა ჩამოწერა ნაადრევი ყოფილა

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-14 ტურის ეგიდით, "იუვენტუსი" "პალერმოს" ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურინელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, რომელთაგან პირველი მარიო მანჯუკიჩის, მეორე დავიდე სტურაროს და მესამე სიმონე ძაძას ანგარიშზეა.

სამივე გოლი კარგი გამოვიდა და ეფექტურ კომბინაციებს მოჰყვა; მანჯუკიჩმა თავური დარტყმით იხეირა, სტურარომ და ძაძამ კი საშუალო დისტანციიდან გამოზომილი დარტყმით დალაშქრეს მეტოქეთა კარი. თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო.

ამრიგად, "იუვენტუსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, 24 ქულას მოუყარა თავი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საჩემპიონო
რბოლაში ჩაება. დიახ, "იუვე" საქმეშია და იოლად რომ არაფერს დათმობს, ცხადზე უცხადესია.

ალბათ, ზედმეტად გულუბრყვილოც იყო სკუდეტოსთვის ბრძოლაში "რომას" მთავარ ფავორიტად შერაცხვა და "იუვენტუსის" ჩამოწერა - დღეს ამ ორ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, ამ ფორის აღმოფხვრა კი ერთ ტურში შეიძლება. "იუვეს" სიცილიური გამარჯვება მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ შეაფასეს...

მასიმილიანო ალეგრი: "კარგი თამაში იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვმოქმედებდით მობილურად და ენერგიულად, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი მოედნის ცენტრში და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს.

ნოემბერში კარგი შედეგები ვაჩვენეთ, ბევრი ქულა ავიღეთ და ლიდერებს მივუახლოვდით. ფეხბურთელები დარწმუნდნენ, რომ ბოლომდე დახარჯვის გარეშე ქულების მოპოვება წარმოუდგენელია. სწორი გზით მივდივართ და მჯერა, რომ მომდევნო მატჩებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ".

ჯუზეპე მაროტა: "მაშინაც კი, როდესაც ყველაზე ცუდი პერიოდი გვედგა, ერთი წუთითაც არ გვიფიქრია მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება. მაქსს ბოლომდე ვენდობით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. "პალერმოსთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ და პირველივე წუთიდან გამარჯვებაში ეჭვი არ შემპარვია.

სიცილიელთა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ სულ ტყუილად განაცხადა, რომ ტურინში პაულო დიბალას ტალანტს ვაქრობთ - ისევე, როგორც სხვებმა, დიბალამაც კარგად ითამაშა და ზოგადად, ერთ-ერთი საუკეთესოა მიმდინარე სეზონში. ძამპარინი კოლორიტული ფიგურაა, ხშირად აკეთებს არცთუ გონივრულ განცხადებებს, მაგრამ ის ჩემი მეგობარია და პატივს ვცემ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Juveeeeee
რონი
01:08 02-12-2015
0
მართალი ხარ ავტორ, იუვე ნაადრევად ჩამოწერეს. გაუმარჯოს იუვეს!
0

სიახლეები პოპულარული