მილანის "ინტერში" ჯერდან შაჩირი ზედმეტია

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თქმით, მას გუნდში 25 ფეხბურთელი სჭირდება და რადგან ამ დროისთვის მოთამაშეთა რაოდენობა მეტია, რამდენიმე მათგანს წასვლა მოუწევს. ამასთან, ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებიც გასათვალისწინებელია და გამომდინარე აქედან, ალბათ, "ინტერიც" გაასხვისებს ფეხბურთელებს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც წამსვლელთა შორის სახელდება, ჯერდან შაჩირი გახლავთ, რომელმაც გასულ სეზონში ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა თავი და როგორც ჩანს, მანჩინის მისი იმედი აღარ აქვს. ეჭვი იმანაც გააღრმავა, რომ "ინტერისა" და "შტუტგარტის" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც იტალიელებმა 4:3 მოიგეს, 23 წლის შვეიცარიელს მონაწილეობა არ მიუღია. ითქვა ისიც,
რომ შაჩირის გადაბირებით სამი კლუბია დაინტერესებული: "სტოკ სიტი", "ვოლფსბურგი" და "შალკე". ჯერდანის შესაძლო წასვლას რობერტო მანჩინიც ადასტურებს:

"რატომ გამოტოვა შაჩირიმ ამხანაგური მატჩი? - დასვენება სჭირდებოდა და ამის საშუალება მივეცით. თქვენი კითხვის ქვეტექსტი გასაგებია და არ ვმალავ, რომ ჯერდანის წასვლის ალბათობა არსებობს. ფინანსური ფეარ პლეის პრინციპები უნდა დავიცვათ და თანაც, გუნდში 25 ფეხბურთელზე მეტი არაა საჭირო. თუმცა, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სხვა ტრანსფერზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ინფორმაციას მომავალში მოგაწვდით".

მელოს და გუარინის ბარტერი
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "კორიერე დელო სპორტი", რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, "ინტერსა" და "გალათასარაის" შორის გარიგება შედგეს, რომლის თანახმადაც, კლუბები ფელიპე მელოს და ფრედი გუარინს გაცვლიან. ითქვა ისიც, რომ გუარინი უფრო ძვირად ფასობს და ამიტომ, გარიგების შემთხვევაში, თურქებს 6 მილიონი ევროს დამატება მოუწევთ.

29 წლის გუარინს გასულ სეზონში საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, 6 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მანჩინი მას დიდად არ სწყალობს. როგორც ჩანს, მილანელები საყრდენ ხაზზე ჟოფრეი კონდოგბიასთვის იდეალურ მეწყვილეს ეძებენ და ასეთად სწორედ მელო ესახებათ.

32 წლის ფელიპე 2013 წლიდან "გალათასარაიში" ასპარეზობს და ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. როგორც ამბობენ, ამ გარიგებით ორივე კლუბი დაინტერესებულია და ერთადერთი, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანოს, თავად ფეხბურთელთა პოზიციაა. საქმე იმაშია, რომ გუარინმა უკვე გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და განაცხადა, რომ მას იტალიაში სურს დარჩენა.

ერნანესის ოპტიმიზმი
30 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ერნანესმა გამორიცხა მისი "ინტერიდან" შესაძლო აბარგება და ჟურნალისტებთან მეტად ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და მსურს კარიერა "ინტერში" გავაგრძელო. მით უმეტეს, შესანიშნავი გუნდი შეიკრა, რომელსაც უმაღლესი მიზნის მიღწევა შეუძლია. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოპოვება ძალგვიძს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გასულ სეზონში დაკავებული ადგილი არაფერს ნიშნავს, ახალ ჩემპიონატში ყველაფერი ნულიდან დაიწყება და ყველა გუნდი თანაბარ პირობებში იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული