მოჰამედ სალაჰი - ყველაზე ძვირფასი ლივერპულელი... აფრიკელი

AutoSharing Option
მოჰამედ სალაჰი აშკარად იურგენ კლოპის მთავარი სამიზნეა. ამბობდნენ, რომ "ლივერპული" 35 მილიონ გირვანქაზე მეტს არ გადაიხდისო, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მერსისაიდელებმა, რომლებიც "რომასგან" ელოდნენ დათმობას, თავად გადაწყვიტეს შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა და 39 მილიონის გადახდაზე არიან ყაბულს.

ეს ეგვიპტელს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად აქცევს. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებს ყველაზე დიდი თანხა, ანუ 35 მილიონი გირვანქა 2011 წელს "ნიუკასლ იუნაიტედისთვის" აქვთ გადახდილი ენდი კეროლში და ეს ამავდროულად, მათი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერია.

მხარეები ისევ ერთმანეთს ელაპარაკებიან. სალაჰს ინგლისის ჩემპიონატში თამაში ძალიან უნდა.
იგი "ჩელსიში" ირიცხებოდა, მაგრამ "ლურჯების" რიგებში ნორმალური შანსიც არ მიეცა და ვერც გაიბრწყინა.

სხვათა შორის, სალაჰით მერსისაიდელები მაშინაც დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში "ბაზელმა" "ჩელსის" შეთავაზებული 11 მილიონი გირვანქა მიიღო.

თუ 25 წლის სალაჰში "ენფილდის" ბინადრები 34 მილიონზე მეტს გადაიხდიან, იგი ყველაზე ძვირად ღირებული აფრიკელი მოთამაშეც გახდება. ამჟამად ეს სტატუსი "ლივერპულის" მიერვე "საუთჰემპტონიდან" ნაყიდ სადიო მანეს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელეებმა უკვე დაიმატეს "ჩელსის" აღზრდილი, 19 წლის თავდამსხმელი დომინიკ სოლანკე, რომელმაც "ლურჯებთან" ახალი კონტრაქტი არ გააფორმა და იქამდელი შეთანხმებისა და წესების მიხედვით, მისი ფასი სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს. "ლივერპულს" დაახლოებით 3 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს.

ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ლორის კარიუსმა საჯაროდ განაცხადა, არსად მივდივარო. 23 წლის გერმანელი მეკარე ამბობს, რომ იგი გუნდში რჩება და ძირითად შემადგენლობაში თავისი ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვაც უნდა გაძლიეროს ეს კარგი შენაძენია სტაბილური მშრომელი
Giga
19:33 22-06-2017
0

სიახლეები პოპულარული