დინამო (თბ) VS ჩიხურა - წელიწადი სუპერთასით გავაცილოთ!

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" სუპერთასის მატჩი დაიწყება. მაყურებელს ბილეთის საფასურის გადახდა არ მოუწევს - შესვლა უფასოა. თანხას სუპერთასის გამარჯვებულიც ვერ მიიღებს: ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ფინანსურად რომ დაეხმარა, სუპერთასისთვის სახსრები აღარ დარჩენილა.

საქართველოს სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელებმა - კახა გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მას თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც ესწრებოდა, რომელმაც, შესაძლოა, კარიერა სამოყვარულო დონეზე გააგრძელოს.
დღევანდელი სუპერთასის მატჩით საქართველოში საფეხბურთო წელიწადი მთავრდება და საღამოსთვის ისიც გვეცოდინება, თუ რომელი გუნდი დაეუფლება წელიწადის ბოლო ტიტულს - თბილისის "დინამო" თუ საჩხერის "ჩიხურა"?

...ახალი რა უნდა ვთქვათ: საქართველოში უკვე ისე მივეჩვიეთ სუპერთასის მატჩის დეკემბერში (ან თებერვალში) ჩატარებას, რომ უფრო ის იქნებოდა გასაკვირი, ეს ტიტული მართლაც "ადამიანურ" (ანუ, საფეხბურთო თვალსაზრისით, ყველაზე ოპტიმალურ) პერიოდში გათამაშებულიყო - ანუ, როგორც თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ხდება: ზაფხულში, ახალი სეზონის დაწყებამდე, ჩემპიონისა და თასის მფლობელის პაექრობაში რომ ვლინდება ხოლმე სუპერთასის გამარჯვებული.

ჰო, თითქმის ყველგან ასეა, აი, ჩვენთან კი, წინა ცამეტი გათამაშებიდან მხოლოდ სამჯერ მოხდა, როცა ამ ტიტულისათვის ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი ეცილებოდნენ. თანაც, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი სუპერთასის პირველ სამ გათამაშებას ეხება; აი, მერე და მერე, ჩატარების თარიღიც იცვლებოდა და გარკვეული პერიოდი (ფაქტობრივად, 5 წელიწადი!), საერთოდ აღარ ტარდებოდა, ვიდრე 2005 წელს იმდროინდელი საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის მესვეურთა (დიმიტრი რამიშვილი, პაატა ბურჯალიანი) დიდი მონდომებით არ აღდგა.

ისე, თარიღი რახან ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი არ უნდა იყოს კრიტიკის ობიექტი, აქაოდა, სუპერთასს ზამთარში რატომ ათამაშებთო! ჰო, ამ შემთხვევაში უკვე სუპერთასზე მონაწილე გუნდების სურვილია გათვალისწინებული, თანაც, მართლაც უცნაური სურვილი!

ჩემპიონი და თასის მფლობელი, როგორც წესი, ზაფხულში ევროტურნირებზე ასპარეზობენ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთში ჩასატარებელი საქართველოს სუპერთასის მატჩი სწორედაც ევროტურნირების შეხვედრებისათვის ჩინებულ სპარინგად გამოიყენონ, "გადატვირთული გრაფიკის" მომიზეზებით, საქართველოს სუპერთასის მატჩის ზაფხულში გამართვაზე უარს ამბობენ!

...საქართველოს სუპერთასს თავიდანვე "უცნაურობები დაებედა": სულ პირველი გათამაშება იყო (1996 წელს) და ვიდრე მატჩი დაიწყებოდა, სუპერთასზე მონაწილე გუნდებმა (თბილისის "დინამომ" და ბათუმის "დინამომ") პენალტების სერია შეასრულეს! ანუ ამ ექსპერიმენტის არსი ასეთი იყო: თუ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დამთავრდებოდა, გუნდები ორ თხუთმეტწუთიან დამატებით ტაიმს აღარ ითამაშებდნენ და პრიზიც იმას დარჩებოდა, ვინც მატჩისწინა პენალტების სერიაში იმარჯვებდა!

საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს ასრულება არ ეწერა: თბილისის "დინამო", მართალია, დამარცხდა მატჩისწინა პენალტების სერიაში, მაგრამ ძირითად დროში უპრობლემოდ (4:0) შეძლო იმ დროისათვის თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქის, ბათუმის "დინამოს" დამარცხება!

საქართველოს სუპერთასის კიდევ ერთ უცნაურობად ის ფაქტიც შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ერთ წელიწადში (კონკრეტულად, შარშან) საქართველოს სუპერთასი ორჯერ გათამაშდა! ჯერ იყო და, 22 თებერვალს (მორიგი "ორიგინალური" თარიღი) წინა წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი არკვევდნენ ურთიერთობას, 22 დეკემბერს კი უკვე 2013 წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი!

აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ერთი და იგივე გუნდი სეზონის სამივე ტიტულს ეუფლებოდა: 1996 და 1997 წლებში თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო, თასიც და სუპერთასიც; მესამე "ტრიპლეტის" შანსი "დინამოს" შარშანაც ჰქონდა, მაგრამ "ჩიხურასთან" დამარცხდა, - ვნახოთ, რა მოხდება დღეს...

მწვრთნელები
"ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში პირველი ტიტული სწორედ შარშან, სუპერთასზე გამარჯვებით მოიპოვა; აი, რაც შეეხება მის ახალგაზრდა კოლეგას, კახა გოგიჩაიშვილს დღეს უნიკალური შანსი ეძლევა: "დინამოს" გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება ერთადერთი, ვისაც საქართველოს სუპერთასი ფეხბურთელის რანგშიც ექნება მოგებული და მწვრთნელის რანგშიც!

მსგავსი პატივი საქართველოს სუპერთასის 18-წლიან ისტორიაში არავის ჰქონია: 1997 წელს, სუპერთასის მეორე გათამაშებაში (ქუთაისმა რომ უმასპინძლა) დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილი ბათუმის "დინამო" და იმ მატჩში მეტოქის კარში მეორე გოლი სწორედ კახა გოგიჩაიშვილმა გაიტანა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი დარტყმით.

ფაქტები დღევანდელ მეტოქეებზე
* სუპერთასის გათამაშებაში "დინამო" მეცხრედ მიიღებს მონაწილეობას, "ჩიხურა" - მეორედ;

* "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკო განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს "ჩიხურას" წინააღმდეგ: ამ გუნდის კარში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 13 გოლი აქვს გატანილი.

* დღევანდელი მეტოქეები სულ ახლახან, 7 დეკემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: XXVI ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მატჩში "ჩიხურამ" ივანწმინდაში უმასპინძლა "დინამო თბილისს" და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველად დაამარცხა თავისი ყველაზე უხერხული მეტოქე (1:0).

* "დინამო" და "ჩიხურა" ზედიზედ მეორედ ხვდებიან სუპერთასზე: შარშან გამარჯვება საჩხერელებს დარჩათ.

* "დინამოს" მოქმედი შემადგენლობიდან სუპერთასი მოგებული არც ერთ ფეხბურთელს არა აქვს. ჩისკო, გიორგი გველესიანი და გიორგი პაპავა შარშანდელი ფინალისტები არიან, გიორგი ჯანელიძეს ("ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში) და ირაკლი ძარიას ("ზესტაფონის" შემადგენლობაში) სხვადასხვა დროს (შესაბამისად, 2010 და 2008 წლებში) ასევე სუპერთასის ფინალი აქვთ წაგებული.

* "ჩიხურამ" თავის ისტორიაში პირველი ტიტული შარშან მოიპოვა, როცა 22 დეკემბერს დიმიტრი ტატანაშვილის ერთადერთი გოლით სუპერთასზე "დინამო თბილისს" მოუგო. ბესიკ დეკანოიძემ, ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ქიმაძემ თავიანთთვის პირველივე სუპერთასზე გაიმარჯვეს, ლაშა ჭელიძემ კი - მეორე ცდაზე; აღსანიშნავია, რომ ლაშა ჭელიძე სუპერთასზე 7-წლიანი პაუზის მერე მონაწილეობდა.

სუპერთასზე მეორედ გაიმარჯვა შოთა კაშიამ (მესამე ცდიდან), ხოლო დავით ოდიკაძემ - მესამედ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დავით ოდიკაძემ (2005, 2008 წლები) და შოთა კაშიამ (2008 წელი) სუპერთასზე "დინამოსთან" ერთად გაიმარჯვეს.

"ჩიხურას" შემადგენლობაში კიდევ სამი ფეხბურთელია, სუპერთასზე რომ მიუღია მონაწილეობა: 2010 წელს გიორგი კორიფაძე "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში ფინალისტობას დასჯერდა, დენის დობროვოლსკი კი 2011 წელს რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

"ჩიხურას" კიდევ ერთ ახალწვეულ თეიმურაზ ღონღაძეს დღეს შანსი აქვს, რომ მესამედ მოიპოვოს საქართველოს სუპერთასი: 2011 წელს რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში გაიმარჯვა, 2013 წელს კი - "ზესტაფონის".

ფაქტები, მოვლენები
* სუპერთასის გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამოვლენილა, სადაც 4 მატჩი ჩატარდა; "დინამო არენამ" მესამედ უნდა უმასპინძლოს სუპერთასს; ასევე სამჯერ ჩატარებულა სუპერთასის შეხვედრა ბათუმში, ხოლო ქუთაისში, რუსთავსა და გორში - თითოჯერ.

* საქართველოს სუპერთასის წინა ცამეტ გათამაშებაში 12 გუნდი მონაწილეობდა. აბსოლუტური რეკორდსმენი თბილისის "დინამოა" - 8 მონაწილეობა და 5 გამარჯვება; შემდეგ თანმიმდევრობა ასეთია: "ზესტაფონი" - 3(2), ბათუმის "დინამო" - 3(1), ამერი" - 2(2), რუსთავის "მეტალურგი" (იგივე "ოლიმპი") - 2(1), "ვიტ ჯორჯია" - 2(1), "ჩიხურა"- 1(1), "სიონი" - 1(0), თბილისის "ლოკომოტივი" - 1(0), "ტორპედო" - 1(0), "გაგრა" - 1(0), "დილა" - 1(0).

* მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი მატჩი შოთა ჭეიშვილმა (ბათუმის "დინამო") ჩაატარა - 3 (1 გამარჯვება); ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ: გიორგი ჩიხრაძე ("ამერი") - ორივე მოგება, დავით ყიფიანი (თბილისის "დინამო", "ტორპედო"), კახა ცხადაძე (თბილისის "დინამო", "სიონი"), კახა კაჭარავა (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი"), ნოდარ აკობია (თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი") - ოთხივეს თითო-თითო გამარჯვება.

სუპერთასზე ერთხელ გაუყვანიათ გუნდი და გაუმარჯვიათ: მურთაზ ხურცილავას (თბილისის "დინამო"), ოთარ კორღალიძეს (თბილისის "დინამო"), რაინერ ცობელს (თბილისის "დინამო"), გელა გომელაურს ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი ჭიაბრიშვილს ("ზესტაფონი"), თემურ მახარაძესა ("ოლიმპი") და სოსო ფრუიძეს ("ჩიხურა").

ქვემოთ დასახელებულ მწვრთნელებსაც თითოჯერ უასპარეზიათ სუპერთასზე, ოღონდ დამარცხებულან: ანატოლი პისკოვეცს ("ოლიმპი"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), ვალდას ივანაუსკასს ("დილა"), მერაბ კოჭლაშვილს ("ოლიმპი"), ზვიად ჯელაძესა ("გაგრა") და მალხაზ ჟვანიას (თბილისის "დინამო").

როგორც ამჩნევთ, საუკეთესო (თანაც, აბსოლუტური შედეგი) დღესდღეობით აზერბაიჯანული "სიმურგის" თავკაცს, გიორგი ჩიხრაძეს აქვს, რომლის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ამერმა" სუპერთასზე ორჯერ იასპარეზა და ორივეჯერ გაიმარჯვა.

* საქართველოს სუპერთასის წინა 13 გათამაშებაში 23 ლეგიონერს უასპარეზია: ჩასემს, ევოჩეს, ჯუისს (სამივე - კამერუნი), რამონს, ლეონარდოს, ნათან ჟუნიორს (სამივე - ბრაზილია), აკუასაგას, ოვონოს, აკირემის (სამივე - გაბონი), ოვონიკოკოს, ჯერემიას (ორივე - ნიგერია), ბოტი გოას, ვუოს (ორივე - კოტ დ'ივუარი), ორიოლ ლოსანოს, ჩისკოს (ორივე - ესპანეთი), ედნილსონს (პორტუგალია/გვინეა-ბისაუ), კრშკოს (სლოვაკეთი), სპასოევიჩს (ჩერნოგორია), ინომოვს (უზბეკეთი), პეტკოვს (ბულგარეთი), იელიჩს (სერბეთი), გოგას (რუმინეთი), გლიშიჩს (მაკედონია).

* არბიტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ლაშა სილაგავას აქვს, რომელსაც სუპერთასზე სამჯერ უმსაჯია (2009, 2010 და 2013 წლებში); ორ-ორჯერ იმსაჯეს: ლევან ფანიაშვილმა და გიორგი ვადაჭკორიამ; თითო-თითოჯერ: ელგუჯა სილაგავამ, პაატა დოგრაშვილმა, თამაზ ლაცაბიძემ, კახა მესხმა, დავით ხარიტონაშვილმა, გიორგი კიკაჩეიშვილმა.

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა: რიგით XI გათამაშებაში, 2013 წლის 22 თებერვალს რომ ჩატარდა, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" პენალტების სერიაში 4:2 მოუგო ვალდას ივანაუსკასის დამოძღვრილ "დილას".

აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბში "დინამოს" დღევანდელი თავკაცი, კახა გოგიჩაიშვილი მუშაობდა.

2009 წლის 17 დეკემბერს, რუსთავის "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩატარდა და რიგით IX გათამაშებაში თბილისის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" პაექრობამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა; აი, დამატებითი დროის მიწურულს კი "ვეტერინარებმა" გამარჯვების გოლი გაიტანეს და კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს სუპერთასს.

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი დღესდღეობით "სამტრედიაში" მოასპარეზე გრიგოლ დოლიძე გახლავთ: "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა სუპერთასზე და 4 გოლი გაიტანა; ამას გარდა, დოლიძე ერთადერთი ფეხბურთელია, საქართველოს სუპერთასზე ჰეთ-თრიკი ვინც შეასრულა: 2007 წლის 9 დეკემბერს, გორში, თოვლიან ამინდში, "ამერმა" დიდი ანგარიშით (4:1) მოუგო "ოლიმპს" და თბილისელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმაც ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა რუსთაველთა გუნდის კარში.

აღსანიშნავია, რომ ჰეთ-თრიკის არ იყოს, დუბლიც მხოლოდ ერთხელ არის შესრულებული: სულ პირველ გათამაშებაში (1996 წლის 28 ივლისს რომ ჩატარდა), თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა დავით ყიზილაშვილმა ბათუმის "დინამოს" კარში 2 გოლი გაიტანა.

* საქართველოს სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ - 5 გამარჯვება (სამჯერ - თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის"); სამ-სამჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი გიორგი დავითნიძეს (თბილისის "დინამო" - 1, "ამერი" - 2), დავით ბოლქვაძეს ("ამერი" - 2, "ოლიმპი"- 1), შოთა ბაბუნაშვილს ("ზესტაფონი"- 2, თბილისის "დინამო" - 1) და დავით ოდიკაძეს (თბილისის "დინამო" - 2, "ჩიხურა" - 1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული