ჩისკო: ძალიან მწყდება გული, ეს ურთიერთობები დამაკლდება

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" სუპერთასის მატჩი დაიწყება. მაყურებელს ბილეთის საფასურის გადახდა არ მოუწევს - შესვლა უფასოა. თანხას სუპერთასის გამარჯვებულიც ვერ მიიღებს: ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ფინანსურად რომ დაეხმარა, სუპერთასისთვის სახსრები აღარ დარჩენილა...

საქართველოს სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელებმა - კახი გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მას თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც ესწრებოდა, რომელმაც, შესაძლოა, კარიერა სამოყვარულო დონეზე გააგრძელოს.

პრესკონფერენციის შემდეგ მეტოქე მწვრთნელებმა ესპანელს მადლობა გადაუხადეს და გულშემატკივრებს მოუწოდეს, მივიდნენ სტადიონზე.

Sportall.Ge

ჩისკო: "6
წელია, "დინამოს" სუპერთასი არ მოუგია და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მეოთხე სეზონია, "დინამოში" ვარ, ბოლო მატჩს ვატარებ და ვეცდები, ეს საუკეთესოდ გამომივიდეს.

ამ პერიოდში საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე და დიდი სიყვარული ვიგრძენი. მადლობა "დინამოს" ფანკლუბ "გლადიატორებს". ეს ხალხი მე არასოდეს დამავიწყდება.

წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სიმამრი მყავს ავად და მეუღლესთან ახლოს ყოფნა მსურს. ძალიან მწყდება გული, რადგან ეს ურთიერთობები დამაკლდება.

შესაძლოა, მცირე ხნით, ესპანეთის რომელიმე სამოყვარულო გუნდში ვითამაშო. არ არის გამორიცხული, სამწვრთნელო კურსებიც გავიარო. ჯერ საბოლოოდ არაფერი გადამიწყვეტია.

მიმდინარე სეზონი "დინამოსთვის" რთულია, რადგან ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო. ჩემპიონობისთვის კი მძიმე ბრძოლები გველის, რადგან სხვა გუნდებიც კარგად გამოიყურებიან.

გოგიჩაიშვილი ბევრს შრომობს და საქმეს კარგად უძღვება, მაგრამ დრო სჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული