"საბურთალოს" 2004 წელს დაბადებულთა გუნდი ნალჩიკის ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
"საბურთალოს" 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ნალჩიკში, ალექსანდრ აფშევის ტურნირზე ასპარეზობდა, პირველობა არავის დაუთმო.

სამშობლოში დაბრუნებულ ჩემპიონებს, მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელები - აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია და აკადემიის დირექტორი თემურ შალამბერიძე დახვდნენ.

ტურნირზე 10 გუნდი ასპარეზობდა - საბურთალოელებმა ჯგუფურ ეტაპზე ნალჩიკის "სპარტაკთან", "ასტრახანთან", "იუნოსტთან" და "ზენიტ-ვოლგოგრადთან" იასპარეზეს, მეოთხედფინალში მახაჭკალის "ანჟი" გამოთიშეს ასპარეზობას, ფინალში კი თერთმეტმეტრიანებში მასპინძლებს აჯობეს.

კახა კაშია: "მოხარულები ვართ, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდით. სასიამოვნოა, რომ ასახელეთ საქართველო, "საბურთალო". პირველად არ ხდება, რომ
ჩვენი ასაკობრივი გუნდი ნალჩიკიდან სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება, ხსენებულ ტურნირზე წარმატებას გასულ წელსაც მივაღწიეთ. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას, იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევთ".

თემურ შალამბერიძე: "გილოცავთ ტურნირში დამსახურებულ გამარჯვებას, მოგება ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა. ჩვენც, ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობთ თქვენით. თუმცა, უფრო მეტი მუშაობა და შრომაა საჭირო, რათა კიდევ უფრო წარმატებულები იყოთ. ამ მატჩებით ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეთ, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად წაგადგებათ".

გიორგი ღამბაშიძე (მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მსგავს ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მოგვცა. ფეხბურთელებმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინეს, ისევე, როგორც მე. სწორედ ასეთ შეხვედრებში იზრდება გუნდი და პროგრესირებს. რაც უფრო მეტ საერთაშორისო შეხვედრებში ვიასპარეზებთ, მით უფრო მოვუმატებთ.

ნალჩიკში კარგ გუნდებთან მოგვიწია მატჩები - იყო შეხვედრები, სადაც ვაგებდით, თუმცა მოვახერხეთ თამაშებში გარდატეხის შეტანა. იყო მატჩი, სადაც ვიგებდით, მაგრამ ბოლო წუთებზე გავუშვით ბურთი. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, სასიამოვნოა, რომ გამარჯვებულები დავბრუნდით და ვასახელეთ "საბურთალო".

რაც შეეხება ორგანიზებას და დახვედრას, ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული. ნალჩიკელებისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდით. გეტყვით, რომ იქ "საბურთალო" და ქართველები ძალიან უყვართ".

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული