პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ითამაშა

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ გერმანიის ობერლიგაში მოასპარეზე "კარლსრუეს" ქალთა გუნდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თამარ ქველიძე ჩაირიცხა. იგი გუნდს ახლახან შეუერთდა, თუმცა მანამდე სლოვენიურ "კრკასთან" მოქმედი კონტრაქტით ისარგებლა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. ასე რომ, თამარ ქველიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროსარბიელზე იასპარეზა.

თამარმა ფეხბურთის თამაში 12 წლისამ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი "ფოქს კიდსიდან" დაიწყო, შემდეგ კი აზარტში გადაიზარდა და ასე აღმოჩნდა საფეხბურთო გუნდში. "დინამო", "ავაზა", "ბათუმი", "ნორჩი დინამო" - ეს ის გუნდებია, სადაც მას უთამაშია, თუმცა, თამარის თქმით, საქართველოში
ქალთა ფეხბურთი თუ არსებობს, ეს ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

"ლელო" ქველიძეს კარლსრუეში დაუკავშირდა.

- ჩვენთან, საქართველოში, ვერ დაუშვია საზოგადოებას ის, რომ ქალიშვილი ფეხბურთზე ატაროს. მენტალიტეტი განსხვავებულია, პირობები კი არ არსებობს. არ არის სტადიონი, მწვრთნელები და ბურთებიც კი.

- უბურთოდ ფეხბურთის თამაში, ეს ხომ წარმოუდგენელია?
- გჯერათ, რომ საქართველოში სადაც მითამაშია, ხელფასი არსად არ მქონია და ასე იყო ყველა. ახლა უკვე გუნდებიც აღარ არსებობს, ხელფასს ვინ გადაიხდის, ეს მომგებიანი არ არის და არავის სურს, ამაში ფულის ჩადება. სლოვენიაში ვიყავი, ახლახანს, ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგა ვითამაშეთ. როგორც იცით, კონტრაქტი მქონდა "კრკასთან" ერთწლიანი, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ვერ წავედი და კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, გერმანულ კლუბთან მოხდა შეთანხმება, მიუხედავად ამისა, მქონდა კიდევ დრო კონტრაქტით და პოლონეთის საელჩომ ვიზა მომცა, კარგი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია, იქ შესანიშნავი გარემოა. კარგი მოედნები, შედარებაც არ შეიძლება საქართველოსთან, გუნდი უზრუნველგყოფს ტრანსპორტით, საცხოვრებელით, სრული კომფორტია იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო და განვითარდე.

- ბევრჯერ მომისმენია, რომ ქალთა ეროვნულ ნაკრებს ხშირად შეკრებებზე საკვები არ ჰქონიათ, ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ კი განაცხადა, რომ იტყუებოდით...
- ახლა გვახსენდება სიცილით, თორემ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით სამარცხვინო სიტუაციაში. ერთ-ერთ თამაშზე, აღმოჩნდა, რომ ერთ ფორმას მაისური აკლდა, ხოლო მეორესას - შორტი. ერთხელ, აეროპორტში დაგვაგვიანდა მისვლა, თამაშის გამოტოვება გვიწევდა, იმიტომ რომ ბილეთები არ გვქონდა აღებული და უზარმაზარ რიგში შევძვერი, როგორმე ბილეთები ამეღო. აეროპორტში რამდენჯერ ჩაგვიბარებია ფორმა, ვერ გეტყვით.

მალტის ტურნირის წინ, შეკრებაზე გადაგვიყვანეს და ერთ-ერთ ფეხბურთელს ოთახში საკანალიზაციო მილი გაუსკდა, უნდა გენახათ, როგორ ვცდილობდით, მთელი გუნდი ამ მილიდან ამოხეთქილი მასის შეკავებას, საშინელება იყო. დანიაში გვქონდა გასვლა. დანია, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია ევროპაში. 4 დღით ადრე, ეროვნული ნაკრების ბაზაზე - "ბასაზე" შეგვიყვანეს. ცხელი წყალი არ მოდიოდა, ამიტომ ვერ ვვარჯიშობდით. სავარჯიშოდ ვერ მივდიოდით, იმიტომ, რომ ავტობუსს საწვავი არ ჰქონდა. საჭმელი არ იყო, ამიტომ ფულს ვაგროვებდით და ბოსტნეულს ვყიდულობდით.

გვპირდებოდნენ ყოველდღე, რაღაც შეიცვლებოდა, გამოსწორდებოდა, ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ მაინც ერთმაენთს ვაჯერებდით. ეს იმედი გიცრუვდებოდა და ამ პირობებს რომ მივეჩვიეთ, - ეს ყველაზე სამწუხარო.

- პირველი ქართველი ქალი ფეხბურთელი ხარ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ისაპარეზა, მიუხედავად იმისა, რომ შენი გუნდი ჯგუფში ჩარჩა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას შენთვის?
- საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ერთად მოგვიწია გამოსვლამ. სამწუხაროდ, უქულოდ დავასრულეთ გამოსვლა, მაგრამ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართველი ქალი ფეხბურთელისთვის იმას, რომ საქართველოდან მიდიხარ სლოვენიაში და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობ. "რაიო ვალეკანო", "პეამაუნთ იუნაიტედი" და "პერნუ" იყვნენ ჩვენი მეტოქეები და "პეამაუნთთან" დიდი ანგარიშითაც - (7:0) დამარცხდა ჩვენი გუნდი, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, რომ ლიგაზე თამაშის საშუალება მომეცა.

- ამ ცუდმა უკვე ჩაიარა, შეიძლება ითქვას, ახლა შენ "კარლსრუეს" გუნდის წევრი ხარ, როგორ მოახერხე გერმანელებისთვის თავის მოწონება?
- პრობლემა მქონდა ძველ კლუბთან დაკავშირებით, ჩემს პრობლემაზე ვილაპარაკე ჟურნალისტთან და ეს ინტერვიუ ნახეს აგენტებმა. მათი კეთილი ნების საფუძველზე აქ აღმოვჩნდი. მოლაპარაკებები აწარმოეს "კარლსრუესთან" და სინჯებზე ჩამომიყვანეს, სამი ვარჯიშის მერე გადაწყდა, რომ ჩემთან კონტრაქტს გააფორმებდნენ, ყველაფერი მარტივი ჩანდა, შემდეგ ისე მარტივიც არ აღმოჩნდა, ვიზამ დააგვიანა, სეზონის დასაწყისში უკვე კარლსრუეში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი აგენტების დახმარებით, ყველაფერი მოგვარდა. გერმანიაში გადასარევი პირობებია, ხელფასიც არის, ზოგს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები, მაგრამ საფეხბურთო გარემოა და არ მგონია გამიჭირდეს.

- რამდენი ხნით რჩები გერმანიაში?
- " კარლსრუესთან" ერთ-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ბედნიერი ვიქნები, თუკი ეს გაგრძელდება, ან აქვე ან რომელიმე სხვა გერმანულ გუნდთან, ჩემ თავს პირობა დავუდე, რომ საუკეთესო მცველი უნდა გავხდე და ჩემ შანსსა და დროს დაველოდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თამარ ქველიძეს ვულოცავ ჩემპიონთა ლიგაში თამაშს! ქართველ ფეხბურთელ ქალებს დიდი პოტენციალი აქვთ ფეხბურთში. შესაფერის პირობებში წარმატებასაც აღწევენ, როგორც თამარმა დაამტკიცა. ქალთა ფეხბურთი უნდა განვითარდეს საქართველოში, მეტი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან.
უძლევი
04:02 09-10-2011
0
ქალი და ფეხბურთი - ნამდვილი მარაზმია!
Burton
17:57 08-10-2011
1

სიახლეები პოპულარული