ზურაბ პოლოლიკაშვილი: ამიტომაც ჩამოვიყვანეთ ესპანელები

AutoSharing Option
როგორ აფასებს თბილისის "დინამოს" ევროთასებზე გამოსვლას, შეიძლებოდა თუ არა მეტის მიღწევა, რა სარგებლობა მოიტანეს ესპანელმა ლეგიონერებმა, რა მიმართულებით მიდის გუნდი და სხვა მრავალ კითხვას თბილისური კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი პასუხობს.

- დასრულდა ევროეტაპი, "დინამომ" ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მიაღწია, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ გუნდს მეტის მიღწევაც შეეძლო.
- თუ ასე ფიქრობენ, გამოდის,"დინამოსი" სჯერათ და მასში პოტენციალს ხედავენ. თუმცა, აქვე გაგახსენებთ, რომ ამ ეტაპამდე ქართულ კლუბებს დიდი ხანია, არ მიუღწევიათ. მეტიც გვსურდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ალექს გარსია მთავარ მწვრთნელად ივნისის
შუა რიცხვებში დაინიშნა და ნორმალურად გუნდის გაცნობის საშუალება არ ჰქონდა, როდესაც მოლდოვურ "მილსამისთან" შეხვედრა გავმართეთ.

არადა, მან ბევრი ტაქტიკური და მენტალური ცვლილება განახორციელა, რომლისთვისაც მცირე დრო საკმარისი ნამდვილად არ იყო. ასე რომ, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ორი თვის ჩამოყალიბებული გუნდით პლეი ოფში გასვლაც დამაკმაყოფილებელი შედეგია.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მაყურებელი სტადიონზე ევროთამაშების დროს მაინც დაუბრუნდა - აეკ-თან შეხვედრისას 43 ათასი მაყურებელი მოვიდა.

ბოლო წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, ეს მშვენიერი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, ხალხმა გუნდი მაინც აპლოდისმენტებით გააცილა. აქვე ვიტყვი, რომ "დინამოს" ამ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი სწორედ გულშემატკივარმა ითამაშა. თუმცა გული დამწყდა, ორი დღის შემდეგ "ზესტაფონთან" პრინციპულ მატჩზე მხოლოდ 2 ათასამდე მაყურებელი რომ მოვიდა.

- კითხვები გვაქვს ესპანელების ჩამოყვანასთან დაკავშირებით: ხისკო ცნობილი მოთამაშეა, მაგრამ აეკ-თან მატჩი ჩააგდო, იაგუე განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, კოტო უფერულად გამოიყურება, მხოლოდ ალვაროა გამორჩეული.
- ვინც ესპანელების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, ვეტყვი, რომ ნებისმიერ მოთამაშეს კლუბთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდება, მით უფრო, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადის. ორი თვე არც არის, რაც ესპანელები დავიმატეთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ჩამოსვლისას მოთამაშეს ადაპტირების ბარიერის გადალახვა არ სჭირდება, ძალიან სცდება.

ჩემთვის კომპეტენტური მთავარი მწვრთნელის აზრია, ალექს გარსიას ხელში კი "დინამომ" უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე წინა პერიოდებში. ის არის შედეგზე პასუხისმგებელი და კარგად გვესმის, რომ გუნდის ჩამოყალიბება აჩქარებით წარმოუდგენელია.

ვინც ასე არ ფიქრობს, არაკომპეტენტურად მსჯელობს. გარსიას დამსახურებაა, რომ ახლა გუნდის ძირითადში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა, ეს კი "დინამოსაც" ზრდის და თითოეულ მოთამაშესაც.

რაც შეეხება თუნდაც თქვენს ნახსენებ კოტოს, ის არის ესპანელი, იქაური საფეხბურთო განათლება აქვს და გარსიამ იმიტომ ჩამოიყვანა, რომ მწვრთნელის არა მხოლოდ ენას, საფეხბურთო გემოვნებასა და მოთხოვნებსაც იცნობს და ადვილად უგებს. მწვრთნელის დავალების შესასრულებლად კი საჭიროა მისი კარგად ესმოდეთ.

- ხისკომ აეკ-თან მატჩი ჩააგდო. არადა, სწორედ ასეთი შეხვედრებისთვის ჩამოიყვანეთ.
- მატჩამდე არ გვსურდა ლაპარაკი, ახლა კი დასამალი რა არის - ათენურ შეხვედრაში ხისკომ ფეხი იტკინა და მისი თამაში საეჭვო იყო, ტრავმამ კი თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

საერთოდ, არასწორი და უდროო კრიტიკა გუნდს ძალიან არყევს. 12 ოფიციალური მატჩიდან გუნდმა მხოლოდ ორი წააგო, გავიდა ევროპის ლიგის პლეი ოფში და დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერია. ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს ვიხილოთ, საამისოდ ყველა ღონეს ვიხმართ.

- როგორ მიიღეს ქართველებმა ესპანელები, ხომ არ არის გუნდში ქართული და ესპანური დაჯგუფებები? დამეთანხმებით, რომ ლეგიონერებს ხშირად აგრესიულად ხვდებიან, რადგან ადგილობრივებს ადგილს და ბევრ სიკეთეს ართმევენ.
- საბედნიეროდ, მსგავსი რამ ჩვენთან არ მომხდარა. "დინამოში" ახლა მშვენიერი ატმოსფეროა, რაც ჩვენი გუნდის მეპატრონისგან მოდის - რომან ფიფიას უშუალობამ და ფეხბურთელებთან მისმა დამოკიდებულებამ მათაც იგივესკენ უბიძგა, ინტრიგები, ლეგიონერებისა და კონკურენტებისთვის სარმების დადება, უცხო ამბავია.

ჩვენი მწვრთნელის ალექს გარსიას დამსახურებაა, ლეგიონერები და ადგილობრივები რომ დამეგობრდნენ და ერთმანეთს მოედანზეც მშვენივრად უგებენ და მის მიღმაც. ამიტომაც არ არის არანაირი დაჯგუფებები, ლეგიონერები და ქართველები ერთ გუნდს ემსახურებიან და მათ ეს კარგად ესმით. მერწმუნეთ, ასე რომ არ ყოფილიყო, მოედანზეც ვერაფერს მივაღწევდით.

- ცალკე სალაპარაკოა ესპანელების ხელფასები და მხოლოდ მათთვის გადაცემული მანქანები - ასეთ პირობაზე საქართველოში მალხაზ ასათიანსაც დააბრუნებდნენო.
- "დინამოში" რომ მიმიწვია, გუნდის მეპატრონე რომან ფიფიას მოთხოვნა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება და უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერების დაბრუნება იყო. დანიშვნის შემდეგ კაბინეტში რომ შევედი, პირველად სწორედ მალხაზ ასათიანს დავუკავშირდი, მისი ჩამოყვანა ძალიან მსურდა და მშვენიერი პირობებიც შევთავაზეთ, მაგრამ უარი თქვა, საქართველოში არ ჩამოვალო. არადა, ერთი წელია უგუნდოდ არის.

- "დინამოს" ეს შემადგენლობა ერთი სეზონი მაინც გაძლებს?
- "დინამოს" ამოცანა მუდმივი გაძლიერება და პროგრესია, თუმცა მიზანმიმართულად და თანამიმდევრულად. ამიტომ ცვლილების აუცილებლობას სეზონი გამოაჩენს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონობის დაბრუნებაა.

- "დინამო" დატოვეს ჯუისმა, ედნილსონმა, ჰაჯიბულიჩმა, იელიჩმა, მაროვიჩმა.
- თითოეულთან დაკავშირებით სხვადასხვა მდგომარეობა იყო, ზოგიერთს კონტრაქტის თუ იჯარის ვადა დაუსრულდა, ზოგიც მწვრთნელმა გაუშვა.

- "ვოლგას" ქართველების შესახებაც ვთქვათ, ხმები ხოჯავას ჩამოყვანაზე გავრცელდა.
- ხოჯავასთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. აი, გოგუას დამატება კი გვსურდა, მაგრამ ვერ მოხერხდა და ამაზე ლაპარაკი უკვე შეწყდა.

- დიღმის ბაზის განახლება როდის დასრულდება?
- ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული რომან ფიფია და ოქტომბრისთვის ბაზა მზად იქნება. ვფიქრობ, გუნდის საკუთარ სახლში დაბრუნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი გახდება.

- "ვიტ ჯორჯიამ" გუნდებს პროფლიგის ნაცვლად კლუბების ასოციაციის ჩამოყალიბება შესთავაზა. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?
- ევროპის კლუბების ასოციაცია მშვენიერი მაგალითია, რომ კლუბების გაერთიანება საჭირო და აუცილებელიც არის. მცირე ხნის წინათ ჟენევაში ამ ასოციაციის ანსამბლეაზე ვიყავი და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. "ვიტ ჯორჯიამაც" მშვენიერი იდეა წამოაყენა. საჭიროც არის, კლუბებმა ფედერაციას ნოვაციური პროექტები და პრობლემები გავუზიაროთ. ასე რომ, ამ წინადადებაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით დინამოს განვითარება, სწორი გზით მიდის. ამის დასტურია ის ევრო თამაშები, რომელიც დინამომ აჩვენა. ეს სეზონი აუცილებლად ჩემპიონები უნდა გავხდეთ. გაისად, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა მოვხდეთ. ამას თუ მივარწიეთ ეს იქნება უდიდესი წარმატება და მაშინ დადებითად შეფასდება ზურაბ პოლოლიკაშვილის მუშაობა. წარმატებას ვუსურვებ დინამოს.
0

სიახლეები პოპულარული