ლეგიონის უქმეები: გიორგი აბურჯანიას დიდი ნაბიჯი ლა ლიგისკენ

AutoSharing Option
ესპანეთი. სეგუნდა. დიდი ნაბიჯი გადადგა ელიტისკენ გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკმა", რომელმაც სტუმრად კონკურენტი "სარაგოსა" 1:0 დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცლელად ითამაშა კატალონიელთა რიგებში.

გერმანია. II ბუნდესლიგა. პლეი აუთი. გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" ძალიან ახლოსაა გავარდნასთან. გუნდმა პირველი დაპირისპირება წააგო სტუმრად "ვიურცბურგერ კიკერსთან" - 0:2. ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა 75-ე წუთზე (0:1-ზე) გამოცვალა.

რუსეთი. პრემიერლიგა. რუსეთის პირველობა დასრულდა და მოსკოვის "დინამოსთან" ერთად ქართველთა "მორდოვიაც" გავარდა. "მორდოვია" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ლოკომოტივთან". სტუმართა რიგებში "ჩემპიონატმა" მხოლოდ მეკარე ნუკრი რევიშვილი გამოარჩია 7 ბალით. მამუკა კობახიძე სათადარიგო იყო. "ლოკომოტივში" დებიუტი
ჰქონდა 18 წლის გიორგი მახათაძეს, მან ბოლო ორი წუთი ითამაშა.

გიორგი ლორიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა "კრილია სოვეტოვისა" და "ანჟის" მატჩში (0:0).

ცსკა "რუბინთან" საგარეო მატჩში გაჩემპიონდა - 1:0. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (7 ბალი).

ნიკა კაჭარავას (სათადარიგო) "როსტოვმა" სტუმრად 2:0 მოუგო თედო გრიგალაშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "ტერეკს" და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი. სეზონი ისე დასრულდა, რომ არც ერთ და არც მეორე ფეხბურთელს დებიუტის საშუალება არ მიეცა.

ჯანო ანანიძის "სპარტაკი" სტუმრად 1:3 დამარცხდა "უფასთან", რომლის კარსაც 87-ე წუთამდე რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია იცავდა (7 ბალი). ჯანომ შეუცვლელად ითამაშა და ძალზე დაბალი შეფასება მიიღო - 5 ბალი. წაგების მიუხედავად, "სპარტაკი" ევროპალიგაზე ითამაშებს.

I დივიზიონი. ქართველთა "სკა-ენერგიამ" 2:0 დაამარცხა "ლუჩ-ენერგია" და მომდევნო სეზონშიც პირველ დივიზიონში ითამაშებს. გიორგი ნავალოვსკი ბოლო წუთზე შეცვალეს, გიორგი ილურიძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ზურაბ არზიანის (65-ე წუთზე შევიდა) "არმავირმა" "ზენიტის" დუბლშემადგენლობას 2:0 მოუგო. ერთი გოლი რუსეთის მოქალაქე ირაკლი ლოგუამ გაიტანა. "არმავირი" II დივიზიონში დაქვეითდა.

უკრაინა. თასი. ფინალში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" ვერაფერი გააწყო დონეცკის "შახტართან" - 0:2. ლიპარტია თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი არაბიძე "შახტარის" განაცხადში არ ყოფილა.

პოლონეთი. I დივიზიონი. დავით მაკარაძის (არ უთამაშია) "სუვალკიმ" 2:0 დაამარცხა "სანდეცია".

ნორვეგია. გიორგი გოროზიას (სათადარიგო) "სტაბეკი" შინ 0:3 დამარცხდა "ტრომსოსთან".

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძეს თამაშის შანსი არ ეძლევა "ორჰუსში". ქართველის გარეშე მოთამაშე "ორჰუსი" სტუმრად 3:3 დაუზავდა "ნორდსილანდს".

I დივიზიონი. დავით სხირტლაძის (63-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ჰორსენსს" და გაისად სუპერლიგაში ითამაშებს.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (90 წთ) "მიხალოვცემ" 3:0 გაანადგურა "ჟილინა" და 29 ქულით ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. "მიხალოვცე" ელიტაში დარჩა.

ფინეთი. იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ-მს სტუმრად 5:2 მოუგო ტიპს-ს.

ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ-მ სტუმრად დაამარცხა "იარო" - 1:0 და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლუკა ძიძიგურის "კიცბიუელმა" სტუმრად გაანადგურა "რაიხენაუ" - 5:1. ლუკამ მასპინძელთა კარში გოლები 70-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა. 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 11 გოლია.

ბელრუსი. ქართველთა "სლავიამ" 1:0 მოუგო "ნემანს". პაპუნა მოსემღვდლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, იაკობ აფხაზავა კი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

ესტონეთი. თასი. ფინალში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" დამატებით დროში 3:0 დაამარცხა "სილამაე". ჩვენებური 108-ე წუთზე გამოცვალეს, როცა ანგარიში უკვე 3:0 გახდა.

მოლდოვა. ბოლო ტურში გურამ მაღალდაძის (90 წთ) "საქსანი" შინ "დინამო-ავტოსთან" 0:1 დამარცხდა. "საქსანმა" 27 ტურში მხოლოდ 8 ქულა მოაგროვა და გავარდა.

აზერბაიჯანი. ჩვენს სამეზობლოშიც დასრულდა ჩემპიონატი. მართალია, ბოლო ტურში ზაურ სვანაძის "ინტერმა" იმარჯვა, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა. "ინტერმა" და "გაბალამ" 59-59 ქულა დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლით (მეტოქის მოედანზე გატანილი მეტი გოლი) მესამე ადგილი "გაბალას" დარჩა.

"ინტერმა" მეორეადგილოსანი "ზირა" 1:0 დაამარცხა. შეუცვლელად ითამაშეს ლაშა კასრაძემ და ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ლომაია სათადარიგო იყო, ლაშა სალუქვაძე და ზურაბ ხიზანიშვილი კი განაცხადშიც არ ყოფილან.

ჩემპიონმა "ყარაბაღმა" აზალ-ი 3:0 გაანადგურა. წაგებულებში ნუგზარ კვირტიამ 90-ე წუთამდე ითამაშა, სანდრო გურული კი განაცხადში არ ყოფილა. აზალ-მა საბოლოდ, მე-7 ადგილი დაიკავა.

სომხეთი. ჩემპიონატის ბოლო ტურში გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ) "განძასარი" შინ "ბანანცს" დაუზავდა - 0:0. "განძასარი" 45 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა.

ყაზახეთი. გოგიტა გოგუას (68-ე წუთზე შეცვალეს) "ირტიში" შინ "აკზაჟიკს" დაუზავდა - 0:0. კახა ცხადაძის "ქაირათმა" 6:0 გაანადგურა "ოკჟეტპესი" და 20 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული