ლეგიონის უქმეები: 8 ქართული გოლი და კაცი ბუნდესლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ქართული ლეგიონისთვის უქმეებზე 8 გოლი და 3 საგოლე პასი ურიგო შედეგი არ არის. პლუს, მომავალი სეზონიდან ბუნდესლიგაში ჩვენი კაცი გვეყოლება!

საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" გასაჭირშია, მორიგ ტურში ქართველის გუნდმა შინ 2:3 დათმო "მონპელიესთან". ჩვენებურმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ ვერაფრით დაეხმარა გუნდს. "რეიმსის" მდგომარეობა საფრანგეთის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებამ დაამძიმა.

საქმე ისაა, რომ პროფესიული ლიგა და ფედერაცია ვერ მორიგდნენ, რამდენი გუნდი უნდა გავარდნილიყო ლიგიდან - ლიგამ ორი დააკანონა, მაგრამ ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა, რასაც რამდენიმე აპელაცია
მოჰყვა და აი, საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია - ლიგა 1-დან სამი გუნდი ვარდება, ანუ "რეიმსი" გასავარდნ ზონაშია.

ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წ) "ლერბიე" სტუმრად "შამბლისთან" განადგურდა - 0:4.

გერმანია. II ბუნდესლიგა. 22 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი ბუნდესლიგის ფეხბურთელი გახდა! "ფრაიბურგმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "პადერბორნი" და ჩემპიონატის დასრულებამდე მოიპოვა ელიტის საგზური. მართალია, ჩვენებური მხოლოდ სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა, მაგრა, "ფრაიბურგის" წარმატებაში მისი წვლილიცაა - 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

აი, თუკი "დუისბურგი" გადარჩება, განუზომლად დიდი იქნება გიორგი ჭანტურიას წვლილი ამაში. "დუისბურგმა" რაინისპირა დერბიში "დიუსელდორფთან" 90 წუთი ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. მისმა გუნდმა 2:1 იმარჯვა უშუალო კონკურენტთან და გადარჩენის შანსიც რეალური გახდა. "შპორტალმა" ჭანტურიას მატჩში საუკეთესო შეფასება - 2 ბალი დაუწერა.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა "ვერდერის" დუბლებს, რომელმაც სტუმრად დათმო "ოსნაბრუკთან" - 1:3. ჩვენებურმა სასტარტოში ითამაშა და ის 62-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიამ კვლავ გაიტანა "ჟიმნასტიკის" მაისურით. მან "მირანდესთან" თამაშში 49-ე წუთზე გაათანაბრა. საბოლოოდ კი ქართველის გუნდმა 3:2 მოიგო. ჩვენებური გააფრთხილეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. სერია A-ში რომან ჭანტურიას დებიუტს ველოდით, მაგრამ ის "ემპოლისა" და "ბოლონიას" მატჩში (0:0) არ შედგა. ლევან მჭედლიძე დისკვალიფიცირებულია, ხოლო ჭანტურიას სათადარიგოთა სკამი აკმარეს.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (დისკვალიფიკაცია) "ტუტოკუოიომ" შინ 3:0 მოუგო "სიენას".

ინგლისი. ჩემპიონშიპი. 45-ე ტურში "ბრენტფორდმა" 3:0 დაამარცხა "ფულჰემი", აკაკი გოგიამ გამარჯვებულთა რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესმა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო შინ "უტრეხტთან" - 1:3. "ვიტესმა" წააგო, არადა, გურამ კაშიას გოლით 30-ე წუთზე დაწინაურდა. კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. 28 წლის მცველმა სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. ხოლო ვაკომ ჰოლანდიური კლუბის მაისურა მე-100-ედ მოირგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის (64-ე წუთზე შევიდა) "ჟილ ვისენტე" სტუმრად 2:2 დაუზავდა "ავეშს". ხოლო გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 5:0 გაანადგურა "ვიზეუ".

ბელგია. I ლიგა. ლევან შენგელიას (69-ე წუთზე შეცვალეს) "ტუბიცე" შინ 1:2 დამარცხდა "დესელთან".

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძის გარეშე მოთამაშე "რიზემ" 2:0 მოუგო "მერსინს". თორნიკე ოქრიაშვილი ფორმაში შევიდა, "ტრაბზონთან" მან ბევრი იაქტიურა, ერთხელ კი მსაჯმა მის წინააღმდეგ უხეშობისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა. "ესქიშეჰირმა" "ტრაბზონი" 1:0 დაამარცხა და გადარჩენისთვის იბრძვის. ჩვენებური 85-ე წუთზე შეცვალეს, შეცვლა თავად თორნიკემ ითხოვა.

რუსეთი. პრემიერლიგა. მოსკოვის დერბიში ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, ქართველის "სპარტაკმა" 2:0 მოუგო "ლოკომოტივს, ხოლო ჯანო 86-ე წუთზე შეცვალეს. კარგია, რომ ჩვენებურმა სასტარტოში ითამაშა და პირველ გოლში მონაწილეობაც მიიღო, "ჩემპიონატმა" მას 6,5 ბალი დაუწერა. ცუდი კი ის არის, რომ ჯანოს შეცვლა იძულებითი იყო. ანანიძე დაშავდა. ქართველი "სპარტაკის" ექიმმა მატჩის შემდეგ გასინჯა და აღნიშნა, რომ ანანიძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

საბა კვირკველიას "რუბინი" სტუმრად დაუზავდა "უფას" - 1:1. საბამ 90 წუთი ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი მიიღო. მასპინძელთა კარში იდგა რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია.

ქართველთა "მორდოვიამ", რომელიც უსახსრობის გამო გაფიცული იყო, ლიდერ "როსტოვს" 2:1 მოუგო. ნუკრი რევიშვილმა შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა შორის (7 ბალი), მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო, ისევე, როგორც ნიკა კაჭარავა "როსტოვის" რიგებში.

ნაკრების კიდევ ერთმა გოლკიპერმა გიორგი ლორიამ კი კარი მშრალად შეინახა, "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ტერეკს", რომლის განაცხადში თედო გრიგალაშვილი არ ყოფილა. ლორიამ, რევიშვილის დარად, 7 ბალი დაიმსახურა.

I დივიზიონი. გიორგი ნავალოვსკისა (90 წ. გააფრთხილეს) და გიორგი ილურიძის (64-ე წუთზე შევიდა) "სკა-ენერგია" შინ "შინიკს" 2:2 დაუზავდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" "ვოლინს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.

ჯაბა ლიპარტიას (შეუცვლელად ითამაშა) "ზორიამ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ჰოვერლა". ბუბა დაუშვილის (90 წ) "კარპატი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ვორსკლასთან". სანდრო კობახიძის (სათადარიგო) "დნიპრომ" 2:0 მოუგო "სტალს". გიორგი არაბიძემ "შახტარისა" და "დინამოს" დუბლების მატჩში მე-60 წუთამდე ითამაშა, კიეველებმა სტუმრად 4:0 იმარჯვეს და ნაადრევად გახდნენ ჩემპიონები.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ქვედა რვეულში მოასპარეზე "შლიონსკი" კი დამარცხდა, მაგრამ ჩვენებურმა ლაშა დვალმა (90 წ) თავი სეზონში მეორე საგოლე პასით გამოიჩინა - "შლიონსკი" სტუმრად "გორნიკთან" ვერას გახდა - 1:2.

ლადო დვალიშვილმა 2016 წელს პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა, მაგრამ მისმა "პოგონმა" სტუმრად 1:2 წააგო "პიასტთან". ლადომ მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

I ლიგა. დავით მაკარაძის (არ უთამაშია) "სუვალკი" 0:0 დაუზავდა "ლეგნიცას".

დანია. სუპერლიგა. მწვრთნელი კვლავ არ ათამაშებს მათე ვაწაძეს, რომელიც "ორჰუსისა" და "ვიბორგის" თამაშში (1:2) სათადარიგო იყო. "ორჰუსი" ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ გავარდნა არ ემუქრება.

ჩეხეთი. სინოტლიგა. ზურაბ ცისკარიძის (სათადარიგო) "ტეპლიცე" პრაღის "სპარტას" დაუზავდა - 1:1. ლევან ყენიას (68-ე წუთზე შევიდა "სლავია" კი სტუმრად "ბოჰემიანსს" ეთამაშა 0:0.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას (სათადარიგო) "მიხალოვცემ" 2:1 დაამარცხა "სენიცა".

ნორვეგია. გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" ცუდად დაიწყო, ბოლო ტურშიც "სტაბეკი" შინ "ოდთან" 1:2 დამარცხდა, ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ავსტრია. რეგიონალლიგა. ლაშა ძიძიგურმა გაიტანა "კიცბიუელის" შემადგენლობაში, მისმა გუნდმა კი 4:3 მოუგო "ჰარდს".

ფინეთი. იკონენლიგა. ვეტერანმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ II ტურში გაიტანა, მისმა კპვ-მ 3:0 დაამარცხა გრფკ, ჩვენებურმა კი მასპინძელთა მეორე გოლი შეაგდო. გიორგი ოსიტაშვილის (90 წ. გააფრთხილეს) კტპ კი შინ "ოულუს" დაუზავდა - 1:1.

ბელარუსი. ვალერი გვილიას (90 წ) "მინსკმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნემანს". იაკობ აფხაზავასა (სათადარიგო) და პაპუნა მოსემღვდლიშვილის (დისკვალიფიკაცია) "სლავია" შინ 0:4 განადგურდა "ვიტებსკთან".

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (90 წ) "საქსანი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "პეტროკუბთან".

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილმა "პარნუს" კარში გოლი გაიტანა, ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა "ფლორას" რიგებში, რომელმაც 6:0 იმარჯვა.

აზერბაიჯანი. ქართველთა აზალ-მა 1:0 დაამარცხა "ხაზარი", გამარჯვების გოლი კი 54-ე წუთზე ნუგზარ კვირტიამ გაიტანა. მან მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა სანდრო გურულმა - მე-80 წუთამდე.

ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ "სუმგაიტთან" მარცხს 93-ე წუთზე გადაურჩა, როცა ნიკა კვეკვესკირმა პენალტი შეასრულა, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა დამატებაზე იყოჩაღა - 2:2. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც ლაშა კასრაძემ. ზურაბ ხიზანიშვილი სვანაძემ 65-ე წუთზე შეცვალა, გიორგი ლომაია მოედანზე 30-ე წუთზე გამოვიდა, რადგან მანამდე "ინტერს" მეკარე გაუძევეს. ლაშა სალუქვაძე კი სათადარიგო იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სომხეთი. გიორგი ხუბუას (62-ე წუთზე შეცვალეს) "არარატი" სტუმრად 0:0 ეთამაშა "პიუნიკს".

ყაზახეთი. კახა ცხადაძის "ქაირათი" სტუმრად ლიდერ "ასტანასთან" 0:1 დამარცხდა.

გოგიტა გოგუას "ირტიშმა" 3:0 მოუგო სტუმრად "ჟეტისუს" და მეორე ადგილზეა. გოგიტა მე-80 წუთზე შეცვალეს და მან ყვითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ 39-ე წუთზე ანგარიში სწორედ მისი პასის მერე გაიხსნა. 8 ტურში გოგუას 3 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს, ყველაზე მეტი ყაზახეთის ჩემპიონატში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აფეთქდა ტვინი ამ გუნდების სახელებით , სად ნახულობენ ...
emil
11:58 03-05-2016
0
ვოტ ეტა ლეგიოოონ!!! ... ლეგიონა!
შაკო
09:57 03-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული