ქართული ლეგიონი ევროპა ლიგაზე: არველაძისა და სვანაძის გამოცდა

AutoSharing Option
დრეს, 30 ივლისს ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშები გაიმართება. მართალია, ამ ეტაპამდე ქართულ კლუბებს არ მოუღწევიათ, მაგრამ დღეს ქართველ ფეხბურთელებს მაინც ვიხილავთ.

* * *
გათამაშებაში ამ ეტაპიდან ჩაებმება ყაზანის "რუბინი". საბა კვირკველიას გუნდი სტუმრად ავსტრიულ "შტურმს" ხვდება. ქართველს შესანიშნავი შანსი ეძლევა რეაბილიტაციის, რუსეთის პირველობის ბოლო ტურში მას მეტად უიღბლო თამაში ჰქონდა, "ამკართან" ავტოგოლი და წითელი ბარათი "მიითვალა".

* * *
უჩა ლობჟანიძის "ომონია", რომელმაც პირველი ეტაპიდან ბათუმის "დინამო" გამოთიშა, მეორედან კი ნიკა ძალამიძის "იაგელონია", დანიაში ჩადის და "ბრონდბიუს" ხვდება.

* * *
გუშინ შოთა არველაძის ირგვლივ დიდი ხმაური იყო თურქულ მედიაში. ისიც კი დაიწერა, რომ ქართველი სპეციალისტი "ტრაბზონსფორში" დანიშვნიდან ერთი თვის თავზე გადადგა. საბოლოოდ, შოთა ადგილზე დარჩა, თუმცა კლუბში რომ რაღაც ვერ არის წესრიგში, ცხადია.

დღეს "ტრაბზონი" მაკედონიაში "რაბოტნიჩკის" შეებრძოლება. ჯერჯერობით, "ტრაბზონში" არ გადასულა მეკარე გიორგი ლორია.

* * *
ჯაბა ლიპარტიას "ზორია" ბელგიაში "შარლერუას" ესტუმრება. "ზორიაც", როგორც "რუბინი", ამ ეტაპიდან იწყებს ევროასპარეზობას.

* * *
კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელის, ზაურ სვანაძის ამოცანა კი გაცილებით რთულია - ბაქოს "ინტერი", რომელსაც სვანაძე წვრთნის, ბილბაოში "ატლეტიკს" ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაიაა, დაცვაში კი ლაშა კასრაძის და ზურაბ ხიზანიშვილის დუეტი მოქმედებს, ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერად კი ნიკა კვეკვესკირი ჩამოყალიბდა.

აქვე ვიტყვით, რომ თბილისის "დინამოს" მომგები "გაბალა" სტუმრად "აპოლონს" ხვდება.

* * *
დაბოლოს, ყველაზე გვიან თამაშობს არნემის "ვიტესი", რომელიც ასევე ახლა ჩაერთვება ევროთასებზე. "ვიტესი" ინგლისს ეწვია და "საუთჰემპტონს" ეთამაშება. "ვიტესს" გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ეიმედება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული