ლეგიონის უქმეები: მათეს და საბას გოლები, ყენიას პასი, უჩას გადაფურთხება [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის ანგარიშზე ამ უქმეებზე სამი გოლია. გოლები დანიაში, რუსეთსა და შორეულ ფარერებზე გავიდა.

გმირობიდან ანტიგმირობამდე
კვიპროსის პირველობის წინა ტურში უჩა ლობჟანიძემ ბოლო წუთებზე გაიტანა კარიერაში პირველი საკლუბო გოლი ჩემპიონატებში და აეკ-თან მატჩში ქულა გადაურჩინა "ომონიას".

მოკლედ, ის გუნდის გმირი იყო, ახლა კი ლიდერ აპოელ-თან მატჩის 23-ე წუთზე ქართველი მცველი მსაჯმა გააფრთხილა, რასაც პროტესტი და ტრიბუნის მხარეს გადაფურთხება მოჰყვა. ასე დარჩა "ომონია" 10 კაცით.

ეს ყველაფერი 0:0-ზე მოხდა, საბოლოოდ, კი ქართველის გუნდი 2:3 დამარცხდა.

გაძევების გამო ლობჟანიძე მნიშვნელოვან დაპირისპირებას გამოტოვებს
"ანორთოსისთან".

ექვსში ექვსი!
26 წლის მათე ვაწაძე საქართველოს ნაკრების წევრია და ბუნებრივია, მისი წარმატება ორმაგად გვახარებს - მათე დანიის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია 18 გოლით (უახლოეს მდევარს 5 გოლით უსწრებს), ხოლო მისი "ორჰუსი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და ფინიშამდე 6 ტურით ადრე ცალი ფეხით ელიტაშია (უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს).

კვირას "ორჰუსმა" ქვა-ქვაზე არ დატოვა აუტსაიდერ "ბრიონშიოსგან" - 4:0. მათემ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და 90 წუთი მოედანზე გაატარა. ვაწაძემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მისი წარმატების ფონზე, სამწუხაროა, რომ დავით სხირტლაძე მუდმივად "ორჰუსის" სათადარიგოთა სკამზეა, ხოლო დავით დევდარიანმა ვერაფრით მოირჩინა ტრავმა, რომელმაც მას მთელი სეზონი გააცდენინა და კარიერასაც დაემუქრა.

გოლი თითქმის 4 წლის შემდეგ
"ტორპედო"-"რუბინის" მატჩის 23-ე წუთზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა 23 წლის საბა კვირკველიას კარიერაში. სტუმრები უტევდნენ, ნაბიბულინმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, საიდანაც დიდებულად დაარტყა ქართველმა მცველმა და ანგარიშიც გაიხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, ყაზანელებმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნეს (2:2), თუმცა აღსანიშნავი სწორედ ეს გოლია - მეორე კვირკველიას კარიერაში რუსულ პრემიერლიგაში.

პირველი და აქამდე ბოლო გოლი საბას 2011 წლის აგვისტოში ჰქონდა გატანილი "ამკარის" კარში, ანუ თითქმის 4 წლის წინ!

ბოლო ქართული გოლი რუსულ პრემიერლიგაში ჯანო ანანიძემ გაიტანა ჯერ კიდევ "როსტოვში" თამაშისას, 13 თვის წინ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯანომ ისევ დაკარგა "სპარტაკში" ადგილი და მას სათადარიგოთა სკამს არ აცილებენ.

კიდევ ერთი გოლი "მეთევზეთა" ჩემპიონატში
კიდევ ერთი ქართული გოლი შორეულ ფარერებზე გავიდა - მამუკა ტორონჯაძემ "სუდუროის" სტუმრად იფ-თან მოაგებინა - 3:2. ქართველმა 2:2-ზე შეაგდო გამარჯვების გოლი. 28 წლის ნახევარმცველმა უკვე მეოთხედ გაისროლა მეშვიდე მატჩში.

ევროპაში კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა, III ბუნდესლიგაში თავი მე-11-ედ გამოიჩინა "ჰალეშერის" შემტევმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ, მაგრამ გოგია გერმანიის მოქალაქეა.

ყენიას საგოლე პასი
ჩეხეთის ჩემპიონატში თავისი საგოლე პასით გამოირჩა ლევან ყენია. ქართველის "სლავიამ" 2:0 მოუგო "ჩეშსკე ბუდიოვიცეს". პირველ გოლზე ქართველმა ასისტენტობა იკისრა. ლევანმა მარცხნიდან ჩამოაწოდა და მილან შკოდამ თავური დაუხვედრა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანანიძეს 13 თვეა გოლი არ გაუტანიაო?
ანანიძეა თუ ონანიძე?
beso janadze
13:01 04-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული