ორნი იქა, აქა... ანუ შერმადინი - გერმანიაში, ბარათაშვილი - მეიჯორლიგაში

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა შერმადინი (მარცხნივ) და გიორგი ბარათაშვილი
დღეს ორი საინტერესო მოთამაშის საგულისხმო ამბავს მოგითხრობთ. ეს ბიჭები დაახლოებით ერთი ასაკის არიან: პირველი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, მაგრამ ახლა უგუნდოდაა. მეორე კი მასზე მცირე ხნით უფროსია, ისიც ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ გუნდში ვერ მოხვდა. თუმცა ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ლიგის, მეიჯორლიგის გუნდში ჩარიცხვის იმედი გაუჩნდა.

გურამ დოჩანაშვილის რომანის, "ორნი იქა, აქას" მსგავსად, ისტორიას პარალელის რეჟიმში მოგითხრობთ...

ბიჭი მაისურაძის ნაკრებიდან
ნიკა შერმადინის ამბით შემთხვევით არ დავინტერესებულვართ. ეს მეკარე საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული
ნაკრების წევრი გახლდათ. ვასილ მაისურაძის ნაკრებში 2012 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ახლა ის 20 წლისაა და მიუხედავად ზემოთქმულისა, საფეხბურთო კარიერის აწყობა გაუჭირდა.

"ძალიან პატარა ვიყავი, "გაგრის" საფეხბურთო სკოლაში რომ შევედი. მაშინ გუნდს გია გეგუჩაძე ავარჯიშებდა და ბავშვებსაც ყურადღებას გვაქცევდა. იქიდან 15 წლისა რუსთავის "მეტალურგის" განაცხადში მე-3 მეკარედ თორნიკე მაისურაძის დროს მოვხვდი, როცა გუნდი ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა და "რენთან" დამარცხდა.

მაისურაძე ახალგაზრდებს ენდობოდა და ბევრი საინტერესო მოთამაშეც გამოაჩინა. ის რომ გაუშვეს, გუბაზ დოლიძესთან გადავედი. ამ გუნდიდან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გასული მაისურაძის ნაკრებში ბევრი მოთამაშე მოხვდა, მათ შორის, მეც და ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. მაშინ დიდი იმედები მქონდა. მაგრამ გამართლება და ნდობა ბევრს ნიშნავს. მე კი, სადაც მივედი, გამოუცდელობის გამო, უნდობლობის პრობლემა მქონდა", - ამბობს შერმადინი.

მისივე თქმით, ამ მხრივ ის გამონაკლისი არ არის:

"უნდობლობა ჩემი თაობის ბევრ მოთამაშეს აწუხებს. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიყავი თბილისის "დინამოში", "ჩიხურაში", ბოლოს კი, ფორმის შესანარჩუნებლად, პირველი ლიგის "სასკოში" წავედი. ეს გუნდი მძიმე ფინანსურ გასაჭირში იყო, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად მაინც ვთამაშობდი და ფულზე არ ვფიქრობდი.

თუმცა მერე გუნდი დაიშალა და ისევ პირველი ლიგის სტუ-ში მიმიწვიეს. იქ არ მათამაშებდნენ და გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. ახლა ფორმის შესანარჩუნებლად რეგიონული ლიგის "ცხუმში" ვვარჯიშობ.

იმედი არ დამიკარგავს, რომ დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. ყველაფრის სხვაზე გადაბრალება არ მიყვარს და, შესაძლოა, რაღაცებში თავადაც შევცდი. მაგალითად, "დინამოში" დარჩენა შემეძლო, მაგრამ ისეთი კონტრაქტი შემომთავაზეს, დაცინვა იყო და უარი ვთქვი.

ალბათ, იმიტომ არ მენდობიან, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სტაბილურად არსად მითამაშია. ასე კი ძნელია საუკეთესო ფორმის შენარჩუნება. მაგრამ ბევრგან უცნაურ ბარიერს წავაწყდი, ჯერ მიკვირდა, მერე კი რა, დაგიმალოთ, და ცოტა გულიც ამიცრუვდა.

იყო შემთხვევა, თურმე, უმაღლესი ლიგის გუნდში მიმიწვიეს და ეს ამბავი დამიმალეს, რადგან ჩემს ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ".

შერმადინი იმედოვნებს, რომ მალე უცხოეთში წავა:

"ახლახან, "ბორჯომში" კი მიმიწვიეს, მაგრამ სტუ-სთან კონტრაქტი მქონდა გაფორმებული და სეზონში მე-3 გუნდში ჩარიცხვა არ გამოდიოდა. ვფიქრობდი, ღირდა კი კარიერის გაგრძელება. მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია.

არის რაღაც დაპირებები და იმედია, მალე გერმანიაში წავალ და მესამე ბუნდესლიგის გუნდში ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, იქიდან უფრო შევძლებ კარიერის აწყობას, ვიდრე ჩვენთან. სამწუხაროდ, აქ მხოლოდ სპორტული მოტივაცია არ არის საკმარისი".

ზამთარში ცნობილი გახდა, რომ მცირე ხნით ლევან ყენია გერმანიის უგუნდოთა ნაკრებში ვარჯიშობდა, რომელსაც იქაური პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი აფინანსებდა. შერმადინს აზრი ამის თაობაზეც ვკითხეთ:

"ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, მსგავს ნაკრებს არავინ დააფინანსებს. არადა, უგუნდოთა ნაკრები საქართველოში უფრო საჭიროა, ვიდრე გერმანიაში. ჩვენთან ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიკარგა, თუნდაც, ბოლო პერიოდში.

ყველამ იცის, ჩემს თაობაში რას წარმოადგენდნენ გიორგი როსტიაშვილი და ირაკლი მარგიანი. უნიჭიერესი ბიჭები არიან, ირაკლი 17-წლამდელების წევრიც იყო და ახლა ორივემ ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია.

გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატზე მარცხენა მცველი გიგა სამხარაძე რომ გვყავდა? ვინმე იცის მისი ასავალ-დასავალი, ან დაინტერესებულა?

ევროპის ჩემპიონატზე მაისურაძემ ორი მეკარე წაგვიყვანა და ახლა არც ერთი არ ვთამაშობთ. არც ვიცი, ახლა ალეკო ადამია სადაა და ამას ძალიან განვიცდი. ასეთი ნიჭიერი ბიჭის დაკარგვა შეიძლება?

რომ ამბობენ, თაობები არ მოდისო, სისულელეა. უბრალოდ, ასეთ გაუგებარ დამოკიდებულებაში ვერავინ გაიზრდება".

უცნობ ქართველს მეიჯორლიგაში იწვევენ
გიორგი ბარათაშვილი 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი იყო, მაგრამ არ უთამაშია. ახლახან კი ამერიკაში წავიდა და დიდი ალბათობით, მეიჯორლიგის (MLS) კლუბში ჩაირიცხება. 20 წლის ფეხბურთელი თავის ისტორიას გვიყვება.

"კოტე დოლიძესთან ვვარჯიშობდი "ვაკე 91"-ში. მას ბევრი კარგი ფეხბურთელი გაუზრდია. სხვადასხვა პერიოდშ, ჩვენთან ვარჯიშობდნენ გიორგი პაპუნაშვილი, დათო ჯიქია, ლაშა დვალი, გიორგი პაპავა, მერე კი გუბაზ დოლიძესთან გადავედი და კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი ვიყავი.

მითამაშია "დინამოს" აკადემიაში, გუბაზ დოლიძის "ივერიაში", "ლოკომოტივში", "ოლიმპში", "ზესტაფონში"...

მაგრამ ამის შემდეგ ნახევარი წელი არსად ვვარჯიშობდი. ამის მიზეზი ოჯახური ტრაგედია გახდა - შუა ქუჩაში, ჩემს თვალწინ მოკლეს ბებიაჩემი, რომელიც ბიზნესმენი იყო. თვალწინ სულ ეს საშინელება მედგა და ამან ისე ცუდად იმოქმედა, ფეხბურთს გული ვეღარ დავუდე. რამდენიმე თვემ ასე ჩაიარა.

მაგრამ მერე ახლობლებისა და ოჯახის დახმარებით, ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვედი და ვარჯიში განვაახლე. ამაში გურამ ჩომახიძე და თემურ ფოცხვერია დამეხმარნენ. პირველი - ფიზიკურად მამზადებდა და ისეთ კონდიციებში ჩამაყენა, ეს ამერიკაშიც გაუკვირდათ.

ახლახან, "ლელოში" პაპავას ინტერვიუ წავიკითხე (იხილეთ ვრცლად), სადაც ისიც იმავეს ამბობდა და არ გამკვირვებია. ბატონი გურამი პროფესიონალია და სამწუხაროდ, სათანადოდ არ აფასებენ. ერთი ხანობა, მასთანაც კი ვცხოვრობდი.

ფოცხვერია ინდივიდუალურად მავარჯიშებდა და აშკარად ვგრძნობდი, რომ ძალიან შევიცვალე. ამის შემდეგ, თებერვალში, მამაჩემმა ამერიკაში წამიყვანა", - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

საუბრის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ გიორგი ჩვენი კოლეგის შვილია - ბესო ბარათაშვილი სპორტულ ჟურნალისტიკაში წლების წინათ მოღვაწეობდა და ნიჭიერი ჟურნალისტიც გახლდათ. მაგრამ მერე საქმიანობის სფერო შეიცვალა - 10 წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

"ამერიკაში კარგი კავშირები მაქვს და გიორგის ტესტირება პირველი ლიგის "ისტჰემპტონში" დაუნიშნეს, - ამბობს ბესო ბარათაშვილი, - ეს ნიუ იორკთან მდებარე ლონგაილენდის გუნდია და მშვენიერი სავარჯიშო პირობები აქვს. ცხადია, პირველ ლიგაში დიდი დონე არ არის, მაგრამ ტრამპლინად გამოდგება.

ტესტირებამდე, გიორგი ამერიკაში ერთი თვე აკლიმატიზაციას გადიოდა, ვარჯიშობდა და ორი კვირის წინ დუბლებში მივიდა. პირველ ვარჯიშს "ისტჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი და მისი შტაბი დაესწრნენ. მოეწონათ, მეორე ვარჯიშის შემდეგ კი დუბლებში ათამაშეს.

გუნდში ტექნიკური ბიჭები არიან: 3 - ბრაზილიელი, 4 - არგენტინელი და 5 - პერუელი. შემეშინდა, არ დათრგუნვილიყო. მაგრამ პირველი ტაიმი გუნდმა 3:0 მოიგო და სამივე გოლი გიორგის გადაცემით გავიდა.

მწვრთნელმა უთხრა, ახლა დაისვენე, ძირითად გუნდში დაგაყენებო - ეს თამაში ერთ საათში დაიწყო და "ისტჰემპტონმა" 3:1 მოიგო. გიორგი ცენტრალური ნახევარმცველი იყო და პირველ ტაიმში საგოლე გადაცემა გააკეთა. 90-ე წუთზე, როცა თამაში დაიძაბა, მისი წაქცევისთვის პენალტი დანიშნეს, თავად გამოიყენა და გუნდს მოაგებინა".

გიორგი კი ამბობს, რომ მწვრთნელის სიტყვებმა მასზე კარგად იმოქმედა: "ჩვენი მთავარი მწვრთნელი ამერიკაში გაზრდილი მექსიკელი - ჯონ რომეროა. ძირითადში თამაშამდე მითხრა, რაც გინდა გააკეთე, არ შეგზღუდავ, პლუს, "სტანდარტულები" შეასრულეო. მწვრთნელი გამთამაშებელს ამაზე უკეთეს დავალებას ვერ მისცემს.

თავისუფლად ვთამაშობდი. მატჩის შემდეგ კი რომერომ მითხრა, გუნდის მენეჯერს შენი ტანსაცმლისა და ბუცების ზომები ჩააწერინე, გუნდში აყვანილი ხარო".

ფეხბურთელის მამა საინტერესო ამბავს გვიმხელს:

"გიორგი საკუთარ თავზე ვერ ლაპარაკობს. ის "ისტჰემპტონში" დროებითი კონტრაქტით ჩაირიცხა. საქმე ისაა, რომ რომერომ პირადად მითხრა - ბევრი ფეხბურთელი ამიყვანია, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკიდან და ვიცი, ვის რისი პოტენციალი გააჩნია, გიორგი ასე თუ გააგრძელებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებსო.

თავად გვთხოვა, რომ ჯერ "ისტჰემპტონთან" კონტრაქტი არ გაგვეფორმებინა, მეიჯორლიგის გუნდში მოვაწყობო. ფაქტობრივად, ფარული აგენტობა იკისრა. პირველი შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობა ამერიკელმა მენეჯერმაც შემოგვთავაზა.

წინასწარ ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ ზაფხულის სტრანსფერო "ფანჯრის" გახსნას დიდი იმედით ველოდებით, რადგან მეიჯორლიგაში გიორგის ჩარიცხვა რეალური მგონია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰაჰაჰაჰა,რა ბოროტია უცნობი ნაცნობი,როგორ ვერ იღადავეთ ამ გადარეულზე.თან რა შურიანია,როგორ იწყევლება ჰაჰაჰაჰა
fxiiiiiffxxxiiii
18:04 26-04-2015
0
ერტი უცნობოოოოო რომელი ხარ გაამხილე სჰენი სახელი,რა ცჰორტებს აგდებ ამ კომენტარიტ.რატომ ერევი სხვის ცხოვრებასჰი?გულის ამრევია ეს ყველაფერი.სირცხვილი
mmmmmmmmmmmmmm
16:13 26-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული