"საქართველოს ნაკრებში მაშინ დავბრუნდები, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები"

AutoSharing Option
"ჟილ ვისენტეს" ქართველმა ფეხბურთელმა ავთო ებრალიძემ პორტუგალიის სეგუნდადივიზიონის 35-ე ტურში თავი გოლით გამოიჩინა. ებრალიძემ "პორტიმომენენშეს" გაუტანა, რაც მისთვის სეზონში მეორე გოლია, მისმა გუნდმა კი სტუმრად 2:1 გაიმარჯვა.

- [ლეგიონის უქმეები] ებრალიძის გოლი, ბერიძისა და მერებაშვილის პასები [VIDEO]

ებრალიძეს პორტუგალიაში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, შენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვითხარი. ტრავმა სრულად მოირჩინე?
- კი, სრულად მოვირჩინე და თავს კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ტრავმის გამო 6 თვე გამიცდა. აგვისტოში მივიღე დაზიანება და 4 თვე გამოვტოვე.
ამის შემდეგ დავბრუნდი, 4-5 მატჩი ვითამაშე და ისევ ტრავმა... ამჯერად ორთვიანი.

ძალიან მძიმე პერიოდი იყო და გამიჭირდა, ვეცადე, ფორმა სწრაფად დამებრუნებინა. ახლა ყოველ მატჩში ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვუახლოვდები ფორმის პიკს, ფიზიკურადაც კარგად ვარ. ვფიქრობ, ბოლო მატჩშიც გამოჩნდა ეს.

- ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება. კლუბის გამოცვლას ხომ არ გეგმავ?
- ვაპირებ. კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე მეწურება და თავისუფალი აგენტი ვხდები. ცუდია, რომ დიდი დრო გამიცდა, მაგრამ 7 ტური დარჩა და ჩემი მომავალიც ამ მატჩებზეა დამოკიდებული. იმედია, თავს კარგად წარმოვაჩენ და შემოთავაზებებს უკეთესი კლუბებიდან მივიღებ.

- კარიერის გაგრძელება პორტუგალიაში გსურს თუ სხვა ქვეყანაში?
- ამ ეტაპზე კონკრეტული შემოთავაზებები არ მაქვს. ჩემი მიზანი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში უფრო ამბიციური გეგმით გადასვლაა, მაგრამ პორტუგალიაზეც არ ვიტყვი უარს, შემოთავაზებებს გააჩნია. გასულ წლებში როგორც კარგი პორტუგალიური, ისე სხვა ქვეყნების კლუბებიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ პრეზიდენტი არ მიშვებდა.

- კლუბის პრეზიდენტი ახსენე და მასთან, როგორც გვახსოვს, კონფლიქტი გქონდა. შერიგდით?
- პრობლემები ნამდვილად გვქონდა და ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა უკეთეს კლუბებში არ გამიშვა მაშინ, როცა მქონდა ვარიანტები. ნაცვლად ხელის შეწყობისა, ყოველთვის მაბრკოლებდა.

ახლა ბოლო სეზონია, თვენახევარში სეზონი მორჩება და წავალ, რა პრობლემა უნდა იყოს...

- ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების იმედი კვლავ გაქვს?
- ჩემი უპირველესი გეგმა სწორედ ეგაა - ნაკრებში მინდა დავბრუნდე! როცა პრიმეირა ლიგიდან სეგუნდადივიზიონში დავქვეითდით, ზუსტად ვიცოდი, რომ ნაკრებიდან აღარავინ დამაკვირდებოდა. მაგრამ ნაკრებში ვარ ნამყოფი, ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ერთ დღეს იქ აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ მაშინ, როცა "ჟილ ვისენტეზე" უკეთეს კლუბში ვიქნები.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭს ძალიან ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ ჟილვისენტედანაც ნაკრებში მოხვედრა რეალურია (ეს იმ ფონზე როდესაც ნაკრებში ბევრი პრაქტიკის უქონელი მოთამაშე იყრის თავს), მითუმეტეს სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მაღალი დონის გუნდში და უკეთეს ლიგაში ითამაშებს. წარმატებები
dave
15:28 11-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული