მატია კეჟმანი: გახსოვს გოგა, ვან ბომელი რომ გემალებოდა?

AutoSharing Option
გახსოვთ მატია კეჟმანი? ის ორი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია - იუგოსლავიის (1999-2000) და სამგზის ჰოლანდიის (2000-01, 2002-03, 2003-04), ერთხელ ერედივიზიეს (ჰოლანდია) წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (2002-03), არის არა მხოლოდ ჰოლანდიისა და იუგოსლავიის, არამედ, ინგლისის, თურქეთისა და ბელარუსის ჩემპიონი. მან ჰოლანდიაში რეკორდიც დაამყარა - ერთ სეზონში 35 გოლი გაიტანა და ამით რონალდოსაც კი აჯობა (ბრაზილიელმა 34 გაიტანა).

ბელგრადელ ბიჭს ოცნება მაშინ აუხდა, როდესაც "პარტიზანის" თავგამოდებული ფანი საყვარელ კლუბში მოხვდა, მერე კი იყო "პსვ ეინდჰოვენი", "ჩელსი", მადრიდის "ატლეტიკო", "ფენერბაჰჩე", პსჟ, "ზენიტი", "საუთ ჩაინა"
(ჰონ კონგი), ბატე.

2000-2006 წლებში სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებში ჩატარებულ 49 მატჩში 17 გოლი გაიტანა, არის ევრო 2000-ისა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

ცნობილი სერბი ფეხბურთელი საქართველოს მეუღლესთან ერთად ესტუმრა, სადაც მეგობარი მასპინძლობდა - ყოფილი თანაგუნდელი გოგა გახოკიძე, რომელთან ერთადაც 2000-2003 წლებში "ეინდჰოვენში" თამაშობდა. სხვათა შორის, გახოკიძის თქმით, სერბ ვარსკვლავს საქართველო ისე მოეწონა, აქ სახლის ყიდვას აპირებს.

რატომ და რისთვის, რატომ სურს ქართველებთან თანამშრომლობა - ამ და სხვა საინტერესო თემებზე მატიას კეჟმანი ქართველ ჟურნალისტებს გვესაუბრა. ის ძალიან უბრალო და კეთილგანწყობილი ადამიანი აღმოჩნდა და არა ისეთი აგრესიული, როგორიც მოედნიდან გვახსოვდა...

- საქართველოში როგორ აღმოჩნდი?
- დიდი ხანია, რაც გოგას ვიცნობ, ვმეგობრობ და საქართველოში გუდაურში სასრიალოდ ჩამოვედი.

- თხილამურებზე დგომა ასე გიყვარს?
- დიახ, მოყვარული ვარ და თხილამურებზე 5 წლიდან ვდგავარ. აქაურობა მომეწონა და დაუვიწყარი დრო გავატარე.

- მარტო ამისთვის ჩამოხვედი?
- მე და გოგას თანამშრომლობა გვსურს და დავილაპარაკეთ. შესაძლოა, სამომავლოდ რომელიმე გამორჩეული ქართველი ევროპაში წავიყვანოთ.

- გასაგებია, გუდაური რომ მოგეწონა, მაგრამ ძლიერ ევროპულ ლიგაში რომელი ქართველის წაყვანაა პერსპექტიული იდეა?!
- ევროპაში ადრე ბევრი ძლიერი ქართველი იყო და ცნობილ გუნდებშიც თამაშობდნენ. ტალანტები ახლაც არიან და მათი შერჩევა უპერსპექტივო საქმე ნამდვილად არა მეჩვენება.

- რომელ ქართველ ფეხბურთელს აკვირდები?
- გიორგი ქვილითაიას. ის საინტერესო თავდამსხმელია. ამას გარდა, ყურადღებას თბილისის "დინამოს" კიდევ 3 ნიჭიერ მოთამაშეს მივაქცევთ.

- გახოკიძის გარდა რომელიმე ქართველთან გითამაშია?
- სხვასთან არავისთან.

- ფეხბურთის შემდეგ მენეჯერობა მალე დაიწყე?
- სულ რაღაც სამი თვე დავისვენე და უკვე 5 წელია, რაც მენეჯერობას ვეწევი. საკმაოდ კარგი კავშირები მაქვს იტალიაში, ჰოლანდიაში, ისრაელში, ბელგიაში, ჩინეთში.

- თქვენი ტრანსფერებიდან ყველაზე ცნობილი რომელი გარიგებაა?
- სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის "ლაციოში" გადაყვანა. ახლა მისი ფასი 60-70 მილიონის ფარგლებში მერყეობს.

ინტერვიუს არაფორმალურ გარემოში ვიწერდით. კეჟმანმა გახოკიძეს გადაულაპარაკა, რაზეც ორივემ გადაიხარხარა.

გახოკიძე:
- ეს მაგარი გამახსენა. იმ პერიოდში ბომელი "ეინდჰოვენში" თამაშობდა და ვარჯიშის დროს ყელში ბუცი ჩამცხო.

- მერე რა მოხდა?
მატია კეჟმანი:
- რა და ვან ბომელი გოგას ემალებოდა და მე დამსდევდა, უთხარი, არ მომკლასო.

- მოსაკლავად გაეკიდე?!
გახოკიძე (იცინის):
- ყველაფერი კარგად დამთავრდა, 2 თვეში კი "ტვენტეში" გადავედი.

Sportall.Ge
გუდაურში - გოგა გახოკიძისა და მატია კეჟმანის ფეისბუქის გვერდებიდან
- ქართველი ფეხბურთელებისგან გვსმენია, რომ უცხოეთში ყველაზე მეტად ბალკანელებთან მეგობრობენ, განსაკუთრებით - სერბებთან. სამხრეთელებთან თავადაც ასეთი კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- ჰოლანდიელები უფრო ოფიციალურები არიან, ჩვენ კი ერთნაირი გაგვაჩნია მენტალიტეტიც და სარწმუნოებაც.

- პირადად თქვენ ქართველის მსგავსი მენტალიტეტი რომ გაქვთ, ეს ევრო 2000-ზე გამოჩნდა, მოედანზე შესვლიდან 44-ე წამზე რომ გაგაძევეს.
- (იცინის) ეს რეკორდი იყო, ასე სწრაფად მოედნიდან ფეხბურთელი არ გაუძევებიათ. ჩემს გამწარებას წინა პირობა ჰქონდა. ნორვეგიას ვხვდებოდით და მწვრთნელისგან ვიცოდი, რომ ძირითადში უნდა მეთამაშა. მაგრამ 85-ე წუთზე შემიყვანა და აგრესიული ვიყავი.

- სერბებს მსოფლიოს დონის მოთამაშეები ყოველთვის გყავდათ. ასეა ბოლო წლებშიც, მაგრამ სერიოზულ წარმატებებს ვერ აღწევთ.
- მიზეზი მენტალიტეტშია. ერთსულოვანი გუნდი არ გვყავს.

- აბა, ბევრი საერთო გვქონია. 24 მარტს საქართველო-სერბეთის თამაშს დაესწრებით?
- შესაძლოა, ჩამოსვლძა მინდა და ვნახოთ.

- სლავოლიუბ მუსლინის ნაკრებზე რას იტყვით?
- სერბეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ის დანიშნეს. მუსლინის ხელში გუნდი კარგად ათამაშდა.

- გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში და გოლი.-
- სამ შეხვედრას დავასახელებ: პირველი "პარტიზანში" ჩავატარე, სადაც ბოლო წუთზე "ცრვენა ზვეზდას" გავუტანე და 2:1 მოვიგეთ. მეორე ნაკრებში თამაში იყო, სადაც ბოსნიას დაძაბულ შეხვედრაში შევუგდე და დავამარცხეთ. მესამე დაუვიწყარი მატჩი "ეინდჰოვენში" მქონდა. გუნდში ახალი მისული ვიყავი და თამაში არ მიმდიოდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" შევხვდით. ინგლისელებს 3:1 მოვუგეთ და ბოლო მე გავიტანე.

- თქვენს ბიოგრაფიაში წავიკითხე, რომ ბავშვობაში "პარტიზანის" ფანი ყოფილხართ და ხშირად ჩხუბობდით.
- კი, ეს ბავშვური გატაცება იყო. ხულიგანი ვიყავი და მეტოქეების ფანებს ვეჩხუბებოდი. ვოცნებობდი, "პარტიზანში" რომ მეთამაშა.

- ყველაფრის ახსნა შეიძლება, მათ შორის, კარიერის ბოლოს ჰონ კონგში კარგ ანაზღაურებაზე თამაში. მაგრამ ბელარუსში, ბატე-ში როგორ მოხვდი?
- ბელარუსი თავდამსხმელი ვიტალი როდიონოვი ჩემი მეგობარია. მან ბატეს პრეზიდენტი ანატოლი კაპსკი გამაცნო და შევთანხმდით. კარგი ორგანიზაცი ჰქონდათ და გუნდიც მომეწონა, მაგრამ "ჩელსის", "ეინდჰოვენის", პსჟ-ს და "ატლეტიკოს" შემდეგ ეს ყველას გაუკვირდა. ეს დიდი კურიოზი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული