ფუტსალის ლიგა 2016/17: ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო

AutoSharing Option
10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონმა აიღო სტარტი. სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - ხუთი თამაშიდან სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დასრულდა, დაიფიქსირდა ერთი ფრე, ფავორიტებმა კი დაგეგმილი ქულები აიღეს.

პირველი ტურის სასტარტო დაპირისპირება მფკ "აფხაზეთსა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს შორის გაიმართა. მატჩი "შავიზღვისპირელთა" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 6-2 დასრულდა. ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა "აფხაზეთის" შემტევი და გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მელტონ ახალაია.

ასეთივე ანგარიშით, 6-2 იმარჯვა შარშანდელმა ბრინჯაოსპრიზიორმა მფკ "თბილისმა",
რომლის მეტოქეც ჩემპიონატის დებიუტანტი მფკ "მგლები" იყო. შეხვედრის პირველი ტაიმის დასასრული და მეორე ნახევრის სტარტი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა, თუმცა "თბილისელებმა" მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის და გამოცდილების ხარჯზე საბოლოოდ დამაჯერებლად მოუგეს მეტოქეს. განსაკუთრებით გამორჩევის ღირსია "თბილისის" შემტევი "დუეტის", იასონ ხუნდაძის და ნიკოლოზ ღუდუშაურის "სარგებლიანობის კოეფიციენტი" - ხუნდაძის პასით თანაგუნდელებმა სამჯერ იხეირეს, ხოლო ღუდუშაურმა ორ საგოლე გადაცემას ერთი შედეგიანი დარტყმაც დაურთო თან.

დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება შეძლო მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა "სტუ-თელასმა", რომელსაც პირველ ტურში მეტოქედ საკმაოდ სიმპათიური, ბათუმური "დინამო" ერგო. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით, კახა მაისაიათი და დავით ბობოხიძით გაძლიერებულმა "ენერგეტიკოსებმა" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევარში აჭარლებმა სცადეს გაბრძოლება. დუბლით გამოირჩა დავით ნინიძე, თუმცა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა შოთა თოფურიამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 5-2 "თელასის" სასარგებლოდ.

ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება კი მფკ "აგორასა" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე ალეკო ფუტკარაძის შესრულებული ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმა, რომელსაც გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში "სტუდენტებმა" ბრწყინვალედ მოთამაშე გიორგი მამულაძის გოლით დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 1:22 წუთით ადრე წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გია ნიკვაშვილმა საბოლოო და ლოგიკური ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის დაწყების წინ გაიმართა ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომლის დროსაც მონაწილე გუნდებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ.

პირველი ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს მფკ "ტატიშვილი" და "თბილისი ვარიორსი" დაუპირისპირდნენ. "მედიკოსებმა", რომლებიც "თელასთან" ერთად შემადგენლობის მხრივ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად არიან მიჩნეულნი, სადებიუტო შეხვედრა მოულოდნელად დაიწყეს. მიუხედავად მათი არაერთი მცდელობისა, პირველი გოლი მათ კარში გავიდა. ამის შემდეგ კი ყველაფერი კანონზომიერად განვითარდა და ფავორიტმაც სათამაშო დღის ყველაზე პოპულარული ანგარიშით, დაგეგმილი ქულები ჩაიწერა აქტივში - 6-2 "ტატიშვილის" სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ არა 12 (!!!) - ჯერ ძელის და ხარიხის "დახმარება", ანგარიშში სხვაობა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი დაფიქსირებულიყო.

ჩემპიონატის პირველი ჰეთ თრიკით და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა "ტატიშვილის" და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ლუკავა.

10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17. I ტური
აფხაზეთი - იბსუ 6-2 (4-0)
თბილისი - მგლები 6-2 (3-2)
სტუ-თელასი - დინამო (ბთ) 5-2 (4-0)
აგორა - ბსუ 2-2 (1-1)
თბილისი ვარიორსი - ტატიშვილი 2-6 (1-3)

მომდევნო ტური ორ დღეზე გადანაწილდება. 15 ნოემბერს ბათუმში ადგილობრივი "დინამო" "თბილისს" მიიღებს, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ტატიშვილს" უმასპინძლებს. ტურის დარჩენილი შეხვედრები კი ზუსტად ერთ კვირაში, 18 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული