საქართველოს ფუტსალის ნაკრები: ყველა სასურველი ლეგიონერით...

AutoSharing Option
ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ნაკრები შეკრიბა და ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. მისი გაწვრთნილი "ჯვაროსნები" A ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მეტოქეებად ეყოლებათ შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებები. შეგახსენებთ, რომ თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ასათიანმა, რომელსაც არჩილ ბოკერია და ბესიკ არველაძე ეხმარებიან, ნაკრებში ეს ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ჯაბა ჯამბურია (მფკ ტატიშვილი);
მოთამაშეები: დავით ბობოხიძე (თელასი), შოთა თოფურია (თელასი), კახა მაისაია (თელასი), არჩილ სებისკვერაძე (თელასი), ლევან კობაიძე
(მფკ ტატიშვილი), შოთა ჭანუყვაძე (მფკ ტატიშვილი), ზურაბ ლუკავა (მფკ ტატიშვილი), მურთაზ კაკაბაძე (მფკ ტატიშვილი), ირაკლი თოდუა (გომელი, ბელორუსი), გიორგი ნიშნიანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), გიორგი ტიკურიშვილი (ვიტენი, ბელორუსი), რონინიო და სილვა (აელ, კვიპროსი), ნიკოლოზ კურტანიძე (მფკ თსუ).

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ლამის ყველა სასურველი ლეგიონერია: ჩემპიონთა თასის გამარჯვებულის, "ტტგ-იუგრას" კაპიტან ზვიად კუპატაძისა და კვიპროსში მოთამაშე რონინიოს გარდა, ასათიანმა გუნდში მოსკოვის "სპარტაკის" წევრი გიორგი ნიშნიანიძეც მიიწვია.

"გიორგი ნაკრებში ადრე თამაშობდა, მაგრამ მერე პაუზა ჰქონდა. მე რაც დავინიშნე, მას მერე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ მისი ჩამოყვანა ერთხელაც ვერ მოხერხდა, რადგან კლუბი არ უშვებდა", - ამბობს ასათიანი.

მისივე თქმით, გუნდი სრული შემადგენლობით მალე შეიკრიბება:

"ყოველდღე, 18 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში ვვარჯიშობთ, სადაც სათამაშოდ იდეალური პარკეტია. ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად გვეხმარება. დღეს ეროვნული ნაკრების ბაზაზე შევედით და შეკრება დავიწყეთ. ყველა პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ მხოლოდ თამაშზე ვიფიქროთ.

რონინიო 18 იანვარს შემოგვიერთდება, ტიკურიშვილი კი - 21-ში. საქმე ისაა, რომ მისი მდგომარეობა გავითვალისწინე - ბელორუსში თასის თამაში აქვს. მაგრამ ეს პრობლემა არ არის, სრული შემადგენლობით ვიქნებით და იმედია, გულშემატკივარს გავახარებთ კიდეც".

ევრო 2018. I საკვალიფიკაციო ეტაპი. A ჯგუფი
24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული