[დღის თემა] ფორვარდი ნაკრებისთვის - დვალიშვილი ვაისს გოლით დახვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კვლავ ერთ-ერთ პრობლემად რჩება ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის საკითხი. არადა, თუ გამორჩეული ცენტრალური თავდამსხმელი არ გყავს, ისე წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელია...

ამასობაში, ვლადიმირ ვაისმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო და აგერ, ლადო დვალიშვილს ჩააკითხა, ვინც მწვრთნელს პოლონეთში გოლით დახვდა...

...და ამას ვაისი უცქერდა
...მოკლედ, ვლადიმირ ვაისი პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მისი ერთ-ერთი პირველი სამუშაო მივლინება პოლონეთში შედგა.

ამ ქვეყნის ექსტრაკლასაში (უმაღლესი ლიგა) ლადო დვალიშვილი თამაშობს. მისმა "პოგონმა" ბოლო
ტურში გასვლაზე 1:2 წააგო "პიასტთან". "პოგონი" პირველ 8 გუნდში კი მოხვდა, მაგრამ ჩემპიონობის ამბიცია ვერ ექნება. თუმცა მიმდინარე სეზონი ამ გუნდისთვის მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ახლა მეხუთე ადგილზეა და ერთ-ერთ ევროსაგზურს უმიზნებს.

30 წლის ფორვარდმა იმ მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მე-15 წუთზე "პოგონმა" სწორედ დვალიშვილის შესანიშნავი გოლის შემდეგ გაიხარა. და ყოველივე ამას ტრიბუნიდან ვაისი უცქერდა...

Sportall.Ge

მწირი არჩევანი
დვალიშვილის თემას ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი ზოგადად მიმოვიხილოთ ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრებში ფორვარდებთან დაკავშირებითაა შექმნილი.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ამ პოზიციაზე ჩვენი არჩევანი ძალიან შეზღუდულია. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლევან მჭედლიძე, რომელიც იტალიის სერია A-ში თამაშობს და, რა თქმა უნდა, სუსტ და უპერსპექტივო ფეხბურთელს იქ არავინ გააჩერებს, თუმცა მჭედლიძის აქილევსის ქუსლი მოჭარბებული ტრავმებია.

ზოგადადაც, ალბათ, ბევრი ისურვებდა მის თამაშში მეტ სტაბილურობასა და მეტ გოლს. რა თქმა უნდა, მჭედლიძე გამოსადეგი ფორვარდია ეროვნული გუნდისთვის, ოღონდ მას აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური კონკურენტები.

ასეთად ბევრს მათე ვაწაძე ესახება. ეგაა, ახლა ის ძალიან ცოტას თამაშობს "ორჰუსში". დიდი ალბათობით, ვაწაძე ზაფხულში კლუბს შეიცვლის. არავინ იცის, როგორ ფორმაში იქნება ის სექტემბრის დასაწყისისთვის, როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის აღმართს შეუყვება.

ჩემი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ნაკრებში იმ ფორვარდმა ითამაშოს, რომელსაც გოლები სტაბილურად გააქვს, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში. აქ შეფასების ერთადერთი კრიტერიუმია - თავდამსხმელის კონდიციები კონკრეტული მომენტისთვის.

გასაგებია, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე სხვაა და საერთაშორისო მოთხოვნები - კიდევ სულ სხვა, მაგრამ, თუ სხვა საშველი არ იქნა, ალბათ ამ გზით წასვლა აჯობებს. ამასთან, უნდა გაგრძელდეს ფეხბურთელებზე (მათ შორის, თავდამსხმელებზე) დაკვირვება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ...

საქართველოს ჩემპიონატზე ვთქვით და სანაკრებო შანსს, ალბათ, იმსახურებს თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი ქვილითაია, ვინც უგოლოდ თითქმის არ გადის მოედნიდან ჩვენი პირველობის მატჩებში. ის ფაქტი, რომ ვაისმა "დინამოს" ფორვარდი ყაზახეთთან ამასწინანდელი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა (თუმცა არ ათამაშა), ალბათ იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ ქვილითაიაც სათვალავშია და, ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირს მისთვის გარკვეული წონა გააჩნია.

Sportall.Ge

უნდა ვეძებოთ!
...მაგრამ ძიება უნდა გაგრძელდეს და საინტერესო ფეხბურთელს მწვრთნელი შეიძლება საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე მატჩში წააწყდეს.

რამდენიმე დღის წინათ სამტრედიაში გახლდით, სადაც ადგილობრივი გუნდი თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა. პირადად ჩემზე (და არამარტო) ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა სამტრედიელთა ტანმორჩილმა შემტევმა დავით ჯიქიამ.

მართლაც და, აფერუმ გია ცეცაძეს, რომ ეს ბიჭი არ დაუკარგა ქართულ ფეხბურთს. სულო ცოდვილო, არცთუ დიდი ხნის წინათ ჯიქია, ჩემს გონებაში, იმ მოთამაშეებს მივაკუთვნე, თავიანთი დიდი ნიჭი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო რომ გაფლანგეს, მაგრამ... საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა!

ყველას გვახსოვს, როგორ იწყებდა ის. გვახსოვს, ბავშვობაში რომ ვერ აჩერებდნენ... დღეს კი ცეცაძემ "სამტრედიაში" უკვე გააკეთა ერთი ძალიან კარგი საქმე. მან ჩრდილში მყოფი, ბევრისგან დავიწყებული ბიჭები გამოიყვანა სამზეოზე...

ფეხბურთელის კარიერაში ბევრ რამეს ერთი წამი, ერთი შანსი წყვეტს. ვინ იცის, ამ შანსს იქნებ სხვებიც იმსახურებდნენ, თუნდაც - დავით ჯიქია...

ვერც "დილას" შემტევ ოთარ მარცვალაძეს დავივიწყებთ, ლამის მარტო რომ ებრძვის მეტოქეებს თავისი სისწრაფით, გოლის ალღოთი და კლასით...

ეს ფინიში არ უნდა იყოს!..
დავუბრუნდეთ დვალიშვილის თემას. ის ახლა 30 წლისაა. საქართველოს ნაკრებში მან 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. გვახსოვს, ნაკრებში ექტორ კუპერის მწვრთნელობისას დვალიშვილს ხშირად გაჰქონდა გოლები...

მერე დაიწყო უიღბლობის პერიოდი და ამ წერილის ავტორს ეს ფორვარდი არაერთხელ გაუკრიტიკებია კიდეც, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

მსოფლიო ფეხბურთის მდიდარ ისტორიაში არაერთი ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელს გარკვეული ხნით "პაუზა აუღია" და მერე ძველებურად ათამაშებულა. იქნებ ახლა სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე?

ნებისმიერ შემთხვევაში, 30 წელი ფორვარდისთვის არ არის ის ასაკი, რომ ჩამოსაწერი იყოს. როგორც სხვა ფეხბურთელებმა, დვალიშვილმაც უნდა მიიღოს შანსი. სხვა საქმეა, ის ამ შანსს როგორ გამოიყენებს...

დვალიშვილი: ვაისს შევხვდი, ვისაუბრეთ...
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დვალიშვილის თამაშით კმაყოფილი დარჩა. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და როგორც ზემოთ ვთქვით, მშვენიერი გოლითაც გამოირჩა...

"ლელო" მას პოლონეთში დაუკავშირდა და ნაკრების მწვრთნელის ვიზიტზე კომენტარი სთხოვა, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო დვალიშვილმა ბევრი რამის დაკონკრეტება არ ისურვა:

"ვაისის ყურადღებამ ძალიან გამახარა. ვისაუბრეთ... ძალიან გულისხმიერი ადამიანია... რაც შეეხება "პიასტთან" შეხვედრას, არ იყო წასაგები თამაში, უფრო სამართლიანი იქნებოდა ფრე... დარჩენილ სამ ტურში 9 ქულის აღებას ვგეგმავთ და მოდით, ეს 3 ტური რომ ჩაივლის, მერე უფრო დაწვრილებით შევაფასოთ ეს სეზონიცა და ჩემი თამაშიც", - გვითხრა დვალიშვილმა.

მაშ ასე, ჩავთვალოთ, რომ ლადო დვალიშვილმა ნაკრებში დაბრუნების განაცხადი უკვე გააკეთა. ვნახოთ, რა და როგორ იქნება მომავალში...

Sportall.Ge
...ვაისის ევროვოიაჟი კი გრძელდება. ჩვენი ინფორმაციით, ის ევროპაში მოთამაშე კიდევ რამდენიმე ლეგიონერის თამაშს დაესწრება. მალე დაიწყება ავსტრიული შეკრება, გველოდება სამი ძალზე მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩი და სლოვაკ სპეციალისტს ნაკრების ყველა რეალურ თუ პოტენციურ წევრზე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგა საქართველოს უმაღლეს ლიგაზე დაბალი დონეა? :D
გიორგი
20:17 05-05-2016
0
აზერბაიჯანს არ აქ ჩვენზე უკეთესი ჩემპიონატი? სამწუხაროა მაგრამ ასეა
Akaki
18:49 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული