ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?! - გია გეგუჩაძე "ლელოს" სტუმარია

AutoSharing Option
1-ელ აპრილს "ლელოს" რედაქციაში ისეთი სტუმარი გვყავდა, ქართულ ფეხბურთში ჭკუა რომ მოეკითხება და მის აზრსაც სერიოზული ფასი ადევს.

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან არაერთ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ. განსასჯელი კი მართლაც ბევრი დაგროვდა - თუნდაც, საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი, ქართული ფეხბურთის აწმყო თუ მომავალი...

- ბატონო გია, ალბათ, უპრიანი იქნება, ჩვენი საუბარი საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის ანალიზით დავიწყოთ...
- საქართველოს ნაკრების ამ ორ მატჩს დადებითად შევაფასებ, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ეს ორი
შეხვედრა დადებითად შეფასდეს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დღეს, რა რეალობაში ვართ. შეიცვალა მწვრთნელი, გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები და აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს ახალ იმედებს უკავშირდება. ეს ორი თამაში დიდი გზის დასაწყისია და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა საქართველოს ნაკრებისგან შედეგს ვერ მოვითხოვთ. პროცესებს არამც და არამც არ უნდა დავასწროთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ფეხბურთი, რომელიც ყველას გვინდა, რომ ვნახოთ, მაგრამ ეს ხომ გზის დასაწყისია.

- ამ ორ თამაშში არაერთი სიახლე ვნახეთ, მათ შორის, თუნდაც ის, რომ ორი საყრდენი ნახევარმცველიდან ერთი აშკარად შექმნაზე იყო ორიენტირებული...
- რა თქმა უნდა, ცვლილებები იყო. იმისიც მჯერა, რომ ქართულ ფეხბურთში კიდევ არის რესურსი. ახალგაზრდა თაობა მყავს მხედველობაში...

- ცხადია, ახალგაზრდა მომწიფებული უნდა იყოს ნაკრებში სათამაშოდ და როცა ეროვნულ გუნდს ეხება საქმე, სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ჩვენ თვალწინაა ლაშა დვალის მაგალითი. ეს ბიჭები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების დონეზე შეეჩვივნენ გამარჯვებებს და მათთვის წაგებულის ფსიქოლოგია უცხოა...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი მწვრთნელი. ჩვენ მხოლოდ "გარედან" ვიცით ის, რაც ხდება საქართველოს ნაკრებში, მაგრამ, როცა ფეხბურთელი გამოდის და ამბობს, ჩვენი გუნდი დღეს ერთი დიდი ოჯახიაო, ეს უკვე დადებით ტენდენციად მიმაჩნია.

ჩვენ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაფერი დალაგებულია თამაშის მხრივ, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ. დღეს მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენგან ნდობა.

- ფაქტია, ნდობა თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებსაც ჰქონდა თავიდან, მერე შეიცვალა რაღაც...
- დღეს მე, როგორც ფეხბურთის სპეციალისტმა, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, საით მიდის საქართველოს ნაკრები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ვარაუდი გამართლდება და არც იმას, რომ თუ საჭიროებას დავინახავთ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ გავაკრიტიკოთ.

უკვე ვთქვი - არ არსებობს ორი ერთნაირი მწვრთნელი და, შესაძლოა, მე ჩემი აზრი მქონდეს ტაქტიკურ სქემებსა თუ კონკრეტულ პოზიციებზე მოთამაშე ფეხბურთელებზე, თუმცა დღეს ასეთი ზოგადი ტენდენცია იკვეთება. რა იქნება ხვალ, ამას ყველა ერთად ვნახავთ...

ვიცით, რა დღეშიც არის ახლა ქართული ფეხბურთი. ასეთ ვითარებაში ეროვნულ ნაკრებს განსაკუთრებული როლი ეკისრება. მას შეუძლია, ფეხბურთისკენ შემოაბრუნოს ქომაგი, ბიზნესი, სახელმწიფო...

- წეღან თქვით, ორი ერთნაირი მწვრთნელი არ არსებობსო. საინტერესოა, რას ხედავთ ამ ეტაპზე კახა ცხადაძისგან განსხვავებულად?
- მოდი, ნუ დავკონკრეტდებით. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ნაკრების მწვრთნელს რამეს ვკარნახობ...

- მართალია, ქართული ფეხბურთი, ზოგადად, სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ ამას მიზანმიმართულ მხარდაჭერად მაინც ვერ აღვიქვამთ... იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თანხა წყალში იყრება...
- მე სხვანაირად ვხედავ სახელმწიფოს როლს ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. რომ მივცეთ კონკრეტული თანხა ამა თუ იმ კლუბს, ეს მაინც დროებითი ინიექცია იქნება. ტკივილს კი გააყუჩებს, თუმცა დროებითია, ავადმყოფობა კი არ რჩება. დღეს ჩვენ გვაკლია ძირითადი - სისტემური მიდგომა. უნდა გაიწეროს პრიორიტეტები. ქართულ ფეხბურთს დღეს რეფორმები სჭირდება. ფეხბურთი ცალკე ვერ განვითარდება.

ის უნდა ვიგულისხმოთ სპორტთან და შეიძლება, ხელოვნებასთან ერთადაც. რა თქმა უნდა, ჩამოსაყალიბებელია საკანონმდებლო ბაზა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამუშაო ძალიან ბევრია.

- საინტერესოა თქვენი აზრი, რატომ უნდა იყოს ფეხბურთი პრიორიტეტი საქართველოსთვის?
- ქართულ ფეხბურთს სჭირდება განვითარების კონკრეტული გეგმა. პრიორიტეტი კი იმიტომაა, რომ ფეხბურთი ჩვენს გენშია, სისხლშია და დიდი გამარჯვებებიც გვახსოვს.

სამწუხაროდ, ხანდახან ვხედავ შეუთანხმებელ მოქმედებას ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოსა თუ სპორტის სამინისტროს შორის. მესმის, რომ დღეს ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, მაგრამ როდისმე მათი მოგვარება ხომ უნდა დავიწყოთ. თუ არ დავიწყეთ, მაშინ სულ ამ ადგილზე ვიქნებით.

რატომ უნდა იყოს ფეხბურთი პრიორიტეტიო, რომ მკითხეთ, კიდევ ამას გიპასუხებთ - თუნდაც იმიტომ, რომ ფეხბურთს ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს საქართველოში, ამ პირობებშიც კი. თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს სპორტის ამ სახეობას.

- ბატონო გია, საერთოდ, რას ნიშნავს შემტევი ფეხბურთი? როგორ უნდა ვითამაშოთ ის? არის თუ არა დამოკიდებული შემტევი ფეხბურთის თამაში მაინცდამაინც მინდორზე მყოფი თავდამსხმელების რაოდენობაზე?
- საქართველოს ნაკრებში ბევრი რამ იცვლება. სხვა დროს ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს არ არის შემტევი ფეხბურთი, მაგრამ დღეს, როცა თავიდან ვაყალიბებთ ბევრ რამეს, ავანსად უნდა ვთქვათ, რომ მივესალმებით ისეთი ფეხბურთის თამაშის მცდელობას, რომელიც შეიმჩნევა.

რაც შეეხება მინდორზე თავდამსხმელების რაოდენობას, ეს ვერაფრით იქნება იმის განმსაზღვრელი, თამაშობს თუ არა ესა თუ ის გუნდი შემტევ, გნებავთ - სანახაობრივ ფეხბურთს. ყველა ტაქტიკურ სქემას აქვს საკმარისი მოქნილობა საიმისოდ, რომ მეტოქის კართან შეიქმნას მომენტი. თანაც, დღეს ვეღარ ნახავთ გუნდს, რომელიც ერთი ტაქტიკური სქემით თამაშობს და ჩვენც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს რამდენიმე ტაქტიკური სქემა.

ბუნებრივია, გერმანიასთან მატჩში იყო მომენტები, როცა დიდ დროს ვატარებდით დაცვაში. არ გამოგვდიოდა შეტევაში მწყობრად გადასვლა და ხშირად უმისამართოდ ვიგერიებდით ბურთს.

ფეხბურთში ყველაფერს სჭირდება დრო. საქართველოს ამ ნაკრებში ვხედავ პოტენციალს. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ მოწინააღმდეგის შიში. ასეთები არიან, ვთქვათ, ჭანტურია, მჭედლიძე, დვალი, კანკავა... მინდა გამოვარჩიო ჯაბა კანკავას თამაში. ის მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრირებული იყო.

საერთოდ, სამდურავს საქართველოს ნაკრების ვერც ერთ ფეხბურთელზე ვიტყვი.

- როგორ დაახასიათებდით ნაკრების ახალწვეულებს?
- დღევანდელი ბირთვიდან რამდენიმე ფეხბურთელმა ჩემს ხელში გაიარა - ლორია, ყენია, მახარაძე, ნავალოვსკი... მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ მათ თამაშს.

ავიღოთ თუნდაც კახა მახარაძე. გასაგებია, რომ მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ აქ არის ერთი, მეტად საყურადღებო მომენტი - მახარაძე თამაშობს უზბეკეთის ჩემპიონატში, გერმანიის ამ ნაკრების ფეხბურთელები კი კვირაში ორჯერ ატარებენ უპრინციპულეს მატჩებს. იმავე მახარაძეს მას შემდეგ უნდა მოვთხოვოთ ბევრი, როცა ის ბოლომდე გაივლის ადაპტაციას საქართველოს ნაკრებში...

- ერთიცაა: სანაკრებო სპეციფიკა სხვაა, ერთ შეკრებაზე მწვრთნელს სულ სამი-ოთხი დღე აქვს ფეხბურთელებთან სამუშაოდ...
- დიახ, ესაა სანაკრებო სპეციფიკა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიცით ბევრი დიდი საკლუბო მწვრთნელი, რომელთაც სანაკრებო ასპარეზზე შედეგი არ აქვთ.

- ბატონო გია, თქვენ მიერ გაწვრთნილ გუნდებში, პრაქტიკულად, არ გვხვდებოდნენ ლეგიონერები და ვიცით, რომ ეს ჩვენი საფეხბურთო გენის რწმენით იყო გამოწვეული. დრომ ხომ არ შეარყია ეს რწმენა?
- არა, რას ამბობთ?!. რაც შეეხება ლეგიონერების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, მიმაჩნია, რომ უცხოელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩამოიყვანო, თუ ადგილობრივი რესურსი ამოწურულია.

თქვენი კითხვის ძირითად ნაწილს დავუბრუნდები. დღეს ჩვენს ფეხბურთში ბევრი ტალანტია. ამას მოწმობს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები. ეგაა, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარკვეულ მომენტში ექმნებათ პრობლემები. ვერ ხდება მათი ინტეგრაცია დიდ ფეხბურთში. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალი დონეა. ბევრს არ უნდა აქ თამაში და პატარა ასაკიდანვე მიდის საზღვარგარეთ. ჩემთვის მისი მისწრაფება გასაგებია, მაგრამ არის მეორე მომენტი - განა, სახლში რომ მოგეფერება ვინმე, ისე სადმე მოგივლიან და მოგეფერებიან?!

- საინტერესოა, ქართული ფეხბურთის განვითარებას აფერხებს თუ არა დროის პრობლემა? ვგულისხმობთ ექვსთვიან გუნდებს, ამავე ხანგრძლივობის კონტრაქტებს...
- ჩემი აზრი ასეთია: ქართული ფეხბურთი განვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბები კერძო მფლობელთა ხელში გადავლენ. შევხედოთ საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობას. აბა, ნახეთ, რომელი კლუბებიდან იწვევენ ამ ნაკრებებში ფეხბურთელებს? ძირითადად, ესა არის "საბურთალო", "დინამო" და "ლოკომოტივი". რეგიონებიდან თითო-ოროლა თუ გამოერევა. ერთი მხრივ, ეს დამაფიქრებელი და უარყოფითი ტენდენციაა, მეორე მხრივ კი, ეს გუნდები კერძო მფლობელობაში არიან.

- ფაქტია, ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა. თქვენი აზრით, რა უნდა გამოსწორდეს და შეიცვალოს პირველ რიგში?
- პირველ რიგში, უნდა დაიწეროს სპეციალისტებისა და ჟურნალისტების მიერ ზუსტი დასკვნა თემაზე, თუ სად ვართ დღეს. ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი მოთხოვნები არ არის ლოგიკური და ეს სამწუხარო რეალობაა. ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფცია უნდა შემუშავდეს ფინანსისტების, სოციოლოგების, იურისტების მიერ...

უნდა შეიცვალოს ბევრი რამ, მათ შორის, ფეხბურთისადმი მიდგომა სკოლებში, ქუჩაში, კოლეჯებში...

- ქართული ფეხბურთიდან კერძო ინვესტორები ერთმანეთის მიყოლებით გარბიან. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?
- იმიტომ ხდება, რომ მათ არანაირი დაფასება არ უგრძვნიათ და ეს ფაქტია. დღეს ქართულ ფეხბურთში მოგებას ვერ ნახავ. ერთადერთი, რისთვისაც ეს ხალხი მოვიდა ჩვენს საკლუბო ფეხბურთში, ეს არის სწორედ ფეხბურთის სიყვარული და იმის სურვილი, რომ შეექმნათ კონკურენტუნარიანი გუნდები, რომლებიც გარკვეულ წარმატებებს მიაღწევდნენ ევროასპარეზზე.

სამწუხარო რეალობაა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან კარგად აკეთებს საქმეს, დღეს ქართული კლუბის კერძო მფლობელი მხოლოდ იმ თანხის ნახევრის ნახევარს თუ ამოიღებს, რომელიც დახარჯა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს დახარჯულ მილიონებზე. დღეს კერძო ინვესტორი თავიდანვე წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან კლუბი მისგან მუდმივ დოტაციას ითხოვს.

- ვფიქრობთ, არც ბიზნესმენის მიერ კაპიტალის დაგროვება არის დასაძრახი საქმე...
- არ არის, მაგრამ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ეს გამორიცხულია. მითხარით, როგორ უნდა მოხდეს ეს? დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ არის მომგებიანი სფერო.

- თქვენი უმუშევრობა გრძელდება. გია გეგუჩაძე ვერ წარმოგვიდგენია ვერც უამბიციო და ვერც ექვსთვიან გუნდში. როგორ გესახებათ თქვენი სამწვრთნელო მომავალი?
- მინდა მჯეროდეს, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ძალიან მენატრება მინდორზე გასვლა, თუმცა მე არ მინდა სამუშაო სამუშაოსათვის. სადაც ვმუშაობდი, არასოდეს ვყოფილვარ მხოლოდ პირველი გუნდის მწვრთნელი. ვკურირებდი დუბლშემადგენლობას და ყველა ასაკობრივ გუნდს.

- საინტერესოა, "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ თუ შეგეხმიანათ ვინმე?
- არა, არ ყოფილა შემოთავაზება...

- საერთოდ?!
- იყო რამდენიმე აგენტის ზარი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ტკვენ ზმაო არ იციტ და მიტო პიკრობტ მასე ნეტა მარტლა მასე იკოს/ამდენი ცლის განმავლობაში დედა უტირა ზესტაპონელ პატარებს/ამდენ ტაობას მიაპურტხა გაიარა და ცავიდა/მაგარია არა? აბა მივიდეს ცოტა ნაკლებ მაკუტიან გუნდში და დააკენოს კაი გუნდი
giga
20:02 19-04-2015
0
555-ს: შენ დიდი ხანია გაკვირდები,ძირითადად ინტრიგნული და ანტიქართული კომენტარების წერით ხარ დაკავებული. გია გეგუჩაძისნაირი სპეციალისტები და მისნაირი ქართველები ღმერთმა ამრავლოს!
Giorgi
18:45 16-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული