დილა-საბურთალო 0:0 - ვერ გაიტან... ვერ გაგიტანენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე ტურია, "დილა" უგოლო ფრით ამთავრებს საშინაო მატჩებს, ანუ ვერც გააქვს და არც უშვებს. ეს ზედიზედ დასრულებულ ფრეებზე ვამბობთ, თორემ ისე გორელებს სექტემბრის მერე არ გაუტანიათ და სტადიონზე მისული მათი გულშემატკივარი, ამჯერადაც დიდი იმედით რომ ელოდა ნავსიანი პერიოდის გატეხვას, ისევ უკმაყოფილო დაბრუნდა შინ. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბოლოსწინა ტურში 6 გოლის გამტანმა "საბურთალომაც" ვერ აიღო მასპინძელთა კარი. შედეგად, სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი ეს გუნდები ისევ მეზობლებად დარჩნენ.

"დილას" ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. უჩა სოსიაშვილს განსაკუთრებით თავდასხმაში
უჭირს. ამ ამპლუის ფეხბურთელების არყოფნა "საბურთალოსთანაც" ცხადად გამოჩნდა. გამოკვეთილ შემტევად გამწესებულ კონგოელ ლეგიონერ არსი ბიასადილას სტუმარი მცველები ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ.

თუმცა საბურთალოელები არა მხოლოდ მას, მასპინძელთა ყველა ფეხბურთელს, რომელიც ბურთს მიიღებდა, საკმაოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, მარწუხებში აქცევდნენ და ამ გზით შეცდომებსაც აშვებინებდნენ. მათი პრესინგი მთელ მოედანზე ორივე ტაიმში შესამჩნევი იყო, რაც, რასაკვირველია, კარგ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდი შეტევაში კონტრიერიშებს ანიჭებდა უპირატესობას, ოღონდ, გორელების დარად, არც მათი კონტრშეტევები ყოფილა თვალშისაცემად სახიფათო, რაც ხშირად საჯარიმოში ჩაწოდებით მთავრდებოდა, იქ კი მასპინძელი მცველები დომინირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ "დილას" უკანა ხაზი მწყობრში დაბრუნებულმა ლექსო კვახაძემ და საყრდენმა ლუკა რაზმაძემ გააძლიერეს, თუმცა გორელი ფეხბურთელების თითქმის ნახევარი ისევ ლაზარეთშია და ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას, სოსიაშვილს ვარირების საშუალება ნაკლებად აქვს.

შესვენებამდე სტუმრებს ყველაზე კარგი შანსი 26-ე წუთზე შეექმნათ, როცა ცოტნე ნადარაიას ჩაწოდებული სანტიაგო ხარამ კარის სიახლოვიდან მიზანში ვერ გაგზავნა. მასპინძლები კი ლევან ნონიკაშვილის მიერ საშუალო დისტანციიდან დარტყმულზე შეწუხდნენ უფრო მეტად.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან ათიოდ წუთში ორივე მწვრთნელმა განახორციელა ორ-ორი ცვლილება, რაც ჭიაბრიშვილმა შუა ხაზის, ხოლო სოსიაშვილმა შეტევის გასაძლიერებლად გამოიყენა, თუმცა ამ ცვლილებებს თამაშზე თვალშისაცემი ზეგავლენა არ მოუხდენია.

48-ე წუთზე მსაჯმა გორელების საჯარიმო მოედნის შიგნით თავისუფალი დარტყმა დანიშნა, თუმცა სტუმრებმა მეტად სახიფათო "სტანდარტი" ნაყოფიერად ვერ გამოიყენეს. უშედეგოდ მთავრდებოდა გორელთა საგოლე მცდელობებიც. "საბურთალოს" თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა რომ ვერ ხერხდებოდა, გახშირდა პასები უკან და ამით ტემპი უფრო დავარდა.

66-ე წუთზე დავით კაპანაძემ და ალექსანდრე გამცემლიძემ ზედიზედ დაარტყეს მოწინააღმდეგის კარისკენ, მაგრამ მცველებმა ბურთი მეკარემდე არ მიუშვეს. ერთ ეპიზოდში, შეტევაში ჩართული რაზმაძე დაუსხლტათ თბილისელ მცველებს, თუმცა კარიდან ხუთიოდ მეტრში მყოფმა გორელმა თანაგუნდელის ჩაწოდებულს თავი ვეღარ დაუხვედრა.

თავისას ცდილობდა "საბურთალოც". ტაიმის შუაწელში სანტიაგო ხარას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. 73-ე წუთზე კი გიორგი ხარაიშვილის მიერ შესრულებული "სტანდარტული" ხარიხას მცირე მანძილით გადაევლო.

შეხვედრის მიწურულს 3 ქულის მოსაპოვებლად ვა-ბანკზე არცერთი გუნდი არ წასულა, რადგან გატანის სურვილს საკუთარი კარის უსაფრთხოებამ გადასძალა. ამიტომ ციფრებმა, რომელიც გორის სტადიონის ტაბლოზე მატჩის ბოლომდე უცვლელი დარჩა, ზუსტად ასახა მინდორზე განვითარებული მოვლენები.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. წითელი ჯგუფი
05.11. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-საბურთალო 0:0
დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, სალუქვაძე, კვახაძე, რომარიკი, რაზმაძე, სამხარაძე (77. ცაცკრიალაშვილი), წიქარიძე, ნონიკაშვილი (58. ჩახვაშვილი), გამცემლიძე, ბიასადილა (58. კაპანაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, ელიაური, პაპავა
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ტერა (46. ჩაბრაძე), ხარაიშვილი, ვაგნერი (51. კოხრეიძე), სანტიაგო ხარა (76. ბუხაიძე), ფანცულაია.
სათადარიგოები: ქურდაძე, კარასკო, სოფრომაძე, გარსია
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: სამხარაძე (16), რაზმაძე (60), ტერა (14)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული