დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის უჩვეულო ფორმატის გამო ფეხბურთის ფედერაციამ სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა" გახსნა, რომელიც გუშინ გაიხსნა და 28 ოქტომბერს დაიხურება.

ცხადია, ამ შესაძლებლობით ახალი მოთამაშეების დამატების მსურველი გუნდებიც ისარგებლებენ და ის ფეხბურთელებიც, რომლებიც სხვა გუნდებში გადასვლას აპირებენ.

რაც უნდა უცნაური იყოს, ამ პაუზით, შესაძლოა, ყველაზე მეტად არა ქართული ფეხბურთის რომელიმე ლიდერმა, არამედ... მეორე ლიგის "შევარდენი 1906"-მა ისარგებლოს.

საქმე ისაა, რომ 20-წლიანი უქმობის შემდეგ აღდგენილი კლუბი მეორე ლიგის "გ" ზონის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო ტურში "საბურთალო 2"-თან 0:1 წააგო და ქულებით უშუალო კონკურენტი
სოხუმის "ცხუმი" გაუთანაბრდა, ხოლო "რეალ ვარკეთილი" და "საბურთალო 2" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ამან კლუბის ხელმძღვანელობას რადიკალური ნაბიჯის გადადგმა აიძულა და გუნდს ისეთი მოთამაშეები დაამატა, უმაღლესი ლიგის ბევრი ბინადარი ინატრებდა. ეს "შევარდენი 1906"-ის დამფუძნებელმა გეგი კიკაბიძემ გვითხრა.

"მეორე წრე წაუგებლად დავიწყეთ, მაგრამ პირველივე ტურში "საბურთალოსთან" მარცხმა მდგომარეობა შეგვირყია. პირველი ადგილის დაკავება სათუო რომ არ გაგვიხდეს, ამიტომ შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები დაგვჭირდა.

შვიდი მოთამაშე იჯარით გავუშვით, მათ ნაცვლად კი გამოცდილი ფეხბურთელები მოვიწვიეთ - ზოგიერთი ეროვნულ ნაკრებშია ნათამაშები, ზოგიც - ასაკობრივში. მაგალითად, თერჯოლის "საპოვნელადან" თბილისის "დინამოსა" და "ჯვაროსნების" ყოფილი მცველი დავით ოდიკაძე დაგვემატა" - ამბობს კიკაბიძე.

დავით ოდიკაძის გარდა, "შევარდენი 1906"-ში უმაღლეს ლიგაში ნათამაშები კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გადავა - ცენტრალური მცველი, 20 წლის ოთარ კუსიანი, რომელიც "ლოკომოტივის" გაზრდილია და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, ბოლოს კი "ჩიხურასა" და "საპოვნელაში" აგორებდა ბურთს.

თბილისელებმა "საპოვნელადან" მესამე მოთამაშეც დაიმატეს - მარცხენა მცველი, 23 წლის დავით საჯაია, რომელმაც კარიერა რუსთავის "მეტალურგში" დაიწყო, თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა, 2015 წლიდან კი ბოლნისის "სიონსა" და თერჯოლურ კლუბში გამოდიოდა.

ეს ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის ბევრ კლუბს დაეხმარებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებით გასაკვირი გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის ვინაობაა - გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია კერძევაძეც "შევარდენი 1906"-ის ფორმას მოირგებს.

ამ 20 წლის თავდამსხმელს 16, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. იყო რუსთავის "მეტალურგში", "ზესტაფონში", გორის "დილაში", "სამტრედიაში", "შუქურაში"... წლეულს კი პირველი ლიგის "გარდაბანში" გადავიდა, სადაც სულ ორ მატჩში ითამაშა და გუნდი დატოვა.

ისევ კიკაბიძეს მოვუსმინოთ:

"ოდიკაძე გამოცდილი ფეხბურთელია და მისი დიდი იმედი მაქვს. დანარჩენებიც ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ არ გაუმართლათ. მაგალითად, კუსიანი ძალიან კარგი მცველია, საჯაია კი, გელა სანაიასა და ვარლამ კილასონიას დროს, "მეტალურგთან" ერთად უმაღლეს ლიგაში კარგად თამაშობდა.

მიმაჩნია, რომ ჩავარდნის მიუხედავად, კერძევაძესაც დიდი პოტენციალი აქვს. ბევრმა ხელი ჩაიქნია მეკარე ალეკო ადამიაზე, რომელიც ახლახან დავიმატეთ, მაგრამ მიკვირს, ასეთ ნიჭიერ მეკარეს ხაზი როგორ უნდა გადაუსვა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.

მანამდე ჩვენ უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ნიკა მაისურაძე, ბექა მუმლაძე და ლაშა ჭელიძე მოვიწვიეთ. ვფიქრობ, ამით ჩემპიონობისთვის ვდგამთ ნაბიჯს, რადგან წაგების შემდეგ ბეწვის ხიდზე გავლა არ გვსურს. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და ეროვნულ ლიგა 1-ში მოხვედრაა.

შემადგენლობიდან გამომდინარე, ახლა ეს მიზანი რეალური მგონია. "შევარდენი" უძველესი კლუბი და პირველი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეა. ამიტომ ვალდებულები ვართ, მოვღონიერდეთ და ადრე თუ გვიან, უმაღლეს ლიგას დავუბრუნდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ყველაფერმა ნამუსიანად და სამართლიანი თამშის პრინციპით წარიმართლა ვფიქრობ ყველაზე რელური შანსი აქვს ვარკეთილს და რაც მთავარია ამით ქართული ფეხბურთი იხეირებს, გაიხსენეათ შარშან ძალით გადაყვანილი გუნდები გარდაბანი, სულორი და მარკ სტარსი სად არიან და რა მოუტანა ასეთმა ძალით დაწინაურებულმა გუნდებმა ქართულ ფეხბურთს მგონი დროა ამაზე უკვე დაფიქრების!!!
დათო
21:35 27-10-2016
0
უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფავდნენ, ეხლა ამათმაც ვერ გაამართლონ მერე ჩივაძე დაიმატეთ
dodo
21:03 27-10-2016
0

სიახლეები პოპულარული