აქტუალურ თემაზე: სანამ სისხლი არ დაღვრილა...

AutoSharing Option
ეს ვრცელი წერილი ნამდვილად არ დაიწერებოდა, რომ არა საკვირაო მატჩი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის - მატჩი, რომელიც ფეხბურთით კი არა, სხვა რამით დაგვამახსოვრდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივები გუნდის ფანები (გულშემატკივარი ცოტა სხვა სიტყვაა. პირადად მე ის იმდენად მესათუთება, რომ ამ შემთხვევაში მის დაწერას მოვერიდები), ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და რომ არა მრავლად მობილიზებული სამართალდამცავები, არავინ იცის, "დინამო არენაზე" რა მოხდებოდა...

- დინამო (თბ)-ტორპედო 0:0 - არ არის ფეხბურთი, არის ჩხუბი და გინება! [VIDEO]

თამაშამდე კი ძალიან, ძალიან არასასიამოვნო
ინციდენტი მოხდა სტადიონის წინ, წერეთლის გამზირზე - ორივე გუნდის გულშემატკივრებმა სიტყვიერი "თაიგულები" არ დაიშურეს ერთმანეთისთვის.

- "დინამოსა" და "ტორპედოს" ფანებს შორის მატჩამდე დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

იმასაც ამბობენ, სროლის ხმაც გაისმაო, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ეს არ ყოფილა მართალი - გამოუყენებიათ მხოლოდ პიროტექნიკა. არ ყოფილა მართალი, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია ისეთ ზღვარზეა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ.

მავანი გვეტყვის, რომ ეს უცხოეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ალბათ, ნაწილობრივ მართალიც იქნება, მაგრამ არის რამდენიმე განსხვავება: ჯერ ერთი, უცხოეთში ფეხბურთი მაინც არის, ჩვენთან კი მხოლოდ ჩხუბია.

მეორეც: ქართული მენტალიტეტი სხვაა და უცხოური - სულ სხვა. ჩვენთან კაცს რომ დედას შეაგინებ, ის უკვე შენი მტერია, სამუდამო მტერი. ასეთი გინება კვირას მრავლად იყო თამაშის დროს. გაცილებით მრავლად, ვიდრე საფეხბურთო ელემენტებით აღტაცებული გულშემატკივრების შეძახილები.

დიდი, ძალიან დიდი უფსკრულია ამ ხალხს შორის. ამ სიტყვას ნამდვილად არ დავწერდი, მაგრამ რასაც მე კვირას ვუყურე, უკვე სიძულვილიც აღარ არის. ჩვენი, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების სურვილი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულად თუ არა, საფეხბურთო შუღლად მაინც იქცეს.

საქართველოში, შეიძლება, ყოველ მეორე დღეს შეხვდე შენს მოშუღარს. უცხოეთში კი ერთხელ შეხვდები და, დიდი ალბათობით, მეორედ - ვეღარ. ესეც სხვაობაა.

გამოსავალი პირველი
ამ ქვეყანაზე გამოსავალი ყოველთვის არის. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ გადაწყვეტილა ამაზე რთული პრობლემებიც. ქართული ფეხბურთის სათავეებში დღეს ისეთი ხალხია, კომუნიკაციის პრობლემა რომ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ისინიც ფიქრობენ.

მას შემდეგ, რაც "ქართულ კლასიკოდ" წოდებული საკმაოდ არასანახაობრივი მატჩი დასრულდა, განუწყვეტლივ ვფიქრობ მომხდარის გამო. ფაქტია, სიტუაცია სასწრაფოდაა გამოსასწორებელი. და როგორ უნდა მოხერხდეს ეს?

სხვა თავისას იტყვის, მე კი ასეთი აზრი მაქვს: არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული კვალი დაუტოვებია ორივე გუნდის ისტორიაში. თამამად შეგვიძლია, ისინი ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებადაც შევრაცხოთ.

ჩვენ უნდა შევძლოთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ ორივე გუნდის ფანკლუბის მოთავეები. ეს უნდა ითავონ იმ ფეხბურთელებმა, იმ ვარსკვლავებმა, რომლებმაც ბევრი გააკეთეს როგორც "დინამოსთვის", ისე "ტორპედოსთვის".
ეს ისეთი ავტორიტეტული პიროვნებები უნდა იყვნენ, რომელთა სიტყვასაც განსაკუთრებული ფასი ექნება. დასხდება ეს ხალხი, თავისას იტყვის... ბოლოსდაბოლოს, დედას აღარ შეაგინებს ერთმანეთს და ქუჩაში ისე აღარ დაეტაკება ერთურთს, როგორც კორიდაზე ხარი - წითელ მოსასხამს.

ამ პიროვნებების შერჩევა არ არის რთული საქმე. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერევა. სწორედ ფედერაციის ინტერესშია ის, რომ ქვეყნის პირველობისა თუ სათასო მატჩებში რაც შეიძლება ცოტა იყოს ქომაგთა ასეთი საქციელი.

გამოსავალი მეორე
დარწმუნებული ვარ: "დინამო არენაზე" ცოტა მეტი ფეხბურთი რომ ყოფილიყო, ნაკლები აგრესია იქნებოდა გულშემატკივართა მხრიდან. არანაირი სანახაობა - იყო მხოლოდ ბრძოლა, რომელიც მაყურებელს ვერაფრით მიიზიდავს.

მაყურებელი სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მიდის. მიდის ლამაზი გოლების, ფინტების, კარში დარტყმების სანახავად. როცა ესენი არ არის, გასაქანი ეძლევა სხვა ფანტაზიებს. დავამატოთ ამას ისიც, რომ დღეს თითოეული ქართველი უამრავი პრობლემითაა დახუნძლული.

დღეს ხალხი ფეხბურთზე იშვიათად დადის. ვინც დადის, ბევრი მათგანი მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღიური პრობლემები მცირე ხნით მაინც დაივიწყოს. არადა, მიდის სტადიონზე, მაგრამ... ფეხბურთს ვერ ხედავს.

მერე ის ხვდება, რომ სულ რაღაც საათნახევარში ეს ვირტუალური თავშესაფარი დაინგრევა. დაინგრევა და ის ისევ დარჩება თავის პრობლემებთან. სამწუხაროდ, დღეს არნახულად დაცემულია ქართული ფეხბურთის დონე და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ მატჩს არ ეხება. ამ უფეხბურთობაში კაცს ნერვები კიდევ უფრო ეშლება.

ადამიანი სანახაობას ყოველთვის აფასებს. როცა ფეხბურთი ასჯერ წამოგახტუნებს თამაშის განმავლობაში, მაშინ ნამდვილად არ გეცლება ჩხუბისა და მოწინააღმდეგე ქომაგთა შეურაცხყოფისთვის.

გამოსავალი მესამე
დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, მას არაფერი ეშველება, თუ თითოეულმა ჩვენგანმა მეტი არ მოსთხოვა საკუთარ თავს. ეს ეხება ფეხბურთელს, ჟურნალისტს, ქომაგს - ყველას, ვინც დღეს ქართულ ფეხბურთშია.

თუ ჩვენ ცოტა მეტს მოვთხოვთ საკუთარ თავს, არ დავრჩებით ასეთ მდგომარეობაში და ერთმანეთს ასე აღარ გავიმეტებთ (თუნდაც, სიტყვიერად). ის, რაც "დინამო არენაზე" ისმოდა, ვერაფრით გახდება ჩვენი ფეხბურთის პროგრესის საწინდარი.

არადა, რომელ პროგრესზე ვსაუბრობთ, როცა ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრას ათასამდე გულშემატკივარიც კი არ ესწრება და სულ ათამდე ჟურნალისტი აშუქებს. მერე ჩვენ გვინდა, რომ სანაკრებო ასპარეზზე მოვუგოთ სერბეთს, ავსტრიას და მათნაირებს. ფეხბურთში ლოგიკა ყოველთვის ვერ ზეობს, მაგრამ არც იმდენად მეფობს სენსაცია, რომ ეს ხშირად მოხდეს. ამიტომაა, ძალიან ხშირად "ყარაულის თოფის" იმედად რომ ვართ.

მოკლედ , ასეა თუ ისე, ეს ის საკითხია, რომელიც ძალიან დიდ დაკვირვებას და შინაგან კულტურას მოითხოვს თითოეული ჩვენგანის მხრიდან. ვამბობთ, რომ სხვაგანაც არის ეს ფაქტები, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა სულ სხვაა.

სანამ ურემი გადაბრუნდება...
ღმერთმა დაგვიფაროს და, საფრთხე მაინც ძალიან რეალურია. არ გვინდა, ურემი გადაბრუნდეს და გზა მერე გამოჩნდეს. ურემის გადაბრუნებაში კი, ღმერთმა ნუ ქნას, სისხლის დაღვრას ვგულისხმობთ.

აი, ამ შემთვევაში კი მართლაც რთულად იქნება საქმე და ძალიან გაჭირდება, ან პრაქტიკულად შეუძლებელიც გახდება ორი გადამტერებული ბანაკის შერიგება.

უკვე წლებია, ამ ორი გუნდის ფანები "ბეწვის ხიდზე" დადიან. ღმერთის წყალობით, ეს ხიდი დღემდე არ ჩატეხილა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
George

ნიკი მაინც შეიცვალე
დალშე შენნაირ "განათლებულთან" საუბარს აზრი არ აქვს
George
18:22 28-09-2016
0
მორჩი გადაბრალებას. ქუთაისის ჯუნგლების ბრალია ყველაფერი. აი სტადიონზე რომ გამოვარდნენ ქუთაისში და მერე კუდამოძუებული უკან გაიქცნენ, მაშინ რომ გაეგდოთ ტორპედო უმაღლესიდან დღეს მშვიდობა იქნებოდა.
ეგ ჩხუბები ფიფიამდე დაიწყო, დიდი ხნით ადრე. ასე რომ შეეშვი მატყუარობას.
George
09:44 28-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული