ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]

AutoSharing Option
15 სექტემბერს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ საფეხბურთო სამყარო ისევ ააღელვა: ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის დასკვნით, 8 სექტემბერს მარტვილში გამართული პირველი ლიგის IV ტურის მატჩი "მერანსა" და "რუსთავს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, გარიგებული იყო...

სფფ-ის განცხადებაში ეწერა: "უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში მომზადებულ საგანგებო ანგარიშში ხაზგასმულია მასპინძლის მოგებასა და 2,5-ზე მეტ გოლზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების დადება მატჩის მიმდინარეობის არაადეკვატურად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების
ფარგლებში განიხილა საკითხი და სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად გადაწყვიტა: "მერანი"-"რუსთავის" თამაშის ანგარიში გაუქმდა და ორივე გუნდს ჩაეთვალა დამარცხება 0:3; გუნდებს დააკლდათ 6-6 ქულა და 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ".

ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ერთიან ფონდს მიმართა შუამდგომლობით, რომ გამოძიების დასრულებამდე, ამ კლუბებისთვის დაფინანსება შეეჩერებინა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 22 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა - ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა, კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ მედიას ამ მატჩთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციები გაგვაცნეს და, რაც მთავარია, შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალაც გვაჩვენეს. ეს კოლაჟი სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის საფეხბურთო ექსპერტთა ჯგუფმა დაამუშავა და იმ მონაკვეთებს მოიცავდა, რაზეც ამ ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს...

- მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

18-ფურცლიანი რაპორტი
შეხვედრის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა მიხეილ აბაიშვილს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და საქმეზე გადავიდა:

- ამ მატჩიდან 3 დღეში უეფადან მოგვივიდა თამაშის 18-ფურცლიანი რაპორტი, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა ხდებოდა ამ მატჩის განმავლობაში. ჩემდა სამწუხაროდ, საქმე იმ ქალაქის გუნდს ეხება, სადაც კარიერა დავიწყე. ჩემთვის არანაკლებ ძვირფასია მარტვილის "მერანიც". თუმცა აქ მთავარია ქართული ფეხბურთის ინტერესი და სწორედ აქედან გამოვდივარ...

გამიკვირდა, რომ თამაშს არ იღებდნენ "რუსთავის" წარმომადგენლები და როცა ეს ამბავი ცნობილი გახდა და რაპორტი მატჩის ჩანაწერიანად გადავეცით, არ დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ და რას აკეთებდა. ამის ნაცვლად, ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ რაპორტში "რუსთავის" ნაცვლად "ოლიმპი" ეწერა. მაგრამ ეს ტექნიკური დეტალია, რომელიც ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა.

- გადაწყვეტილება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე მიიღეთ? ხომ არ არსებობს პროცედურა, რომლის მიხედვითაც, რაპორტი გარიგებაში ბრალდებულ კლუბებთან ერთად უნდა განგეხილათ?
- სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს გაწვდიან. მატჩის კადრებს ნახავთ და დარწმუნდებით, რომ დისციპლინარებს ეს გადაწყვეტილება ტყუილად არ მიუღიათ. სფფ-ის ევალება, რომ რაპორტი გუნდებს გადასცეს. სხვათა შორის, იქ დაფიქსირებული ერთ-ერთი კონფიდენციალური ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოშიც აღმოჩნდა...

ამბობენ, რაღა ეს თამაში შეარჩიეთ, თაროზე უამრავი თამაშია შემოწყობილიო. საქმეები თავად აქვთ თაროებზე შემოწყობილი, ჩვენ კი წარმომადგენლებს ლამის ყველა თამაშზე ვგზავნით, ვიღებთ ვიდეოზე და თვალებს არ ვხუჭავთ. სულ ამაზე არ იყო ლაპარაკი, ფედერაცია თამაშების ჩაწყობაზე რეაგირებას არ ახდენსო? ახლა ეს გავაკეთეთ და მიმაჩნია, რომ სფფ-ის ასეთი დამოკიდებულება წლების წინათაც რომ ჰქონოდა, ახლა ბევრად უკეთეს დღეში ვიქნებოდით.

გადაწყვეტილება მხოლოდ რაპორტის საფუძველზე არ მიგვიღია. თამაშს სპორტული სამართლიანობის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ და მათ გადაიღეს. საერთოდ, თვალები მეც მაქვს და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. იმასაც ვერავინ შემოგვაპარებს, უბრალო მანქანას წითელი "ლეიკო" რომ ჰქონდა გადაკრული და "სასწრაფო დახმარებად" ასაღებდნენ. ასეთი რამ მცირე ხნის წინ მოხდა...

წლების წინ, მსგავსი რაპორტები მრავლად მოდიოდა და კლუბს მხოლოდ ფინანსურ სანქციებს აკისრებდნენ, თანაც, მხოლოდ მესამე რაპორტის შემდეგ. ამ დროს, ერთ კლუბს მაშინდელი 10 ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. ისე გამოდის, რაპორტში სამჯერ მოხვედრილი გუნდი არც დასჯილა.

სხვათა შორის, ამ მატჩის ერთ-ერთი მონაწილე უეფას რაპორტში შვიდჯერ მოხვდა! ჩვენც ძველებურად თვალის დახუჭვა რომ გავაგრძელოთ, მოგეწონებათ?!

- მთავარია, ის თუ გაიგეთ, ვინ იყო ამ გარიგების შემკვეთი?
- ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცდება, თორემ სწორედ მათი გამოვლენა გვსურს. ახლა კი ის ხალხი აღშფოთდა, ვინც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. ეტყობა, ახლა უშუალოდ შევეხეთ. მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ გარიგებები და ჩაწყობები ქართული ფეხბურთიდან ამოიძირკვება.

თვალები არ უნდა დავხუჭოთ!
გია გორგოძე, ჟურნალისტი:
- მარტო ის ფაქტი, რომ ავსტრალიაში ან აზიაში ჩვენი დაბალი ლიგის მატჩზე მილიონებს დებენ, ყველაფერზე უნდა მეტყველებდეს. ასეთ დროს სიტყვა "საეჭვო" უადგილოდ ჩანს - საეჭვო კი არა, ფაქტია. ჩვენ კი არ უნდა დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, რომ ამით ვინმეს უფლება ირღვევა, არამედ, ნანახზე თვალები არ უნდა დავხუჭოთ და ვთქვათ, რომ ეს სიბინძურეა.

დავით მუჯირი:
- მსგავს საკითხებში ჩვენ და მედია ერთიანები უნდა ვიყოთ. ეს ჩვენ კი არა, ქართულ ფეხბურთს სჭირდება. სხვაგვარად, ამ პრობლემებს ვერ შევეწინააღმდეგებით.

ერთი ამბავი ატყდა, რაპორტების საფუძველზე კლუბი როგორ უნდა დაისაჯოსო?! იურისტებსაც ველაპარაკეთ და სადისციპლინო კომიტეტის დებულებაში უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშებზე პირდაპირ წერია, რომ უეფა ამაზე ეროვნულ ფედერაციას აცნობებს, დარღვევის გაცნობისას კი, "შეიძლება ყოველგვარი გამოძიების შედეგებისა და ფაქტების დადგენის გარეშე დაწესდეს სანქციები - იურიდიული პირების მიმართ გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა (5-დან 15 ათას ლარამდე), გუნდისთვის 1-დან 6 ქულამდე დაკლება, თასიდან დისკვალიფიკაცია".

მოკლედ, პირდაპირ წერია, რომ უეფას რაპორტზე დაყრდნობით კლუბის დასჯის უფლება გვქონდა. სპორტული სამართლიანობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ბზიკაძე უეფაშია მიწვეული და ამ და სხვა დეტალებზე კონსულტაციებს გადის.

სულ იმას ვამბობდით, სფფ-ს ნება არ აქვს, გარიგებებს ებრძოლოსო. ეს გავაკეთეთ და, ჩვენ "ოლიმპი" კი არა, "რუსთავი" ვართო. ეს ტექნიკური და, ამ შემთხვევაში, უმნიშვნელო დეტალია. მთავარია, რაზეა რაპორტში დეტალური ინფორმაცია. სხვათა შორის, მოხსენება 18 ფურცელს მოიცავს, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

- რა თანხა დაიდო ამ შეხვედრაზე?
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

კახა ჭუმბურიძე:
- როცა დისციპლინარების გადაწყვეტილება საჯარო გახდა, ერთი ამბავი ატყდა. მაგრამ ვერავინ ამბობს, სფფ-ის მსგავსი აჟიოტაჟი და რომელიმე კლუბის დასჯა რაში დასჭირდა? ვინმეს ჯინი გვჭირს? ამას ვერავინ იტყვის და მით უფრო, ვერ დაასაბუთებს. მხოლოდ ერთი რამ გვამოძრავებს, რომ გარიგებებს შევეწინააღმდეგოთ, რადგან საქმე ქართული ფეხბურთის მომავალს ეხება.

იმასაც იტყვიან, რომ ფეხბურთელი მოუმზადებელია და ამიტომ არ დარბოდაო. მაგრამ ის, რასაც ნახავთ, შეუძლებელია, ყველას ერთად მოგვეჩვენოს. ამ მატჩის კადრების ნახვის შემდეგ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.

გასაოცარი კადრები
ახლა რაც შეეხება ჟურნალისტთა რეაქციას: შეხვედრამდე მედიის წარმომადგენელთა პოზიცია იყო, რომ სფფ-ის არგუმენტირებული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა.

მაგრამ კადრების ნახვის შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა: "მერანი"-"რუსთავის" მატჩისას დაფიქსირებელი იყო ფეხბურთელების უცნაური უმოქმედობა, როცა მეტოქეს არათუ ხელს არ უშლიდნენ, არამედ, ელემენტარულ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს პირველი ლიგის ლიდერებისა და უშუალო კონკურენტების მატჩი იყო.

მაინც, რა ვნახეთ? ვნახეთ ის, რომ რუსთაველთა მოთამაშემ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან "მერანის" თავდამსხმელს დაუგორა; და როცა მარტვილელები დაწინაურდნენ, მათ თავდამსხმელს კონკურენტთან გოლით გამოწვეული სიხარული არ ეტყობოდა; ნაცვლად იმისა, რომ ნახევარმცველებსა და მცველებს მეტოქის ფეხბურთელები შეევიწროებინათ, გამცილებლების როლს ასრულებდნენ და ზონებს უთავისუფლებენ; რუსთაველები ბოლო წუთებზე მარცხდებოდნენ, მაგრამ წინ წასვლისა და შეტევების ორგანიზების ნაცვლად, ბურთის თამაშში შეტანისას დრო თავად გაჰყავდათ; ჩანდა ნახევარმცველები, რომლებიც მცველის მიერ "ამოტანილ" ბურთს მეტოქეს უთმობდნენ, ბოლო წუთზე მეკარეს ბურთის თამაშში შესაყვანად ორი მცდელობა დასჭირდა და ასე შემდეგ.

მოკლედ, ამ კადრებიდან გამომდინარე, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ძნელია.

და ბოლოს: სფფ-ისა და შსს-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადაეცა. ხოლო სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური აღნიშნული საკითხის გამოძიებას აგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალე კობი,,სწორად იქცევიტ,,მერანის გუნდის უფროსი ბაკურია უნდა მოკვეტოტ ფეხბურტიდან,,ეგ ყველაფრის მკქმნელია
0
არამარტო სანქციები უნდა დაუწესო არამედ ფეხბურთელები უნდა დაიჭირონ, ეს უკვე შსს საქმეა! კობი მიდი ბოლომდე მთავარია სამართლიანად მიუდგე და ყველა დაისაჯოს!
dato
14:36 24-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული