დილა-მერანი 2:0 - მყარად მეორეზე, მყარად ბოლოზე... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დილამ" პირველი წრის ბოლო საშინაო მატჩიც წარმატებით დაასრულა და რადგან "სიონმა" წააგო, გორელები მყარად დამკვიდრდნენ სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე. თამაში წუთიერი დუმილით დაიწყო - ფეხბურთელებმა და მაყურებლებმა პატივი მიაგეს "დილას" ყოფილი მეკარის, დავით მდივანის ხსოვნას...

მასპინძლების ერთადერთი მიზანი, ცხადია, 3 ქულის მოპოვება იყო და უჩა სოსიაშვილმაც შემტევი შემადგენლობა დააყენა - წინა ხაზზე ირაკლი მოდებაძე და ისლამ მაშუკოვი გაამწესა. ეს უკანასკნელი, სეზონის სტარტისგან განსხვავებით, უფრო გაუშინაურდა ძირითად შემადგენლობას და ბოლო ორ ტურში გოლებიც გაჰქონდა...

სტუმრები, რომელთაც სექტემბრის შემდეგ არ მოუგიათ, მოქმედ
ჩემპიონთან უკანმოუხედავად რომ არ შეუტევდნენ, ცხადი იყო. მარტვილელები მთელი ძალებით პიოტრ სევოსტიანენკოს წინ იყვნენ განლაგებულნი. თამაში თავად მეკარემაც შესანიშნავად ჩაატარა - მიუხედავად იმისა, რომ 2 გოლი გაუშვა, მეტოქის არაერთ, თითქმის 100-პროცენტიან შანსს რეალიზაციის საშუალება არ მისცა.

"დილამ" პირველივე წუთებიდან შეუტია. მოდებაძეს დებიუტშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ უკანასკნელ წამს მის დარტყმულს მცველი გადაეფარა. მას მერეც არაერთხელ უნდა ეხეირა, მაგრამ ბურთი ბადეში მხოლოდ ერთხელ მოახვედრა. ეს გოლი 31-ე წუთზე მარტვილელთა საჯარიმოში შექმნილ არეულობას მოჰყვა - ახლო დისტანციიდან მოდებაძის პირველი დარტყმული დაუცველი კარიდან მიხეილ რუხაიამ გამოიტანა, თუმცა მოდებაძისავე დამატებულს ვეღარავინ გადაეღობა - 1:0.

გორელების იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, "მერანს", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მოწინააღმდეგის კართან მიახლოება კი არა, მის ნახევარზე გადასვლაც უჭირდა. კარგად ირჯებოდნენ გორელი შუახაზელები - გოგიტა გოგუა და გუგა ფალავანდიშვილი ცენტრში ულაპარაკოდ დომინირებდნენ.

37-ე წუთზე გოგუამ კარგად მოუქნია ბურთს, თუმცა სევოსტიანენკომ თავისიანები დიდი გაჭირვებით გადაარჩინა. სოსიაშვილს პირველ ტაიმშივე მოუწია იძულებითი შეცვლა - ტრავმის გამო მოედანი დატოვა გიორგი ნავალოვსკიმ. მის პოზიციაზე მწვრთნელმა გიგა სამხარაძე გადაიყვანა, შეცვლაზე შესული გულვერდ თომაშვილი კი გივი ქარქუზაშვილს შეუწყვილა. აქვე დავამატებთ, რომ "დილას" მცველებს მოწინააღმდეგენი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილამდე თითქმის არ მიუშვიათ.

შესვენების შემდეგ მარტვილელები შედარებით უკეთ და გაბედულად ათამაშდნენ, თუმცა მასპინძლები წნეხის ქვეშ მაინც ვერ მოაქციეს (პირველი კუთხური "მერანმა" მე-80 წუთზე მოაწოდა) და არც მათ კართან განმუხტულა დაძაბულობა.

52-ე წუთზე ისევ სევოსტიანენკომ ისახელა თავი - ახლო მანძილიდან ჯერ გოგუას აუღო, დამატებაზე კი მაშუკოვსაც არ გაატანინა. ცოტა ხანში მოედანზე ოთარ მარცვალაძე გამოჩნდა და ახლა ის შეუდგა აქტიურად სტუმრების შეწუხებას. 71-ე წუთზე, გორელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, მარტვილელები ძლივს გადაურჩნენ გოლს.

გავიდა რამდენიმე წუთი და გაგა გაზდელიანის მორიგ უხეშობას არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათითა და მომენტალური გაძევებით უპასუხა. კაცნაკლულად დარჩენილი "მერანი", ფაქტობრივად, განწირული აღმოჩნდა. საბოლოო ანგარიში მარცვალაძემ დააფიქსირა - 2:0.

"დილას" სატურნირო მდგომარეობა გუნდის ქომაგებისთვის იმედისმომცემი კია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე. რამდენად მყარად იდგება ფეხზე ამ თვალსაზრისით "დილა", ნორმალურად გაივლის თუ არა ზამთრის შეკრებას და რა მიზნებით შეხვდება მეორე წრეს, მალე გამოჩნდება.

საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
07.12. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-მერანი 2:0
გოლები: 1:0 მოდებაძე (31), 2:0 მარცვალაძე (90)
დილა (4-4-2): მუჯრიშვილი - ხურცილავა, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ნავალოვსკი (28. თომაშვილი) - ღონღაძე, ფალავანდიშვილი, გოგუა, ნონიკაშვილი - მოდებაძე (74. ილურიძე), მაშუკოვი (62. მარცვალაძე).
სათადარიგოები: შევჩენკო, ლომიძე, ძარია, ახალკაცი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მერანი (5-4-1): სევოსტიანენკო - რუხაია (33. წოწონავა), ი. ციცხვაია, დ. ციცხვაია, გეგია (79. პაპადოპულოსი), ჩხეტია - ფაილოძე, გაზდელიანი, აშორტია, ხუბუა - ბროლაძე (86. ციკოლია).
სათადარიგოები: დარციმელია, ჭინჭველაშვილი, ქაჯაია, თოლორდავა
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: სამხარაძე (13), გაზდელიანი (16), ნონიკაშვილი (18), ჩხეტია (42), გაზდელიანი (83)
გაძევება: გაზდელიანი (83)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი.

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 11
ო. მარცვალაძე (დილა) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული