დილა-ცხინვალი 3:0 - მარცვალ-მარცვალ აკინძული შეცდომები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" ადრე მისთვის უხერხულ მეტოქედ ცნობილ "ცხინვალს" ამჯერადაც შანსი არ დაუტოვა და ურთიერთშეხვედრებში მოგებათა ბალანსით (4-4 მოგება, 3 ფრე) გაუთანაბრდა კიდეც.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს იქნებ მოწინააღმდეგის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გარეშეც მოეგოთ, მაგრამ მათ წარმატებაში უდიდესი როლი რომ პირველი ტაიმის შუა წელში "ცხინვალის" უკანა ხაზის ზედიზედ რამდენიმე ჩავარდნამ ითამაშა, ეს უდავოა. ეს შეცდომები კი მასპინძელთა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ სულ მარცვალ-მარცვალ აკინძა და გოლებად აქცია.

სტუმართა დაცვის ხაზი პირველად მე-12 წუთზე ჩავარდა, როცა კარის სიახლოვეს ლევან ნონიკაშვილი დარჩათ უყურადღებოდ და
ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი პაპავას პასით კინაღამ იხეირა კიდეც.

ერთ წუთში მარცვალაძემ მცველთაგან მეკარისთვის უკან დაბრუნებული ბურთი ჩაჭრა, იქვე გოლკიპერსაც თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა - 1:0.

"დილას" ფორვარდმა "აჭრილ" ცხინვალელებს ორი წუთის შემდეგაც მოჰპარა ბურთი, კვლავ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნონიკაშვილი მოძებნა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა - 2:0.

მარცვალაძე უდავოდ ამ მატჩის გმირი იყო და ეს მხოლოდ გოლებსა და საგოლე პასში არ გამოიხატებოდა - მოქმედებდა ლაღად, ხშირად მიდიოდა გამწვავებაზე, არც პასები ენანებოდა და საჭიროების შემთხვევაში, უკანაც იხევდა თანაგუნდელთა დასახმარებლად...

მასპინძლებმა მესამედ 25-ე წუთზე გაიხარეს. საჯარიმოში შეჭრილმა მარცვალაძემ ჯერ მცველები და იქვე მეკარეც კიდევ ერთხელ გააბითურა და დუბლი გაიფორმა. ეს ამ ფეხბურთელის მიერ ოთხ ტურში გატანილი მეოთხე გოლია.

თვალსასეირო პაექრობა ორ წუთში "დილას" კარში დანიშნული პენალტით გაგრძელდა. გიორგი ნავალოვსკი არბიტრმა გიორგი ივანიშვილის წაქცევისთვის დასაჯა, მაგრამ... გიორგი მუჯრიშვილმა ნიკა კაჭარავას მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მოიგერია.

სამბურთიანი სხვაობის გამო, ძნელი იყო "დილასთვის" ვინმეს ჯიქურ შეტევები მოეთხოვა. თავისთავად, "ცხინვალიც" "გატყდა" კარგა ხანს ვერ ალაგებდა თამაშს. შესვენებამდე, სტუმართა შესრულებით ყველაზე მწვავე ირაკლი ლექვთაძის შორეული დარტყმული გამოდგა, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს. ამასობაში კი გორელები ახალგაზრდული ტრიოს (ფალავანდიშვილი-პაპავა-ნონიკაშვილი) ხარჯზე ცდილობდნენ თამაშის სადავეების შენარჩუნებას.

დებიუტი ჰქონდა "დილაში" დაბრუნებულ გულვერდ თომაშვილს, რომელიც მასპინძელთა დაცვის ცენტრს ლექსო კვახაძესთან ერთად ამაგრებდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გორელთა დაცვის ხაზს დიდი ოფლის ღვრა არ ჰქონია.

სტუმრები ვერც მეორე ტაიმში ახერხებდნენ ინიციატივის ხელში აღებას. ტემპიც დავარდა და უჩა სოსიაშვილმა თავდამსხმელთა რაოდენობის შემცირებით მასპინძლებმა მატჩის "მშრალად" დასრულებაზე გადაიტანეს აქცენტი. ამ მიზნის შესრულებას საშიშროება 85-ე წუთზე დაემუქრა, როცა "ცხინვალის" ეული შემტევის ნიკა კაჭარავას თავური ძელს მოხვდა.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი ("დილას" მთავარი მწვრთნელი): "ცხინვალი" კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. ისინი ყოველთვის მოტივირებული თამაშობენ ჩვენს წინააღმდეგ და, შესაბამისად, ნამდვილად არ ველოდით, რომ პირველი ტაიმი ასე წარიმართებოდა. ჩვენმა ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით საწყისი 30 წუთის განმავლობაში, ყველა იმ საგოლე მომენტის რეალიზება შეძლეს, რაც შექმეს. მეორე ტაიმში კი, ცხადია, რთული იყო, რომ მათ შესვენებამდელი მოტივაციით ეთამაშათ, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება შევძელით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი): "თამაში წავაგეთ ჩვენ, რადგან პირველი-ორი ისეთი გოლი მივიღეთ, რომელიც შეიძლება კურიოზებში ჩაითვალოს. ასეთ დროს ანგარიშის "ამოქაჩვა" უკიდურესად ძნელია, თუმცა კი შეეცადნენ ჩვენი ფეხბურთელები. დღეს ალბათ ჩვენი დღე არ იყო, იმიტომ, რომ პენალტიც ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. ამ მატჩში გამოჩნდა დეტალები, რაზეც სამუშაო გვაქვს. რას ვიზამთ, შეცდომები ყველას მოსდის, ამიტომ "დილასთან" მარცხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ".

12.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 1 500 მაყურებელი
დილა-ცხინვალი 3:0
გოლები: 1:0 მარცვალაძე (13), 2:0 ნონიკაშვილი (15. მარცვალაძის პასით), 3:0 მარცვალაძე (25)
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - ნავალოვსკი, კვახაძე, თომაშვილი, ღონღაძე - პაპავა, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (77. მაშუკოვი) - მარცვალაძე, მოდებაძე (60. გვალია), კვირკვია (66. ხურცილავა).
სათადრიგოები: შევჩენკო, ქარქუზაშვილი, ახალკაცი, ერისთავი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - ივანიშვილი, ქარდავა (82. ბურძენაძე), ბეჭვაია (54. მახარობლიძე), ცაცკრიალაშვილი (57. შულაია), ლექვთაძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: კერესელიძე, ქოჩლაძე, ლობჯანიძე, ჯიშკარიანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ნავალოვსკი (27), ფალავანდიშვილი (54), კაკუბავა (56)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4

15-16 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები

V ტური
20 სექტემბერი, კვირა
სიონი-ლოკომოტივი
შუქურა-საპოვნელა
ტორპედო-კოლხეთი
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დილა
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სამტრედია-მერანი
გურია-საბურთალო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი სტატიაა. იმედია ტურის სხვა მატჩებიც ასევე სრულად და დალაგებულად იქნება ხოლმე გადმოცემული.
bazrobata tasi
22:06 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული