დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი დაგეგმილი, თუმცა გვარიანი სიცხით გაჯერებული გამარჯვებით დაიწყო.

ჩემპიონატი გორშიც, ტრადიციისამებრ, ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, რის ფონზეც საქართველოს დროშა გუნდის კაპიტნებმა - ლექსო კვახაძემ და ომარ გოგონაიამ აღმართეს.

თაკარა მზეზე ბურთის გორება, ცხადია, არავის ეხალისებოდა. ეგ კი არა, მაყურებელიც სულ სტადიონის დაჩრდილულ ადგილებში შეფარებულიყო. ფეხბურთელები კი სიცხის გამო მძიმედ მოძრაობდნენ, სათამაშო ტემპიც არ იყო მაღალი და საწყისი 20 წუთი ისე მიილია, რომელიმე კართან სახიფათო ეპიზოდი არ შექმნილა.

სტუმრები 4-5-1 ტაქტიკური სქემით თამაშობდნენ, სადაც აქტიურ შუახაზელებს სწრაფი კონტრშეტევების განვითარება ევალებოდათ.
თავდასხმაში კოლხები ნიკა სიჭინავას იმედად იყვნენ, ხოლო დაცვაში - ხაზზე მოთამაშე ოთხი მცველის.

"დილას" თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა 3-5-2 ტაქტიკური მონახაზი აირჩია. უკანა ხაზზე სამი ცენტრალური მცველი ჰყავდა განლაგებული, ფლანგებზე კი თემურ ღონღაძე და გიგა სამხარაძე მოქმედებდნენ. შეტევაში ირაკლი მოდებაძისა და მათე კვირკვიას დუეტი გახლდათ გამწესებული, ხოლო უკნიდან მათ გიორგი ნავალოვსკი და ლაშა გვალია ამარაგებდნენ პასებით.

ვიდრე სახიფათო მომენტს მოვინიშნავდით, მატჩის პირველი "გამაგრილებელი" გაჩერება ჩავინიშნეთ. არბიტრი ფეხბურთელებისთვის სულის მოსათქმელად და წყლის დასალევად ყოველ 15 წუთში აჩერებდა თამაშს და ასე სვენებ-სვენებით მიმდინარე ყოველი ასეთი პაუზისას ტრიბუნიდან გორელი პუბლიკის სახალისო-სარკასტული რეპლიკებიც არ აყოვნებდა...

მეტოქეთა კარის მიმართულებით მეტ-ნაკლებად ხიფათის შემცველ ორიოდე მომენტს თუ არ ჩავთვლით, პირველი რეალური ხიფათი 29-ე წუთზე გოლით დასრულდა. დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან მოდებაძის დარტყმას კოლხები გადაეფარნენ, საიდანაც ბურთი ნავალოვსკის (მასპინძელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო) მიუვიდა და მანაც ახლოდან სეფიაშვილს ცხრიანში გაუტანა - 1:0.

ამის მერე "დილამ" ბურთის კონტროლს მიანიჭა დიდი უპირატესობა. გორელებმა ბურთი დაიჭირეს, ტერიტორიული უპირატესობა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე ზეწოლა გააძლიერეს. გამოსარჩევია ფოთელთა კარის დარაჯის გარჯაც, რომელმაც პირველ და, მეტადრე, მეორე ტაიმში რამდენჯერმე გადაარჩინა "კოლხეთი". ვფიქრობთ, თავის გუნდში სწორედ ის იყო საუკეთესო...

შესვენების შემდეგ სოსიაშვილმა მინდორზე ოთარ მარცვალაძეს უხმო და გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო, ახალშემოსული კი მოდებაძე-კვირკვიას დუეტს შეუწყვილდა, ხოლო ნავალოვსკიმ დაცვაში დაიხია.

"დილამ" უფრო შეავიწროვა მეტოქე და აიძულა სტუმრები, საკუთარ საჯარიმოსთან განლაგებულიყვნენ.

ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა მასპინძლების საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი, რომელიც ამ დღეს იუბილარი გახლდათ და, მართალია, გოლით ვერ გამოირჩა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა სწორედ მასთან ხისტი თამაშის გამო მიიღეს ყვითელი ბარათები, ხოლო გიორგი ლემონჯავა მსაჯმა სწორედ ფალავანდიშვილის წინააღმდეგ უხეშობის გამო გააძევა მოედნიდან.

კაცნაკლული "კოლხეთი" ბედმაც დააღალატა - ზაზა ინაშვილს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა, როცა გურამ გურეშიძემ ტრავმა მიიღო და ფოთელები მინდორზე ცხრანიღა დარჩნენ.

მე-60 წუთზე თანაგუნდელებმა მოედანზე ორი წუთის შესული ირაკლი ძარია გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა შემტევმა მიზანს ააცილა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ კოლხებს, რა გასაკვირია, რომ უჭირდათ მოწინააღმდეგესთან გამკლავება. მატჩის ბოლომდე ირაკლი მოდებაძე თანაგუნდელებმა სამჯერ დატოვეს მეკარესთან თითქმის პირისპირ, განვლილი ჩემპიონატის ბომბარდირმა კარისკენ დარტყმებიც მოახერხა, მაგრამ კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა.

კოლხთა გოლკიპერი საშუალო დისტანციიდან ვერც ფალავანდიშვილის ძლიერმა დარტყმამ გატეხა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე "კოკა მაინც გატყდა" - მასთან პირისპირ გასულმა მარცვალაძემ ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი): "მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციას, რომ თუ, მაგალითად, 21 წლამდე ასაკის ორი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებაზე შეუძლია დაავალდებულოს გუნდები, იქნებ განათებაზე თამაშიც ყველასგან მოითხოვოს და ესეც ყველა სტადიონზე სავალდებულო გახდეს...

რაც შეეხება თამაშს, პირველი მატჩი ისედაც ყოველთვის რთულია და დიდმა სიცხემ ის კიდევ უფრო გაართულა. ვცდილობდით, პირველ ნომრად გვეთამაშა, პირველ ნახევარში მომენტებიც შევქმენით, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთხელ შევაგდეთ. შესვენების შემდეგ განლაგების შეცვლა მომიწია, რომელმაც გაამართლა და საგოლე ეპიზოდებიც უფრო მეტი გვქონდა. იმედი მაქვს, თამაშს მომდევნო ტურებშიც წარმატებით გავაგრძელებთ".

ზაზა ინაშვილი ("კოლხეთის" მწვრთნელი): "მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ანგარიში დიდხანს შენარჩუნდა, "დილამ" მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ შეთამაშებისა და, აგრეთვე, დისციპლინის პრობლემაც გვქონია. ეს უკვე ამ მატჩში გამოჩნდა, ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს, რასაც მომავალში გამოვასწორებთ".

უმაღლესი ლიგა. I ტური
14.08.15. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 1000 მაყურებელი
დილა-კოლხეთი 2:0
1:0 ნავალოვსკი (29), 2:0 მარცვალაძე (90+1)
დილა (3-5-2): შევჩენკო - პაპავა, კვახაძე, კვირკველია - ღონღაძე (74. ხურცილავა), გვალია, ფალავანდიშვილი, ნავალოვსკი, სამხარაძე (46. მარცვალაძე) - კვირკვია (62. ძარია), მოდებაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ქარქუზაშვილი, მაშუკოვი, ილურიძე.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - ქებურია, გოგონაია (81. კუხალეიშვილი), კოშკაძე, პოლელიახი (46. კვარაცხელია), გურეშიძე - სიჭინავა (72. თ. კაკულია).
სათადარიგოები: ძაგანია, აფხაზავა, ლ. კაკულია, გოროზია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: სამხარაძე (21), ლემონჯავა (25), პოლელიახი (43), გოგონაია (54), ლემონჯავა (65)
გაძევება: ლემონჯავა (65)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული