ტორპედო-ჩიხურა 1:2 - უკანასკნელ წუთზე... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იმერული დერბი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გიორგი დარასელიას შეგირდებმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს და მორიგი წარმატების შემთხვევაში ისინი უკვე ევროთასების საგზურისთვის პრეტენზიას რეალურად განაცხადებდნენ.

დასაკარგი არაფერი ჰქონდა "ჩიხურასაც", რომელიც წინა ტურში "ცხინვალთან" დამარცხდა და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ლიდერებს კიდევ უფრო დასცილდებოდა. ასე რომ, ფრე ორივე გუნდისთვის მიუღებელი შედეგი იქნებოდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით, მისი მეორე ნახევარი. "ტორპედო" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ყოჩაღობდა, სტუმრებმა კი კონტრშეტევაზე ააგეს
თამაში და გაუმართლათ კიდეც...

მატჩის პირველი ნახევარი ორივე გუნდმა მძიმედ ჩაატარა. ტემპი არცთუ ისე მაღალი იყო. საწყის წუთებში სტუმრები ცდილობდნენ, მეტოქის ნახევარზე ეკონტროლებინათ ბურთი და ამისთვის პრესინგს მიმართავდნენ, თუმცა "ტორპედომ" უპირატესობის მოპოვება შეძლო და პირველი საგოლე მომენტიც შექმნა - ირაკლი კლიმიაშვილის სახიფათო ჩაწოდების შემდეგ ვახტანგ კვარაცხელია თავით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და საჩხერელები ხიფათს გადაურჩნენ.

უქმად არც სტუმრები ყოფილან. დავით ოდიკაძის კუთხურის შემდეგ ცენტრალურ ნახევარმცველად გამწესებული თეიმურაზ ღონღაძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან და ბურთი ქუთაისელთა უკრაინელმა მეკარე ალექსეი შევჩენკომ ("ტორპედოში" სადებიუტო შეხვედრას ატარებდა) მოიგერია.

ტაიმის შუაწელში დეკანოიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა - ტრაიანოვსკის გადაცემის შემდეგ ის მცველებს იოლად გაუსწორდა და კარშიც დაარტყა, თუმცა შევჩენკო ამჯერადაც საიმედოდ გაისარჯა. ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლები ძალზე ახლოს იყვნენ გოლთან - დავით კირკიტაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საპირისპირო მხრიდან შეტევაში ჩართული ზაზა ჭელიძე, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა თავით, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

მატჩის მეორე ნახევარი "ტორპედოს" შეტევებით დაიწყო. ბექა ტუღუშს ზედიზედ ორჯერ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში არაზუსტად დაარტყა.

გამოუყენებელი მომენტების გამო რიონისპირელები დაისაჯნენ. ჩიკვაიძის გადაცემის შემდეგ "ტორპედოს" დაცვა ჩავარდა და კარის წინ უყურადღებოდ დარჩენილმა ოდიკაძემ ძლიერი დარტყმით შევჩენკოს შანსი არ დაუტოვა.

ამ გოლმა დარასელიას გუნდი, ცოტა არ იყოს, დააბნია, თუმცა ქუთათურები მალევე გამოერკვნენ, შეტევები გაამწვავეს და საწადელსაც მიაღწიეს. ოღონდ, აქვე ვთქვათ, რომ ტორპედოელთა გოლში ლომის წილი სტუმართა მეკარე თორნიკე ზარქუამ შეიტანა, რომელიც რომეო კანკიას ჩაწოდების შემდეგ გამოსვლაზე შეცდა და გურამ ადამაძეს ისღა დარჩენოდა, ბურთი სტუმართა კარში გადაეგზავნა.

ქუთათურები გოლის შემდეგაც არ გაჩერებულან, სახიფათოდ ურტყამდნენ ტუღუში და კირკიტაძე. შემდეგ საჩხერელთა კართან დაინიშნა საჯარიმო, რომელიც კირკიტაძემ შეასრულა, მაგრამ... მხოლოდ გარედან შეარხია ბადე.

ცოტა ხანში შეცვლაზე შესულ ოთარ კვერნაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, როცა ქიმაძის გადაცემის შემდეგ სამიოდე მეტრიდან ბურთს ერთი მოძრაობით გზავნიდა კარისკენ, მაგრამ მიზანმა უმტყუნა...

თანდათან ტემპმა იკლო, მატჩი დასასრულისკენ მიდიოდა და თითქოს გუნდები ფრესაც შეგუებულები იყვნენ, მაგრამ... მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე გიორგი კორიფაძემ მიხეილ სარდალიშვილს გადააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა და "ტორპედოს" შვიდმატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა.

სოსო ფრუიძის შეგირდებისთვის ეს მოგება იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ რამდენიმე დღეში თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "სამტრედიასთან" ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით, რომელშიც აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ და "ტორპედოსთან" მოგების შემდეგ სათასო ბატალიებს პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობით შეხვდებიან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
24.04. ქუთაისი. "ტორპედო"
ტორპედო-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 ოდიკაძე (51. ჩიკვაიძის პასით), 1:1 ადამაძე (66. კანკიას პასით), 1:2 სარდალიშვილი (90. კორიფაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): შევჩენკო - კანკია, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე -ჭელიძე (66. ბაბუნაშვილი), პუხაევი (54. კვერნაძე) - კირკიტაძე, კლიმიაშვილი, ტუღუში - კვარაცხელია (80. მამასახლისი).
სათადარიგოები: შეყრილაძე, ადამაშვილი, მახვილაძე, გოგუაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ჩიხურა (4-5-1): ზარქუა - კორიფაძე, ბაჯელიძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე - დეკანოიძე, დობროვოლსკი, ღონღაძე (84. ივანიშვილი), ოდიკაძე (60. კაკაშვილი), ტროიანოვსკი (70. სარდალიშვილი) - კუჭუხიძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, მანჯგალაძე, მუმლაძე, იოკაბაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (25), ტროიანოვსკი (37), ბაჯელიძე (65), სარდალიშვილი (90), ადამაძე (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული