საბა ლობჟანიძე ვარჯიშს შეუდგა, ჭანკოტაძე, კერძევაძე და დოლიძე - ლაზარეთში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მოედანს დაუბრუნდა და, როგორც თავად გვითხრა, ვარჯიშს სრული დატვირთვით შეუდგა.

ლობჟანიძე 18 თებერვალს, გორის "დილასთან" პირველ სათასო მატჩში დაშავდა. ის სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო, მაგრამ 36-ე წუთზე კუნთი გაეჭიმა და მინდვრის დატოვება მოუწია.

სამწუხაროდ, ისევ მკურნალობს გიორგი პაპუნაშვილი. ახლა, როცა "დინამოს" საჩემპიონო ბრძოლაში მძაფრი კონკურენცია აქვს, ორივე მათგანი გუნდს ძალიან სჭირდება. მეორეცაა - პაპუნაშვილით "ქასიმფაშას" თავკაცი შოთა არველაძეა დაინტერესებული, რითიც ახალგაზრდა დინამოელს გაცილებით ძლიერ ლიგაში თამაშისა და ზრდის პერსპექტივა უჩნდება.

ქართული საფეხბურთო ლაზარეთი ბოლო ტურშიც შეივსო: "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონს" რომ მოუგო, 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ილია კერძევაძე საკმაოდ მძიმედ დაუშავდა, მალე კი მოედნიდან გრიგოლ დოლიძეც გაიყვანეს, რომელმაც ხელის თითი მოიტეხა.

ამ შეხვედრაში "სიონიც" დაზარალდა. მასპინძლებმა გიორგი ჭანკოტაძის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, რის გამოც ბოლნისელთა ნახევარმცველმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული