როგორი იქნება "დილა"? ბრაზილიელები და გოგიტა გოგუა ხურდაზე არ ითამაშებენ

AutoSharing Option
გორის "დილამ" ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან 2 მილიონი ლარი მიიღო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრიზო ფონდიდან კი 270 000 ლარი, თუმცა ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ "დილაში" უკვე ყველაფერი მოგვარებულია და გუნდი კვლავაც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ "დილა" დატოვეს ნათან ჟუნიორმა, ლეონარდო რამოსმა, გოგიტა გოგუამ, ზურაბ არზიანმა და ზურაბ მამალაძემ.

ვებგვერდზე არ არის განმარტებული მათი წასვლის მიზეზი, თუმცა ვარაუდი რთული არ უნდა იყოს - ბრაზილიელები და გოგუა ხურდაზე არ ითამაშებდნენ "დილაში" და ახლანდელი ბიუჯეტი მათ ანაზღაურებას ვერ გასწვდება.

გარდა ამ ფეხბურთელებისა, "დილაში" ჯერჯერობით არ ჩანან ლაშა თოთაძე, კახა ალადაშვილი, დავით კვირკველია და გიგა ბეჭვაია. ვფიქრობ, აქაც ფინანსური მხარე უნდა იყოს მიზეზი.

ყველასათვის ცნობილია, რომ წინა სეზონის ბოლოს კლუბს ფეხბურთელების დავალიანება დაუგროვდა და ფედერაციიდან თუ გორის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ფულის არცთუ მცირე ნაწილი ვალის გასტუმრებას მოხმარდა.

"დილაში" მაღალი ხელფასები იყო. კულუარული ინფორმაციით, მაშინ, როცა კლუბი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფინანსდებოდა, წლიური ბიუჯეტი 9 მილიონ ლარს აჭარბებდა.

გასაგებია, რომ "დილას" დაფინანსება დამდეგი სეზონისთვისაც ექნება, თუმცა დაგვეთანხმებით, ორ და ცხრა მილიონს შორის სხვაობა მცირე არ არის, თანაც ამ ორი მილიონიდან საკმოდ დიდი ნაწილი ვალების დაფარვას უკვე მოხმარდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "დილა" ისეთი ღონიერი ვერ იქნება, როგორიც ბოლო ორ სეზონში იყო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ბიუჯეტით შეხვდებიან 2013/14 წლების სეზონს უმაღლესი ლიგის სხვა გუნდები.

წინა სეზონი დასრულებული არ იყო, როცა ყველამ იცოდა, რომ "დილას" თითქმის ყველა ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის დამთავრების შემდეგ ეწურებოდა. ახლა კი ჯერ არ ჩანს ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვისთან აფორმებს ახალ ხელშეკრულებას კლუბი.

რა გაქანების გუნდი იქნება "დილა" მომავალ სეზონში? ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური საკითხი გორელებისთვის, ალბათ, ეს არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" განცხადება დაფინანსებასთან დაკავშირებით
გორის "დილადან" გოგიტა გოგუა და დავით კვირკველია მიდიან?
არამხოლოდ ახალგაზრდული ჟინით - გიორგი დევდარიანი გორის "დილაში"
გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული