"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

AutoSharing Option
21 წლის დავით ვოლკოვი უგუნდოდაა. სეზონის დასრულების შემდეგ ის ბოლნისის "სიონიდან" თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. დედაქალაქური კლუბი გაახალგაზრდავების გზას ადგას და, რა თქმა უნდა, მას სჭირდებოდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის
ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდი...

სამწუხაროდ, ვოლკოვს "დინამოს" თურქულ შეკრებაზე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და მას შემდეგ, რაც თბილისური კლუბის დახმარებით ოპერაცია გაიკეთა, გუნდი დატოვა. ვისაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვოლკოვის თამაში უნახავს, დაგვეთანხმება: მისებრ თვითმყოფადი ფორვარდი ჩვენში ბევრი არ არის. მას შეუძლია კაცის მოტყუება, იცის გოლის გატანა, აქვს ძლიერი დარტყმა და კარგად თამაშობს თავით.
მოკლედ, ის ფეხბურთელია, რომელსაც სამომავლოდ შეუძლია, საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო მოთამაშე იყოს.

ვოლკოვს ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი უდგას. "ლელო" დავითს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- თავდაპირველად, გასული სეზონი გავიხსენოთ. გულწრფელად უნდა გითხრათ, არ ველოდით, რომ ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგას დატოვებდა...
- რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან უკმაყოფილონი ვართ დღემდე იმ შედეგით, რომელიც დადგა. ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი შემადგენლობით უმაღლეს ლიგას დავტოვებდით. ის კი არა, პირადად მე ჩემპიონობის იმედიც კი მქონდა, მაგრამ...

- ჩემპიონობის?!
- დიახ, ჩემპიონობის. როცა "სიონის" წინადადება მივიღე, იმ მომენტში კიდევ რამდენიმე გუნდისგან მქონდა შეთავაზება. იქ გადასვლის გადაწყვეტილება მარტივი მიზეზის გამო მივიღე - შევხედე, რომ გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები იკრიბებოდნენ, რომლებთან ერთადაც შესაძლებელი იყო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. მაგრამ, საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა...

- არადა, პირადი სტატისტიკა კარგი გქონდათ - 6 გოლი გაიტანეთ აუტსაიდერი გუნდის შემადგენლობაში...
- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ადევნებს თვალს თავის პირად სტატისტიკას, მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, რომ გუნდმა წარმატებით ითამაშოს. ეს კი ვერ მოვახერხეთ.

- მაინც, რატომ გავარდა "სიონი"?
- მიზეზად დავასახელებდი საშინელ უიღბლობას. მე, პირადად, მსგავსი რამ ფეხბურთში არასოდეს მინახავს. ვეკითხებოდი ჩემთან შედარებით გამოცდილ პარტნიორებს და ისინიც გაკვირვებულნი იყვნენ. ბოლოს იქამდე მივიდა ჩვენი უიღბლობა, რომ საიდანაც უნდა დაერტყა მეტოქეს, ყველა წერტილიდან გოლს ვუშვებდით.

მაგრამ ისე არ იფიქროთ, ყველაფერს უიღბლობას ვაბრალებდე - რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, ასეთი შედეგი რომ მივიღეთ.

- მორჩა სეზონი და დაბრუნდით თბილისის "დინამოში", რადგან კონტრაქტით სწორედ ამ კლუბის საკუთრება იყავით. მერე რა მოხდა?
- "დინამოში" დაბრუნებამდე იყო ტრავმა, რომელიც პლეი ოფის ბოლო მატჩში მივიღე. მაშინ "შუქურასთან" ვთამაშობდით გასვლაზე, მეორე ტაიმის დასაწყისში მივიღე ტრავმა, მაგრამ "სიონის" ბედი წყდებოდა და მინდვრიდან ვერ გავიდოდი...

- ისე, "ჩელე არენაზე" თამაშისას არაერთ ფეხბურთელს მიუღია ტრავმა...
- მართალი ხართ, ძალიან სარისკოა იქ თამაში. ამას მხოლოდ საკუთარ მაგალითზე არ ვამბობ - ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა.

- "დინამოში" დაბრუნებაზე გკითხეთ...
- ტრავმის შემდეგ თავიდან ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, რაღაც პერიოდში ტკივილმა გამიარა, თითქმის ვეღარ ვგრძნობდი...

მოკლედ, მივედი "დინამოში" და დამხვდა ვიაჩესლავ გროზნი. დავიწყე ვარჯიში და რომ მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, თურქულ შეკრებაზე აღმოჩნდა, რომ საოპერაციო ვიყავი. ოპერაცია თბილისის "დინამოს" დახმარებით გავიკეთე. მერე ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ კონტრაქტი და ახლა თავისუფალი ვარ.

- როდის დაუბრუნდებით მინდორს?
- სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე დამეწყო. კიდევ კარგი, განსაკუთრებულად საშიში არაფერი იყო. ორი კვირის განმავლობაში გასტანს რეაბილიტაცია და ამის შემდეგ უკვე გუნდთან ერთად დავიწყებ ვარჯიშს. ეგაა, ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდთან...

საერთოდ, ფეხბურთელი მზად უნდა იყოს ასეთი გამოწვევებისთვის. დიდი იმედით ვუყურებ მომავალს და ვფიქრობ, შევძლებ, ვითამაშო ისეთი ფეხბურთი, როგორიც შემიძლია.

- ცუდ დროს კი მოგიხდათ უქმობა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ რას ვიზამთ?! ასეთია ფეხბურთი. დრო ისეთია, რომ გუნდების უმრავლესობა უკვე დაკომპლექტებულია. მჯერა, შევძლებ ისეთი გუნდის პოვნას, რომელსაც ექნება ამბიცია და შევძლებ ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას.

- ალბათ, ამ ეტაპზე, საქართველოში ითამაშებთ...
- სიმართლე გითხრათ, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, არც უცხოეთში წასვლას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემ კომენტარს არ უშვებთ როგორც ჩანს და მადლობა ადმინისტრაციას სიმართლის მეტი არაფერი მეწერა და არც ცუდი სიტყვები გამომიყენებია არმოგეწონად ალბათ სიმართლე
sh.s.y.t.
20:51 19-02-2017
0
ესეთი მაგარი სტადიონები რო გვაქ მიტო არუნდა დაუშვათ ზესტაფონი არცერთ ლიგაში, მაგათ არაფერი წესრიგში არაქვთ რასგავს მაგათი მინდვრები, კონტრაქტები ხო საოცარი აქვთ მინიმუმ სამ წლიან კონტრაქტს რატო უნდა აფორმებდეს გუნდი როდესაც მუნიციპალიტეტის გუნდები 3თვიანსაც აფორმებენ (ირანელების შემთხვევაში ხო საერთოდ ბიუჯეტს ავსებენ საკუთარი ჯიბის). მე რო დაწმუნებული ვიყო ამ ფედერაციის სამართლიანობაში იმფორმაციას მივცემდი 200ლარიან ხელფასზე როგორ უზიან 100ლარიან წილში მენეჯერებე (ისეთი მენეჯერები ვისაც ლიცენზია არააქვთ). თან გავამყარებდი სატელეფონო საუბრებით (გამოძიება რო მარტივად მივიდეს მაგ თემაზე). სამარცხვინოა უბრალოდ როდსაც კლუბის 5წლიან გეგმას პიარს უკეთებთ და ამ დროს იმ კლუბს არცერთ ფეხბურთელთან 2წლიანი კონტრაქტიც არააქ. მეტი რაგა გიტხრა კობიაშვილო, მუჯირო, კალაძე და აღმასკომო. პატივისცემით ზესტაფონიდან.
sh.s.y.t.
20:33 19-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული