საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - პირველად 1985 წლის შემდეგ!

AutoSharing Option
26 იანვარს, ნიონში, უეფას აღმასკომზე ევროფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს მიერ გაკეთებული განცხადება ჩვენი ფეხბურთის ქომაგს უზომოდ გაახარებს - უეფამ დააკმაყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 2017 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და ტურნირის ორგანიზების ნება დართო!

მსგავს ტურნირს საქართველომ მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა - 1985 წელს, თბილისში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ბრაზილიის, ესპანეთის, ირლანდიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა ითამაშეს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ნაწილი ტურნირისა, რომლის მასპინძელიც საბჭოთა კავშირი იყო და არა -
საქართველო.

დიდი მოვლენა გველის 2015 წლის აგვისტოშიც, როცა "დინამო არენა" ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

მაგრამ ესეც ერთი მატჩი იქნება, მთელ ტურნირს კი, თუნდაც ეს 19-წლამდელთა ჩემპიონატი იყოს, განსაკუთრებული ორგანიზება სჭირდება - ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, მატჩები თბილისში, რუსთავში, მცხეთასა და გორში გაიმართება. ცხადია, ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ ამ ქალაქებში საფეხბურთო (და არა მარტო) ინფრასტრუქტურა უეფას სტანდარტების შესაბამისად უნდა გაუმჯობესდეს - უეფა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტით არ დაკმაყოფილდება.

"ეს არის ძალიან კარგი ამბავი, ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მიღწევა და არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის.

თუ ევროპის სუპერთასი მხოლოდ თბილისში იქნება, ევროპის ჩემპიონატს უკვე მთელი ქვეყანა უმასპინძლებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სწორი გზით მივდივართ და ჩვენს ქვეყანას უეფაში დიდი ნდობა აქვს.

მატჩები ოთხ ქალაქში გაიმართება, 8 ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, სტადიონები... ამის შესახებ მთავრობასთან უკვე ვილაპარაკეთ. შევათანხმეთ, რომ აუცილებელია გორის სტადიონის რეკონსტრუქცია და მეორე ტრიბუნის აშენება; მცხეთაში - ტრიბუნებისა და საფარის შეცვლა, VIP და პრესლოჟების მოწყობა; რუსთავში - მინდვრის შეცვლა, განათება, ტრიბუნების გადახურვა და ასე შემდეგ", - განაცხადა სიჭინავამ გადაცემა "არენაში" ჩართვისას.

უეფას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, 28 იანვარს, 10:30 წუთზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სფფ-ის ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა უხარია ამ .წაწყმეტილს, არველაძე და დომენტი დროზე გადადექით, რომ ახალმა ფედერაციამ ახალი აზრები და პასუხისმგებლობა ხელში მალე აიღონ, აი მაშინ ეშველება ქართულ ფეხბურთს, როცა თქვენ არ იქნებით მმართველობაში.
ქართლოსი
13:13 27-01-2015
0
არც რეზო და არც დომენტი
temo
13:00 27-01-2015
0

სიახლეები პოპულარული