მასიმილიანო ალეგრი: იმ ოთხშაბათს ჩვენ წინაშე დაჭრილი "რეალი" იდგება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის "რეალთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

5 მაისს, ტურინში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება "ბებერ ქალბატონს" დარჩა - 2:1.

"ჩემი ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ. ტექნიკის თვალსაზრისით, ეს იყო ბრწყინვალე მატჩი, თუმცა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უკეთესად შეგვიძლია თამაში.

მთელმა გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. სულ სამი თვის წინ გამოჩნდა ჩვენთან სტურარო, მაგრამ მან სერიოზულ პროგრესს მიაღწია და ეს დასტურია იმისა, რომ მთლიანად
კლუბი სწორი მიმართულებით მუშაობს.

მგონია, რომ ფინალში გასასვლელად მადრიდში მატჩი-შედევრის ჩვენება დაგვჭირდება. ამ გამარჯვებისთვის კი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ჩავყარეთ. ბიჭებმა ხასიათის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და ნებისყოფა გამოავლინეს. რობერტო პერეირა სწრაფია, საჭიროების შემთხვევაში კი შეცვლაზე შემოსულს მოაქვს გუნდისთვის დიდი სარგებელი. არტურო ვიდალი უმთავრესად შუა ხაზს მატებს საიმედოობას, ეგებება მეტოქეს და აიძულებს მას, ფლანგისკენ გადაინაცვლოს.

გარკვეულ სიმაღლეს მივაღწიეთ, მაგრამ მადრიდში შედეგის მიღწევა იოლი არ იქნება. კარგად უნდა გავიაზროთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შედეგი. ჩავატარეთ ბრწყინვალე შეხვედრა, მანამდე კი საჩემპიონო ტიტულის ვადამდე მოპოვება ვიზეიმეთ. ამ სეზონში ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს. მთავარი ისაა, რომ დღეს იყო იმის ნიშნები, რომ "რეალს" ვჯობდით.

ახლა საპასუხო შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უკეთესად გარჯა დაგვჭირდება, ვიდრე დღეს. თუკი ყველაფერი კარგად იქნება, შაბათს პოლ პოგბას ცოტა სათამაშო დროს მივცემ, რადგან მადრიდში მას სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვერ წავიყვან.

მომდევნო ოთხშაბათს კი ჩვენ წინაშე დაჭრილი "რეალი" იქნება. მადრიდში უნდა გავიტანოთ, თორემ ფინალის საგზურის მოპოვება გაგვიჭირდება", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული