კარლო ანჩელოტი: შედეგი არცთუ სახარბიელოა, მაგრამ არც მთლად ცუდია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის "იუვენტუსთან" სტუმრად გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

5 მაისს, ტურინში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება "ბებერ ქალბატონს" დარჩა - 2:1.

"გარკვეულ მონაკვეთებში კარგად ვთამაშობდით, მე-15 წუთის შემდეგ კი არცთუ ურიგო შანსები გვქონდა. ასევე უნდა ვიმოქმედოთ საპასუხო შეხვედრაშიც.

წუნი ჩვეულებრივზე მეტი გვქონდა და შეცდომებს არა მარტო სერხიო რამოსი, არამედ ყველა დანარჩენი ფეხბურთელი უშვებდა. მათ შორის - დაცვაშიც, რასაც "იუვენტუსის" წნეხი განაპირობებდა. მთლიანობაში კი, ვფიქრობ, რომ
რამოსმა კარგი შეხვედრა ჩაატარა.

"იუვე" ბრწყინვალე ფორმაშია და ამაღლებული საბრძოლო განწყობა აქვს. დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც გასულ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე იყო. თანაც, ეს ნახევარფინალია... ეს სიტუაცია შარშანდელი ნახევარფინალისა თუ წლევანდელი მეოთხედფინალის ანალოგიურია, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ საკუთარ თავში, რადგან თამაში შინ გვიწევს. გულშემატკივრები დიდ სამსახურს გაგვიწევენ.

გარეთ ბეილი გადაღლილი ჩანდა, ის ხომ სულ ახლახან გამოჯანმრთელდა ტრავმისგან. ბეილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ის ყველაზე საშიშია ჩვენს შემადგენლობაში. ამიტომ აღარ გავრისკე და მოედნიდან გავიყვანე.

მეტოქე მაქსიმალურად იყენებს ანდრეა პირლოს, კარლოს ტევესისა და არტურო ვიდალის ძლიერ მხარეებს. მათთან გამკლავება უკიდურესად რთულია. ისინი ძალიან სახიფათონი არიან.

მოთმინება გვმართებს. მართალია, შედეგი არცთუ სახარბიელოა, მაგრამ არც მთლად ცუდი და ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაწყდება", - აქვეყნებს იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული