ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჩიჩარიტო, როგორც არგუმენტი და საშიშროება

AutoSharing Option
* "ლევერკუზენი" ბოლო ოთხ მერვედფინალურ ეტაპზე დამარცხდა.
* მადრიდის "ატლეტიკო" გერმანიაში ბოლო სამი ვიზიტისას დამარცხდა.
* "მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში 2016 წელს გავიდა.
* "მონაკოს" ინგლისურ კლუბებთან იდეალური სტატისტიკა აქვს.

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის I ეტაპის მეორე ულუფას მივიღებთ. დღეს გასული გათამაშების ფინალისტი "ატლეტიკო" "ლევერკუზენს" სტუმრობს, ხოლო პეპ გვარდიოლას "სიტი" უხვგოლიან "მონაკოს" დაუხვდება...

ლევერკუზენი-ატლეტიკო
"ფარმაცევტებისთვის" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ჯერჯერობით, გადაულახავი ზღუდეა - "ლევერკუზენმა" ოთხჯერ ითამაშა ამ ეტაპზე და ოთხჯერვე დაემშვიდობა ლიგას. ერთხელ ეს სწორედ "ატლეტიკოსთან" ჯახში მოხდა.

პრესკონფერენცია
როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი): "თამაშისთვის მზად ვართ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ორი წლის წინათ ძალიან არ გაგვიმართლა, როცა "ატლეტიკომ" ამავე ეტაპიდან გაგვაგდო. იმისთვის, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ, საჭიროა, მეტოქის ნახევარზე სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ფორვარდის ყოლა, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გოლის "გამოდნობა". ბოლო ხანებია, რაც ხავიერ ერნანდესი ამას კარგად აკეთებს".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ლევერკუზენი" ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით, ეს ფლანგებზე ითქმის, სადაც ბელარაბი და ჰავერცი თამაშობენ. წინ კი მათ ჩიჩარიტო ჰყავთ, რომელიც მართლაც საუცხოო ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ძალიან გაგვირთულებს მიზნის მიღწევას, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.

ვხვდებით გუნდს, რომელიც მაღალი ინტენსივობით ეთამაშება მოწინააღმდეგე გუნდებს, მაგრამ ჩვენც ასეთები ვართ. ფეხბურთში მონდომება ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე რომ, მეც დაინტრიგებული ვარ, რომელი გუნდის მონდომებული თამაში აჯობებს".

ურთიერთშეხვედრები
ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა სტატისტიკურად, მაგრამ გერმანელებს მწარედ ახსოვთ ორი წლის წინანდელი - 2014/15 წლების სეზონში ისინი ლიგის სწორედ ამ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელიც ფიფას მიერ დიდი ხნით არის დისკვალიფიცირებული, "ლევერკუზენს" გერმანიაში 1:0 მოაგებინა, მაგრამ მადრიდში მარიო სუარესმა საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, რომელიც "ატლეტიკომ" 3:2 მოიგო. მაშინ შეცვლაზე შესულმა ფერნანდო ტორესმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

მანამდე იყო ორი დაპირისპირება ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 2010 წელს - ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა. მაშინ იუპ ჰაინკესის "ლევერკუზენმა" ჯგუფი მოიგო, ხოლო კიკე სანჩეს ფლორესის "ატლეტიკო" (ტიტულის მფლობელი) ჯგუფში ჩარჩა.

გასულ უქმეებზე
"ლევერკუზენმა" სტუმრად 3:1 სძლია "აუგსბურგს". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ჩიჩარიტომ, ერთი გოლი კი ქარიმ ბელარაბის ანგარიშზეა.

"ატლეტიკომ" კი ხიხონში "სპორტინგი" 4:1 გაანადგურა, თუმცა თამაშის ბედი მხოლოდ ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა შეცვლაზე შესულ კევინ გამეიროს 5 წუთიც კი არ დასჭირდა ჰეთ თრიკის შესასრულებლად. მანამდე "ატლეტიკოს" პირველი გოლი იანიკ ფერეირა-კარასკომ გაიტანა.

სიტი-მონაკო
ლიგა 1-ის "მონაკო" და პრემიერლიგის წარმომადგენლები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ ორრაუნდიან პლეი ოფში და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ფრანგული კლუბი გამოვიდა. "სიტიმ" როგორმე უნდა დაარღვიოს ეს საშინელი ტრადიცია ალბიონელთათვის, თუ სურს, რომ ზედიზედ მეორედ გააღწიოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

პრესკონფერენცია
ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "მთელი ევროპა ჩვენს თამაშებს უყურებს, აანალიზებს, სურს ჩვენი დამარცხება, მოსპობა. ამიტომაც, როცა ვიმარჯვებთ, ვამბობ, როგორი მაგრები არიან ჩვენი ფეხბურთელები. "მონაკომ" მართლაც მომხიბლა. მისი შემტევი ნახევარმცველები და ფორვარდები ერთ შეცდომასაც კი არ გაპატიებენ. ახლა "მონაკო" ყველაზე წარმატებული გუნდია ევროპაში, თუ გოლებს ათვლის წერტილად მივიჩნევთ".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ბოლო სამ სეზონში "მონაკოში" ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ. ეს მართლაც დიდებულია. თუ საკვალიფიკაციო მატჩებსაც ჩავთვლით, ხვალ ჩვენ ამ სეზონში მე-11 მატჩს ვატარებთ. ორივე გუნდს უყვარს ფეხბურთის თამაში, ორივე სამწვრთნელო შტაბი კარგად მუშაობს. აი, სატრანსფერო ბიუჯეტებში კი უზარმაზარი სხვაობაა".

ურთიერთშეხვედრები
ცოტა საკვირველია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს კლუბები ერთმანეთის პირისპირ პირველად დღეს დადგებიან.

გასულ უქმეებზე
"სიტი" ასოციაციის თასზე ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდს" 0:0 დაუზავდა და ახლა გადათამაშება ელის. "მონაკომ" სტუმრად "ბასტიას" ვერ მოუგო - 1:1. მონეგასკებიდან გოლი ბერნარდო სილვამ გაიტანა.

სამშაბათი. 21 თებერვალი
ლევერკუზენი-ატლეტიკო 23:45
დისკვალიფიკაცია: ჩალჰანოღლუ -
ტრავმა: თა, ბენდერი (?) - ტიაგო, გოდინი, ფერნანდესი, ხუანფრანი, გაიტანი (?), ობლაკი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, თოფრაქი, დრაგოვიჩი, ვენდელი - არანგისი, კამპლი - ბელარაბი, ბრანდტი - ჰავერცი, ხ. ერნანდესი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი (ან მოია) - ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, გაბი, კოკე, ნიგესი - გრიზმანი, ფ. ტორესი
ურთიერთშეხვედრები: +1=2-1 (3-3)
მსაჯი: კოლამი (შოტლანდია)

სიტი-მონაკო 23:45
დისკვალიფიკაცია: - ჟემერსონი
ტრავმა: გაბრიელ ჟესუსი, კომპანი, კლიში (?) - ბოშილია
სავარაუდო შემადგენლობები
სიტი (4-3-3): კაბალიერო - ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - დ. სილვა, ტურე, დე ბრუინი - სტერლინგი, აგუერო, სანე
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაგი, მენდი - ბ. სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - ჟერმენი, ფალკაო
ურთიერთშეხვედრები: არ უთამაშიათ
მსაჯი: ლაოსი (ესპანეთი)

საპასუხო მატჩები 15 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გეთანხმებით არ არსებობდა 1/8 ფინალი იმ დროს, მაგრამ მაშინ გამოდის "ფარმაცევტებს" არ აქვს გადალახული 1/8 ფინალის ეტაპი და აქვს გადალახული 1/4 და 1/2 ფინალის ეტაპები? ჩემი აზრით აქტუალობას კარგავს აღნიშნიშნული სტატისტიკა და არ მოიცავს საინტერესო ინფორმაციას.
0
მერვედფინალური ეტაპი არ არსებობდა მაშინ
გიო-ს
17:40 21-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული