ევრო 2016. 1/2-ფინალი. პორტუგალია-უელსი: პორტუგალია მეტოქეს ელის [VIDEO]

AutoSharing Option
* პორტუგალიის ნაკრები ევრო 2016-ის პირველი ფინალისტია.
* 10 ივლისს პორტუგალია ფინალში გერმანია-საფრანგეთის გამარჯვებულს შეხვდება.
* კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატებზე მეცხრე გოლი გაიტანა და რეკორდსმენ მიშელ პლატინის გაუთანაბრდა.

ასეთ ნახევარფინალურ წყვილს ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ერთი მხრივ, პორტუგალია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ძირითად დროში ჯერ თამაში არ მოუგია და მეორე მხრივ, ისლანდიასთან ერთად ტურნირის მთავარი აღმოჩენა უელსი.

ტაქტიკა და სასტარტო შემადგენლობები
პორტუგალიამ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი მოისაკლისა. ვერ ითამაშეს საყრდენმა ნახევარმცველმა ვილიამ კარვალიომ და ცენტრალურმა მცველმა, დაცვის ბურჯმა პეპემ. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა
უცნაური სასტარტო შემადგენლობა აარჩია. მან სათადარიგოთა სკამზე დატოვა ანდრე გომეში, ვიეირინია, ჟოაო მოუტინიო და რიკარდო კვარეშმა.

როგორც ჩანს, პორტუგალიელი ფეხბურთელები გადაღალა ამდენი დამატებითი დროის თამაშმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუზიტანელთა მწვრთნელის ასეთი არჩევანი ძალიან რთულადაა ასახსნელი, სანტუშმა ხომ გუნდის ლიდერები გაამწესა სათადარიგოთა სკამზე. არადა, სვლამ "ათიანში" გაარტყა.

რენატო სანჩესის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენასთან დაკავშირებით, პორტუგალიელთა სასტარტო განლაგება შეიცვალა და მან 4-3-1-2 სახე მიიღო. რა თქმა უნდა, ისევ გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე.

დანაკლისი არც უელსის ნაკრებს დაკლებია. დისკვალიფიკაციის გამო იუქმეს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, "არსენალის" შუახაზელმა არონ რემზიმ და მცველმა ბენ დევისმა.

როგორც ჩანს, უელსელთა თავკაცი კრის კოულმენი მაინც ფრთხილად მოეკიდა პორტუგალიელთა შემტევ პოტენციალს. ალბათ, ეს თუ იყო მიზეზი იმისა, რომ ბრიტანელებმა ერთბაშად ხუთი ნომინალური მცველით დაიწყეს ეს შეხვედრა.

გოლები
1:0 - რაფაელ გერეიროს შესანიშნავი ჩაწოდება - კრიშტიანო რონალდო საჰაერო ორთაბრძოლას უგებს უელსელ მცველს და უძლიერესი თავურით შანსს არ უტოვებს ჰენესის.

2:0 - ისევ რონალდო აქტიურობს. მისი დარტყმის შემდეგ რენატო სანჩესი გონივრულად ატარებს ბურთს და ის ლუიშ ნანის მისდის. ახლად გამომცხვარ ვალენსიელს გააქვს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
კრის კოულმენი (უელსი): "დიდებულად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. დღეს წავაგეთ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დასასრული. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ისინი კიდევ არაერთ დიდ ტურნირს ითამაშებენ.

ფაქტია, ევროპის ჩემპიონატზე მათ უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ეს გამოცდილება უკვალოდ არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგება. ჩვენს გუნდს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ პროგრესირება გააგრძელოს".

ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ჩვენს ქომაგებს, მთელ პორტუგალიას. ბერძნებს, რომლებიც გვქომაგობენ ამ ქვეყანაში ჩემ მიერ გატარებული წლების გამო. დიდმა სამუშაომ, რომელიც გავწიეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, შედეგი გამოიღო. ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვართ და ეს დიდებულია. ჩვენ დღეს უფრო ერთიანები და ძლიერები ვართ".

მატჩის გმირი
რა თქმა უნდა, პორტუგალიის მთელმა ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ეს დღეს კრიშტიანო რონალდოსი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელთა ლიდერი დიდებული იყო. ის ხშირად რამდენიმე მცველს ამყოფებდა წნეხში. ერთი გოლი კრიშტიანომ თავად შეაგდო. უდიდესია მისი წვლილი მეორე გოლშიც.

მსაჯი
შვედმა იონას ერიქსონმა მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. ეგაა, მას აშკარად ჩაუვარდა მატჩის დასაწყისში მომხდარი ეპიზოდი. იმ ეპიზოდში უელსელთა ცენტრალურ მცველს, კოლინზს ორივე ხელით ეჭირა რონალდო. ვფიქრობთ, ეს ეპიზოდი მსაჯს წესების დარღვევად უნდა შეეფასებინა. დანარჩენ შემთხვევებში შვედი დამაჯერებელი იყო. ის არ მოერიდა ავტორიტეტებს - რონალდოც გააფრთხილა და ბეილიც.

ანალიზი
უელსის ნაკრები ამ შეხვედრაში საკუთარ აჩრდილს ჰგავდა. როგორც აღმოჩნდა, გუნდი ძალიანაა დამოკიდებული მის ერთ-ერთ ლიდერზე, არონ რემზიზე. "არსენალის" ნახევარმცველის არყოფნამ უელსს ფანტაზია გამოაცალა. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბრიტანელები "ტვინის" გარეშე გამოვიდნენ მინდორზე.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში ყურადღების ცენტრში იყო გარეთ ბეილისა და კრიშტიანო რონალდოს ორთაბრძოლა. ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ ბრძოლაში აშკარა გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა.

რონალდომ გაიტანა ერთი და შექმნა მეორე გოლი. ის იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა. ბეილმა ბევრი იბრძოლა, მაგრამ კრიშტიანომ ორჯერ შეასრულა. ეს იყო გუშინდელი განსხვავება ამ ორი სუპერვარსკვლავის თამაშში.

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე აშკარად საუკეთესო მატჩი ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, სანტუშმა სწორად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და შიში იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ გაუძლებდნენ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის დიდ წნეხს, გაქარწყლდა.

იქნებ ვინმე კიდევ მეტ სანახაობას ელოდა პორტუგალიისგან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იყო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი და აქ "ღია კარის დღეს" არცერთი გუნდი მოაწყობდა.

დასკვნა
უელსის ნაკრები ნახევარფინალში დაეცა. ეს იყო მაქსიმუმი კრის კოულმენის ძალიან კარგი და სიმპათიური გუნდისა. მალე უელსის ნაკრებს კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვუყურებთ, ის ხომ საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

უელსმა ყველას აჩვენა, რომ ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი ამართლებს, რომ ფეხბურთში დიდ და პატარა გუნდებს შორის ზღვარი თითქმის აღარ არის. სრულიად ახლებურად წარმოჩნდა კრის კოულმენის სამწვრთნელო ნიჭი.

ამ ფორმაციის პორტუგალია ზოგს მოსწონს და ზოგს არა. ფაქტია: ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი ზედმეტი ზიზილ-პიპილოების გარეშე და თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელსაც წარმატება მოაქვს თანამედროვე პირობებში. პორტუგალია ფინალშია და ის მეტოქეს ელის.

whoscored.com-ის ტოპ-5
კრიშტიანო რონალდო პორ. 8,0
ლუიშ ნანი პორ. 7,9
სედრიკ სოარეში პორ. 7,5
რაფაელ გერეირო პორ. 7,4
რუი პატრისიო პორ. 7,1

6 ივლისი. ლიონი. "პარკ ოლიმპიკი"
პორტუგალია - უელსი 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (50. გერეირო), 2:0 ნანი (53. რონალდო)
პორტუგალია (4-3-1-2): რუი პატრისიო - სედრიკი, ბრუნო ალვეში, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო - ჟოაო მარიო, დანილო, ადრიან სილვა (79. ჟოაო მოუტინიო) - რენატო სანჩესი (74. ანდრე გომეში)- ნანი (86. კვარეშმა), რონალდო
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, კოლინზი (66. ჯ. უილიამსი), ე. უილიამსი, ტეილორი - ალენი, ლედლი (58. ვოუკსი), კინგი - რობსონ-კანუ (63. ჩარჩი), ბეილი
გაფრთხილება: ბრუნო ალვეში, რონალდო - ალენი, ჩესტერი, ბეილი
კარში დარტყმა: 8(5) -3(3); კუთხური: 6-2; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 55 679

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ სჯობია რეალი ბარსას იმიტომ იქ მაგარი კაცები ბეილი და რონალდო არიან.მებრძოლები,პატრიოტები.
რეალობა
10:43 07-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული