ძიუდო. მ/ჩ: დღეს მედლებისთვის სამი იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეიდან ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში შეხვედრები სამ-სამ წონით კატეგორიაში გაიმართება.

დღეს ვაჟებიდან 90 კგ-ის, ხოლო ქალებიდან 70-78-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. შესაბამისად, ჩვენც სამი ფალავანი გვეყოლება: ევროპის მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი და სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-დან. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებს და ყაზახი აზამატ ბეკტურსუნოვისა და ფილიპინელი კოჰეი კოჰაგურას შეხვედრას მიადევნებს თვალს, რომელშიც მისი პირველი მეტოქე გაირკვევა. ეს ბარიერი
მისთვის ნამდვილად არაა დაუძლეველი, მომდევნო ეტაპზე - 1/16-ფინალში კი სლოვენიელ მიხაელ ჟგანკსა და ესტონელ კლენ კრისტოფერ კალჯულაიდს შორის მოგებულს შეხვდება.

მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, რაც ამ ბადეში, სავსებით რეალურია, მისი მეტოქე რუსთა ევროპის ჩემპიონ ხუსეინ ხალმურზაევის, მასპინძელ გაბორ ვერის, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესის და გაბონელ პაულ კიბიკაის კვარტეტის პაექრობაში გაირკვევა. აი, მეოთხედფინალს რაც შეეხება, ბადის ამ ნახევრიდან ვინც უნდა გავიდეს იქ, სავარაუდოდ, კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი დანჰონ გვაკი დახვდება. ღვინიაშვილს ჯგუფის სამივე ძირითად კონკურენტთან თითო მოგება-წაგება აქვს.

ნახევარფინალში ამ ჯგუფიდან გასულის სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერები სერბთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ტონი კუკოლი და არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი სერგიუ ტომა არიან, რომლებიც პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან. ვფიქრობთ, ჩვენებურს საფინალო ორთაბრძოლა მაინც მეოთხედფინალში ელოდება, მანამდე გვაკმა სენსაციით თუ არ გაგვანებივრა და არ დამარცხდა.

წილისყრამ არ გაუმართლა მარგიანს: ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი აქსელ კლერჯე, მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ეშლი გონსალესი, მოლდოვიდან ტომას გზას საემიროებში გაყოლილი და საკმაოდ კერკეტი მიხეილ მარჩიტანი, იქით უტიტულო, მაგრამ კორეული სკოლის წარმომადგენელი ჯაეონ ლეე...

მარგიანი თავიდან ისვენებს, მერე ბოსნიელ ტონი მილეტიჩს გაეჯიბრება, ხოლო თუ მოუგებს, მისი მომდევნო მეტოქე სწორედ კორეელის, ალჟირელი აბდელრაჰმან ბენამადისა და ნიგერიელი ბახიროუ დოუბოუს პაექრობაში გაირკვევა.

ოძელაშვილი პირველ წრეში ნიგერიელ ვინიე გოფიტს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი რუსი ალენა პროკოპენკო ელოდება. ოძელაშვილიც ურთულეს ჯგუფშია მოხვედრილი: ჰოლანდიელი ევროპის ორგზის გამარჯვებული კიმ პოლინგი, ისრაელში გადასული მისი თანამემამულე, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლინდა ბოლდერი, კოლუმბიელი მსოფლიოს ჩემპიონი იური ალვეარი, ხორვატი ევროპის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ბარბარა მატიჩი...

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული