NHL: პრიზები დარიგებულია

AutoSharing Option
ლას ვეგასში გაიმართა ჰოკეის ეროვნული ლიგის 2014-15 წლების სეზონის ინდივიდუალური პრიზების გადაცემის ცერემონია.

უძვირფასესი მოთამაშის პრიზი - "ჰარტ ტროფი" გადაეცა "მონრეალ კანადიენსის" მეკარეს კორი პრაისს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჰოკეის პროფესიონალი ჟურნალისტების ასოციაციის 157-მა წევრმა. აქედან 155-მა პრაისი პირველ სამეულში შეიყვანა, 139-მა კი მეკარე პირველ ადგილზე დააყენა. შედეგად, 27 წლის კანადელმა 1498 ქულა დააგროვა და პირველი მეკარე გახდა 2002 წლის შემდეგ, ვინც "ჰარტ ტროფი" აიღო. 888 ქულით მეორეზე გავიდა "ვაშინგტონის" ფორვარდი ალექსანდრ ოვეჩკინი, მესამე იყო "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდი ჯონ ტავარესი
(739).

გარდა ამისა, პრაისი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა ჰოკეისტების ვერსიით. ის პირველი მეკარეა ისტორიაში, რომელმაც ეს პრიზი ("ტედ ლინდსეი ტროფი") მოიპოვა. გარდა ამისა, "კანადიენსის" მეკარემ და "ჩიკაგოს" გოლკიპერმა კორი კროუფორდმა გაიყვეს "უილიამს ჯენინგს ტროფი" რეგულარულ ჩემპიონატში გაშვებული ყველაზე ცოტა შაიბის წყალობით. რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზს ("ვეზინა ტროფი"), აქ ისევ პრაისი იყო პირველი.

* * *
ალექსანდრ ოვეჩკინს მაინც მისცეს ერთი პრიზი - "მორის რიშარ ტროფი", როგორც სეზონის საუკეთესო სნაიპერს.

სეზონის საუკეთესო მცველი გახდა და "ნორის ტროფი" მოიპოვა ოტაველმა ერიკ კარლსონმა. 66 ქულით ის მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

ჯენტლმენური საქციელისთვის "ლედი ბინგ ტროფი" "კალგარის" ფორვარდმა ირჟი ჰუდლერმა მოიპოვა.

"ბილ მასტერტონ ტროფი" - პრიზი სპორტული ხასიათისთვისა და ჰოკეისადმი ერთგულებისთვის "მინესოტას" მეკარეს დევან დუბნიკს ერგო.

"დეტროიტის" ფორვარდმა ჰენრიკ ზეტერბერგმა მოიგო "კლენსი ტროფი" - პრიზი მოთამაშეს, რომელიც მაგალითია პარტნიორებისთვის ყინულზე და მის მიღმა, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

"დალასის" ფოვარდს ჯეიმი ბენს გადაეცა "არტ როს ტროფი" - პრიზი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის "გოლი+პასის" სისტემით.

ლიდერის თვისებების გამოვლენისთვის "მესიე ლიდერშიფ ევორდი" მოიგო "ჩიკაგოს" ფორვარდმა ჯონათან ტეივზმა.

დაბოლოს, "ფლორიდას" მცველმა აარონ ეკბლადმა მოიპოვა "კოლდერ ტროფი", როგორც სეზონის საუკეთესო დებიუტანტმა.

გარდა ამისა. ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.

პირველ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე კერი პრაისი ("მონრეალი"), მცველები - ერიკ კარლსონი ("ოტავა"), პი კეი საბენი ("მონრეალი"), ფორვარდები - იაკუბ ვორაჩეკი ("ფილადელფია"), ალექსანდრ ოვეჩკინი ("ვაშინგტონი"), ჯონ ტავარესი ("აილენდერსი").

მეორე სიმბოლური: მეკარე დევან დუბნიკი ("მინესოტა"), მცველები - დრიუ დაუტი ("ლოს ანჯელესი"), ში უებერი ("ნეშვილი"), ფორვარდები - სიდნი კროსბი ("პიტსბურგი"), ჯეიმი ბენი ("დალასი"), ვლადიმერ ტარასენკო ("სენტ ლუისი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული