NHL. პლეი ოფი: "ჩიკაგომ" მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
სტენლის თასის ფინალური სერია "ჩიკაგოს" გასვლითი გამარჯვებით დაიწყო, რითაც "ბლეკჰოქსმა" სამაგიერო გადაუხადა "ტამპა ბეის" რეგულარულ ჩემპიონატში 0:4 მარცხისთვის.

არადა, ფინალის პირველი მატჩის სტარტი მასპინძლებისთვის იდეალური გამოვიდა. დაწყებიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, როცა ალექს კილორნმა ანგარიში გახსნა. მან ანტონ სტრალმანის პასის შემდეგ პლეი ოფში თავისი მერვე შაიბა კართან ზურგშექცევით მდგომმა გაიტანა.

მაგრამ ამით მასპინძლებისთვის დადებითი მომენტები დასრულდა. დიდწილად, ამას ხელი შეუწყო "ჩიკაგოს" კარის დარაჯის, კორი კროუფორდის ბრწყინვალე თამაშმა, რომელმაც ჯამში 22 შაიბა მოიგერია და მატჩის მეორე ვარსკვლავი გახდა.

თამაშის ბედი
საფინალო სირენამდე დაახლოებით შვიდი წუთით ადრე გადაწყდა. მანამდე შესანიშნავად მოთამაშე ბენ ბიშოპმა ვერაფერი მოუხერხა ტეივო ტერავაინენის დარტყმას - შაიბა ტყვიასავით შევარდა "ტამპა ბეის" კარის ახლო ცხრიანში.

მიღებული შოკი ძალიან ძლიერი გამოდგა მასპინძლებისთვის. ჯონ კუპერის დემორალიზებულმა შეგირდებმა დაცვაში შეცდომების დაშვება დაიწყეს და ორ წუთში დაისაჯნენ ამის გამო. "ლაითნინგის" მცველებმა საკუთარ ზონაში დაკარგეს შაიბა და იმავე ტერავაინენმა სწრაფად გადაიტანა შაიბა ანტუან ვერმეტისკენ, რომელმაც გამარჯვების შაიბა გაიტანა.

მატჩის ბოლოს "ტამპა ბეიმ" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და შტურმი მოაწყო კროუფორდის კართან, მაგრამ "ჩიკაგოს" გოლკიპერმა ორი სახიფათო დარტყმა მოიგერია და თავისიანებს პირველი გამარჯვება მოუტანა.

მატჩის ნამდვილი გმირი კი 20 წლის ტერავაინენი აღმოჩნდა. ფინალური სერიის წინ ფინელს მხოლოდ ექვსი ქულა ჰქონდა პლეი ოფში და ყინულზეც იშვიათად ჩნდებოდა. გასაკვირი არ არის, რომ ტეივო შეხვედრის პირველ ვარსკვლავად აღიარეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ტამპაში 7 ივნისს გაიმართება.

ტამპა ბეი-ჩიკაგო 1:2
1:0, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 კილორნი-8 (სტრალმანი-7, ფილპულა-9), 1:1 ტერავაინენი-3 (კიტი-17, შოუ-6), 1:2 ვერმეტი-3 (ტერავაინენი-5).

სერია: 0-1

* * *
"პიტსბურგ პინგვინზის" მფლობელები - რონ ბერკლი და მარიო ლემიე კლუბის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავენ. კლუბში დაადასტურეს, რომ დაიქირავეს კომპანია "მორგან სტენლი", რათა შეფასდეს სტრატეგიული განვითარების ვარიანტები. იტყობინებიან, რომ კლუბის გაყიდვით უფრო მეტად ლემიეა დაინტერესებული, რომელიც ბერკლისთან ერთად 16 წელია ფლობს გუნდს.

" გაკოტრების პირას მყოფი გუნდის შეძენის შემდეგ მოვახერხეთ, "პინგვინზისთვის" განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივა მიგვეცა, შევქმენით ბაზა წარმატებული გამოსვლისთვის. მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო სხვა ვარიანტების განხილვისთვის", - ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის მფლობელთა სიტყვებია მოყვანილი.

გამოცემა "ფორბსის" მიერ "პიტსბურგი" 550 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული