NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბომბარდირული კრიზისი

AutoSharing Option
თუ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირები იოლად აღწევდნენ სეზონში 140 ქულის ნიშნულს, ბოლო დროს დიდოსტატურ 100-ქულიან ზღვრამდე ერთეულები მიდიან...

ესპოზიტოდან კროსბიმდე
კროსბი, მალკინი, ძმები სედინები, ბექსტრიომი, ოვეჩკინი, სან ლუი, ლეკავალიე, ჰიტლი, ჰოსა, ტორნტონი, იაგრი, ალფრედსონი, ერის სტაალი - აი, ყველა ის ჰოკეისტი, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში გადალახა 100-ქულიანი ზღვარი. სავარაუდოდ, უმეტესი მათგანი მომავალში NHL-ის "დიდების დარბაზში" აღმოჩნდება. სულ ლიგაში 271 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 105 სხვადასხვა მოთამაშისგან.

პირველი ლეგენდების რიგში ფილ ესპოზიტო
იყო, რომელმაც 1969 წელს რეგულარულ ჩემპიონატში 100 ქულა დააგროვა და მხოლოდ რვა მოთამაშემ დაიწყო კარიერა ლიგაში +100 მაჩვენებლით.

"+100 კლუბის" ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ცალკე აღნიშვნის ღირსია. სხვა საინტერესო პერსონებიდან გორდი ჰოუმ (მესამე ბომბარდირი NHL-ის ისტორიაში) 26 სეზონში მხოლოდ ერთხელ გადალახა 100-ქულიანი ზღვარი, რონ ფრენსისმა კი (მეოთხე ბომბარდირი ლიგაში) 23 პროფესიული წლის განმავლობაში სასურველ შედეგს სამჯერ მიაღწია.

მოქმედ მოთამაშეებს შორის მხოლოდ იაგრს, ტორნტონს, ჰიტლის, კროსბის, მალკინსა და ოვეჩკინს აქვთ მინიმუმ ორჯერ დაგროვებული სეზონში 100 ქულა. უკვე აღარ არსებობს ბომბარდირთა დავაში დიდი სხვაობები, როგორც ეს გრეტცკის დროს იყო. მათ შორის იმის გამო, რომ ლიდერებმა ამ რბოლაში შესამჩნევად შეამცირეს მაჩვენებლები. მარკ რეკი, რომელმაც 1992-93 წლების სეზონი 123 ქულით დაასრულა, ამ მაჩვენებლით დღეს ყოველ წელს მოიგებდა "არტ ტროფის", თან დიდი უპირატესობით.

ვიღაც ბომბარდირული მაჩვენებლების კლებაში მოთამაშეთა ოსტატობის საერთო ზრდას დაასახელებს; ვიღაც მიანიშნებს ხარისხიანი ლეგიონერების რაოდენობის ზრდაზე, რომლებმაც ჩაანაცვლეს ჩრდილოამერიკელები; სხვები კი აღნიშნავენ მეკარეების მუშაობაში ახალ მიდგომას (სათამაშო ოსტატობის ამაღლება, ეკიპირების გაზრდა). ალბათ, თითოეულ ამ აზრს აქვს არსებობის უფლება და მასში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ არ უნდა უარვყოთ ის ფაქტი, რომ იმ "ფრანჩაიზ-ბომბარდირების" დასათვლელად, რომლებიც NHL-ში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გამოჩნდნენ, ერთი ხელის თითებიც ბევრი იქნება.

თაობა past: გრეტცკი vs ლემიე
ფორმულირება - "ფრანჩაიზ-ბომბარდირი" ძალიან იშვიათად გამოიყენება. ალბათ, შემსრულებლების მინიმალური რაოდენობის გამო, რომელთა მისამართითაც შეიძლება ამ ფორმულირების გამოყენება. საქმე ისაა, რომ რეალურად "ფრანჩაიზ-ბომბარდირი" - ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ბომბარდირული თვისებების დემონსტრირება მრავალი წლის განმავლობაში.

ჰოკეის მოყვარულთა 99 პროცენტი "ფრანჩაიზ-ბომბარდირად" დაასახელებს უეინ გრეტცკის. რთულია, ამას არ დაეთანხმო, როცა ლაპარაკია მოთამაშეზე, რომელსაც თავის ანგარიშზე 2857 ქულა აქვს და ფლობს ყველანაირ შესაძლო და შეუძლებელ რეკორდს.

"დიადის" გვერდით ერთ საფეხურზე შეიძლება დადგეს მარიო ლემიე. მართალია, სუპერმარიოს გრეტცკიზე 1000 ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ მატჩებიც გაცილებით ცოტა ჩაატარა. სხვათა შორის, ორივე მოთამაშე დიდი სხვაობით იგებს ყველა დროის ბომბარდირთა ცხრილს მატჩში გოლების საშუალო რაოდენობით. გრეტცკის ეს მაჩვენებელი 1.92 ქულას უდრის, ლემიესი - 1.88-ს. მესამეზეა მაიკ ბოსი - 1.50.

საინტერესოა ერთი საგულისხმო დეტალი: გრეტცკი, რომლის ორგანიზმმა მთელი კარიერა ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე იმუშავა, მრავალი წელი არ ამოვარდნილა სეზონში +100-ის სიიდან. თუ გამოვაკლებთ ლოკაუტის სეზონებს, აგრეთვე, იმ ჩეპიონატებს, რომლებშიც უეინმა ტრავმების გამო 15-ზე მეტი მატჩი გამოტოვა, "დიადს" პირველი ჩავარდნა მხოლოდ 1996-97 წლების სეზონში ჰქონდა, როცა 82 მატჩში 97 ქულა დააგროვა. მანამდე კი იყო 15 ფანტასტიკური სეზონი, რომელთაგანაც 11-ში გრეტცკის ასზე მეტი მარტო შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

მარიო ლემიეს კარიერა უფრო რთული აღმოჩნდა. "პიტსბურგის" ლეგენდარულ კაპიტანს კარიერაში არ ჰქონია სეზონი ტრავმებისა და ავადმყოფობების გარეშე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, 100-ქულიანი 10 სეზონი ჩაეტარებინა. არადა, იყო 58 გამოტოვებული შეხვედრა 1990-91 წლების სეზონში, 62 თამაში - 1993-94 წლებში, მთლიანად უთამაშებელი 1994-95 წლების სეზონი. და კიდევ, მძიმე ავადმყოფობის გამო სამწელიწადნახევარი არ უთამაშია...

სხვათა შორის, კარიერის ბოლო სამმა სეზონმა გაუფუჭა სტატისტიკა ლემიეს: 36 მატჩში (სამი წლის განმავლობაში) "პინგვინების" კაპიტანმა 31 ქულა დააგროვა და დაკარგა პირველი ადგილი საშუალოდ მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით.

ასეა თუ ისე, ბომბარდირული გმირობები ლემიესა და გრეტცკის დუეტს მრავლად ჰქონდა. არსებობს თუ არა დღეისთვის ისეთი შემსრულებელი, რომელიც ამ დუეტს ტრიოდ გადააქცევს?

თაობა next: სად არიან?
ბევრ მოთამაშეს მიანიჭეს იარლიყი - The Next One,"ახალი ლემიე", "ახალი გრეტცკი". ეს დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ახალი გრეტცკი არ გამოჩნდა. ბოლო მაგალითია - ნათან მაკინონი. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია, გონიერი, პერსპექტიული და გენიალურიც კი, მაგრამ არ არის არც გრეტცკი, არც ლემიე და თუნდაც კროსბი.

ისინი, რომლებიც იცნობენ ახალგაზრდულ ჰოკეის, შემოგვთავაზებენ ორ კანდიდატურას: კონორ მაკდევიდი და ამერიკული ჰოკეის იმედი ჯეიკ აიკელი. ეს ბიჭებიც ძალიან პერსპექტიულები არიან და მომდევნო დრაფტი სწორედ მათ გამო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ ამ დუეტის ნიჭის თაყვანისმცემლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ დაახლოებით მათ ასაკში სიდნი კროსბი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და MVP იყო.

აიკელი და მაკდევიდი NHL-ის ვარსკვლავები უნდა გახდნენ, შეიძლება სუპერვარსკვლავებიც, მაგრამ ჰოკეის ღმერთების როლზე პრეტენდენტები დღევანდელ თაობაში უნდა ვეძებოთ.

ლეგენდა №87
კროსბიმ 27 წლის ასაკში მიაღწია იმას, რომ მას მაგალითად უყენებენ კანადური ჰოკეის ახალ ვარსკვლავებს. სწორედ "ახალ კროსბის" უწოდებენ უკვე ნახსენებ კონორ მაკდევიდს.

2006 წელს კროსბი შეუერთდა უეინ გრეტცკის, მარიო ლემიეს, ტეემუ სელიანეს, პეტერ შჩასტნის, დეილ ჰავერჩუკს, ჯო ჟიუნოს - მოთამაშეებს, რომლებმაც ლიგაში სადებიუტო სეზონში შეძლეს 100 ქულის დაგროვება. უფრო მეტიც, სიდმა ეს ყველაზე ახალგაზრდა ასაკში გააკეთა. მან ასევე ყველაზე ადრე დააგროვა კარიერული 200 ქულა. შემდეგ კი კროსბის "ლიდერის სინდრომი" შეეყარა...

10 პროფესიული სეზონიდან სიდნიმ ვერც ერთში ტრავმა ვერ აიცილა თავიდან: იქნებოდა ეს ხერხემლის დაზიანება, ტვინის შერყევა და რაიმე სხვა, მაგრამ ტრავმებისა და ხანგრძლივი პაუზების (ერთ-ერთი მთელი 10 თვე გაგრძელდა) მიუხედავად, სიდნი გრეტცკისა და ლემიეს გზას ადგას. "პიტსბურგის" კაპიტანმა ხუთჯერ გადალახა 100-ქულიანი ზღვარი, შემოკლებულ სეზონებში კი კიდევ უფრო მაღალ საშუალო შედეგიანობას აჩვენებდა. ამ მაჩვენებლით ის ახლა მეხუთეა ლიგის ისტორიაში.

თითქოს, კროსბის მინიმუმ საკუთარი ბოსის (მარიო ლემიე "პიტსბურგის" მფლობელია) შედეგზე შეუძლია პრეტენზიის გამოცხადება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს სეზონი ყველაზე უარესია სიდისთვის კარიერაში. მას 42 მატჩში 51 ქულა აქვს - მარტივი მათემატიკური გამოთვლებით, კროსბი სეზონს 98 ქულით დაასრულებს.

მაგრამ სპორტში მათემატიკურ გამოთვლებს ადგილი არ აქვს და სიდმა, შესაძლოა, მოუმატოს სეზონის მეორე ნაწილში. ასევე, დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით იმაში, რომ ფორვარდი ტრავმების გარეშე დაასრულებს რეგულარულს.

ისე კი, კროსბი, სპორტული თვალსაზრისით, ნამდვილი ჯადოქარია, რომელსაც შეუძლია სტატისტიკის მოყვარულებს მისცეს საბაბი - გააგრძელონ მსჯელობა ჰოკეის ოლიმპის მწვერვალზე პოზიციის მოსალოდნელ შეცვლასთან დაკავშირებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა
ჰოკეიზე დადეთ ხოლმე ასეთები
tornike
11:10 23-01-2015
0

სიახლეები პოპულარული