ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება

AutoSharing Option
"ოკლაჰომას" ლიდერისთვის რასელ უესტბრუკისთვის სეზონი დასრულდა. როგორც იცით, გამთამაშებელმა რეგულარული ჩემპიონატი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი.

ასეთი რამ კი NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ერთ კალათბურთელს გაუკეთებია - 1961-62 წლების სეზონში ოსკარ რობერტსონს. "ოკლაჰომამ" ხუთ მატჩში წააგო პლეი ოფის პირველი რაუნდის სერია "ჰიუსტონთან" და ამ ხუთ თამაშშიც რასელს სამმაგი დუბლი ჰქონდა. უესტბრუკის გამოსვლა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსად გამოცხადდა მთლიანად სპორტის ისტორიაში.

ESPN-მა გაიხსენა სპორტის ისტორიაში 10 ლეგენდარული სეზონი.

უილტ ჩემბრლენი (1961-62)
იმ სეზონში
ჩემბერლენის სტატისტიკა იყო: 50.4 ქულა და 25.7 მოხსნა. და სწორედ იმ წელს იყო ის ლეგენდარული მატჩი, როცა 100 ქულა ჩააგდო. მისმა საერთო მონაგარმა 4 029 ქულა შეადგინა. მანამდე და შემდეგ, მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა შეძლო სეზონში 3 000 ქულამდე ასვლა - მაიკლ ჯორდანმა.

უეინ გრეტცკი (1981-82, 1985-86)
ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტს ბევრი გამორჩეული სეზონი ჰქონდა, მაგრამ 1981-82 წლების სეზონში დაფიქსირებული რიცხვები ფანტასტიკის სფეროდანაა. 92 გოლი ერთ ჩემპიონატში - აბსოლუტური რეკორდია. 120 შედეგიან გადაცემას კი ასევე არავინ მიახლოებია ლიგის ისტორიაში (გრეტცკის გარდა). სხვა ჰოკეისტებისთვის საუკეთესო შედეგი - 114 საგოლე გადაცემაა.

* * *
გრეტცკი ორჯერ მოხვდა ამ სიაში, რადგან 1985-86 წლების სეზონში ქულების რაოდენობით NHL-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - 215. ასევე მოუხსნელი რეკორდია - 163 შედეგიანი პასი რეგულარულ ჩემპიონატში.

ტაიგერ ვუდსი (2000)
ერთ სეზონში სამი მეიჯორის მოგება (ამერიკის ღია, ბრიტანეთის ღია, PGA-ის ჩემპიონატი), მართლაც უდიდესი მიღწევაა და ის მხოლოდ ერთხელ მომხდარა თანამედროვე პროფესიული ტურის ისტორიაში. გარდა ამისა, ვუდსმა იმ წელს სულ ცხრა ტურნირი მოიგო და 17 ტურნირში იყო ტოპ-ათეულში.

ლიონელ მესი (2012)
91 გოლი კალენდარულ წელიწადში - 74 ბურთი მოდიოდა "ბარსელონაზე" (რეკორდი საკლუბო ფეხბურთისთვის ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით) და 12 - არგენტინის ნაკრებზე. კიდევ ხუთი გოლი არგენტინელმა ამხანაგურ მატჩებში გაიტანა.

შტეფი გრაფი (1988)
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა 1988 წელს მოიგო "დიდი სლემის" ყველა ტურნირი და ამას დაუმატა ოქროს მედალი სეულის ოლიმპიადაზე. მან 75 მატჩიდან მოიგო 72 და მოიპოვა ერთეულებში 11 ტურნირის მთავარი პრიზი. ასეთი სეზონი არავის ჰქონია არც ქალთა და არც მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

მაიკლ ფელპსი (2008)
ყველაზე დროის ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიელი. მან პეკინში, 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს რვა მედალი მოიგო, მათ შორის ხუთი - ინდივიდუალურ დისციპლინებში. მის მიერ 400 მეტრზე კომპლექსურში ნაჩვენები დრო დღემდე მსოფლიოს რეკორდია. მან გახსნა 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა და მისი დრო დღემდე საუკეთესოა ესტაფეტების პირველი ეტაპისთვის.

მიკი მანტლი (1956)
მიკი მანტლის ინდივიდუალურად გამორჩეული სეზონი მეტად საკამათოა, რადგან ბეისბოლი ტექნიკურად ძალიან შეიცვალა. მაგრამ მანტლის მიღწეული შედეგი მაინც ფანტასტიკა იყო - მან იშვიათი ჰეთ-თრიკი შეასრულა: პირველი იყო საშუალო მაჩვენებლით (35.3), ჰოუმრანებით (52) და RBI-ით (ქულების რაოდენობა, რომელიც გუნდმა მოიპოვა ბეტერის მოქმედებით, 130). სამივე კატეგორიაში მან ლეგენდარულ ტედ უილიამსსაც კი გაუსწრო.

ბარი სანდერსი (1988)
ბარი სანდერსი ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის ლეგენდა იყო, მაგრამ ადრეულ წლებში, ოკლაჰომას კოლეჯში თამაშისას, განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა - გაირბინა 2850 იარდი და შეასრულა 44 თაჩდაუნი. და ეს ყველაფერი ერთ სეზონში, უფრო ზუსტად - 12 მატჩში!

ტომ ბრეიდი (2007)
2007 წლის სეზონი ლეგენდარული იყო ბრეიდისთვისაც და კლუბ "პეტრიოტისთვისაც", რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 16-დან 16 მატჩი მოიგო, შემდეგ კი სუპერბოულშიც გაიმარჯვა.
შთამბეჭდავი იყო ბრეიდის სტატისტიკა: 50 სათაჩდაუნე პასი, პასების საერთო სიგრძე - 4806 იარდი, 68.9 პროცენტი პასების სიზუსტე. მისი QBR (კვოტერბეკის რეიტინგი 16 ან უფრო გრძელი პასებისთვის) 88.2 იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ამ სიაში შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ: ოსკარ რობერტსონი (1961-62), მაიკლ ჯორდანი (1986-87), პეიტონ მენინგი (2013), სერენა უილიამსი (2013), ბეიბ რუთი (1921), რიჩარდ პეტი (1967).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კუშეტკაზე ცევს და ტელევიზორს უყურებს:):):)
ზურიკო
19:37 29-04-2017
0
უსეინ ბოლტი სადაა??
total
17:01 29-04-2017
0
სიახლეები პოპულარული