ზამთრის ოლიმპიადისთვის ლიცენზიები არის და კიდევ იქნება

AutoSharing Option
ახლოვდება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირველად სწორედ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ეს იყო 1994 წლის ოლიმპიადა ნორვეგიის კურორტ ლილეჰამერში.

ასე რომ, ამჯერად სოჭი, დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლებისთვის რიგით ზამთრის მე-6 ოლიმპიადა იქნება.

ჩვენი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადისთვის, ძირითადად, უცხოეთში ემზადებიან, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ხოლო რაც გვქონდა, ის მოგონებად დარჩა.

თანაც, დღეს უკვე მხოლოდ ზამთრის პერიოდში მომზადება აღარ არის საკმარისი მაღალი შედეგების მისაღწევად.

ხელოვნური ტრასები და ტრამპლინი წელიწადის ნებისმიერ დროს
ჩვენებისთვის მხოლოდ ევროპაშია ხელმისაწვდომი, რაც, ბუნებრივია, გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს.

გარკვეულწილად დიდი შეღავათია, რომ უკვე მე-16 წელიწადია, რაც ავსტრიაში, გოგი თოფაძისა და გერა აბრამიშვილის დამსახურებით, ფუნქციონირებს სპორტკლუბი "ყაზბეგი", რომელსაც გააჩნია თავისი კოტეჯი. აქ საქართველოს სამთომოთხილამურეებს უწყვეტი ციკლით მზადების შესაძლებლობა მიეცათ.

რა მდგომარეობაა ამჟამად, როგორ მიმდინარეობს სოჭის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩვენი სამთომოთხილამურეების მზადების პროცესი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად 2 დეკემბერს ავსტრიაში ტელეფონით შევეხმიანეთ ცნობილ ვეტერან სპორტსმენს და ჩვენი ნაკრების მწვრთნელ გერა აბრამიშვილს.

- კარგა ხანია, ვემზადებით სოჭის ოლიმპიადისთვის. აქ ჩინებული პირობებია, შუა ევროპაში ვართ და ადვილად გადავდივართ ქვეყნიდან ქვეყანაში საასპარეზოდ. ამასთან, ჩვენი მოთხილამურეები საქართველოში გამართულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ, რაც კარგი სტიმულია ბავშვებისთვის. უკვე გამოჩნდნენ ნიჭიერი მოზარდები, შევქმენით მეორე ნაკრები და ორივე თაობის სპორტსმენები ერთად იმაღლებენ ოსტატობას.

- სოჭის ოლიმპიადამდე 13 თვე რჩება. ლიცენზიების საქმე როგორაა?
- თამამად გეტყვით, რომ საქმე ნამდვილად კარგადაა. ბაკურიანელი იასონ აბრამაშვილი საკმაოდ დაწინაურდა.

რეიტინგით ვინც 500-ში შევა, სოჭშიც ის იასპარეზებს. იასონი კი უკვე 300-ეულს მიუახლოვდა. ლიცენზია ასევე უკვე განაღდებული აქვს გუდაურელ ალეკო ბენიანიძეს; ოლიმპიადაში მონაწილეობა ასევე აქვს გარანტირებული გუდაურელ ნინო წიკლაურს.

- ბაკურიანელი ჯაბა გელაშვილიც ხომ ემზადება?
- რა თქმა უნდა, ემზადება. მას ბევრი არ უკლია ლიცენზიამდე და უეჭველად მიიღებს კიდეც, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია. ახლა საფრანგეთში გაემგზავრება მამამისთან ერთად. იქ 4-5 შეჯიბრებაში გამოვა, ანუ მთლიანად ლიცენზიაზე იმუშავებს.

- თქვენ მიერ ხსენებული სპორტსმენები რომელ ოლიმპიურ პროგრამაში გამოვლენ სტარტზე?
- მხოლოდ გიგანტში და სლალომში. ასე გადავწყვიტეთ, რომ მრავალმხრივ ვიყოთ დაზღვეულები. უფრო რთულ და რისკთან დაკავშირებულ პროგრამაში მზადებას განგებ ავარიდეთ თავი.

თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული