ავსტრიული დუელი კატრინ ცეტელმა მოიგო

AutoSharing Option
ქალები ტექნიკურ სახეობებში ებრძოდნენ ერთმანეთს. ამერიკის კურორტ ასპენში გაიმართა სპეციალური სლალომის სტარტი და ფავორიტად ავსტრიელი მარლის შილდი მიიჩნეოდა, რომელიც დღეს საუკეთესო სლალომისტად არის აღიარებული.

მაგრამ წელს ამ მოთხილამურისთვის სეზონი არც ისე წარმატებით ვითარდება. ახალი სეზონის პირველ სლალომში, რომელიც ფინეთში გაიმართა, შილდმა ფინიშამდე ვერ მიაღწია. ამჯერად კი მისი დამარცხება მოახერხა მისმა თანამემამულემ - კატრინ ცეტელმა.

პირველი დაშვებისას შილდი ზედმეტად ფრთხილობდა და მესამე დრო აჩვენა. სამაგიეროდ, მეორე დაშვება თითქმის იდეალური გამოუვიდა და საბოლოო გამარჯვებაზე სერიოზული პრეტენზია გამოაცხადა. მაგრამ იმ დღეს კატრინ ცეტელი
შეუდარებელი იყო.

პირველი ცდის შემდეგ მან ლიდერობა მოიპოვა, მეორე ცდაზე კი არა მარტო შეინარჩუნა პირველი ადგილი, არამედ აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა და შილდს 37 მეასედი მოუგო.

აღნიშვნის ღირსია სლოვენიელი ტინა მაზეს მესამე ადგილი. ეს მოთხილამურე სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას და აქედანვე ჩანს, რომ ის "დიდი ბროლის გლობუსის" ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი იქნება.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, უნდა გამოვყოთ გერმანელი მარის რიშის მეოთხე ადგილი; აგრეთვე - ახალგაზრდა ამერიკელის, მიკაელა შიფრინის მეშვიდე პოზიცია. ეს მოთხილამურე ყოველ ეტაპზე უახლოვდება მსოფლიო ელიტას.

შემდეგ კვირას ქალები ლეიკ ლუისში გადაინაცვლებენ, სადაც ჩქაროსნულ დისციპლინებში გაარკვევენ ურთიერთობას. ვარაუდობენ, რომ იქ მოთხილამურეებს შეუერთდება ამერიკელი ლინდსი ვონი, რომელსაც ბოლო დროს პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სლალომი
ქალები
1. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 1:42.46; 2. მარლის შილდი (ავსტრია) - +0.67; 3. ტინა მაზე (სლოვენ) - +1.81; 4. მარია რიში (გერ) - +1.93; 5. მარია პიტელე-ჰოლმნერი (შვედ) - +2.15; 6. ლენა დიური (გერ) - +2.87...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული