ქართველი მოთხილამურეები თურქეთიდან რვა მედლით

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა მოთხილამურეებმა თურქულ ერზერუმსა და ყარსში FIS-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებით იყოჩაღა ინსბრუკში მსოფლიოს ახალგაზრდობის ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ კოზანაშვილმა (ბაკურიანი): ყარსში მან გიგანტურ სლალომში 1.57,85-ით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო მასპინძელი ერსინ ბეიდუზი (1.58,68).

ამავე ტურნირზე III-IV ადგილებზე, შესაბამისად, სოსო ჯაფარიძე (გუდაური, 1.58,95) და შოთა ნათაძე (გუდაური, 1.59,00) გავიდნენ; ბაკურიანელი კახა კურტანიძე VII ადგილით (1.59,84) დაკმაყოფილდა.

კოზანაშვილმა ერზერუმში სლალომისტთა პაექრობისას ორი ბრინჯაო დაიმსახურა: პირველ დღეს (1.57,72) მას
თანაგუნდელმა სოსო ჯაფარიძემ (II ადგილი, 1.54,16) და თურქმა ემრე სისეკმა (I, 1.52,83) გაუსწრეს (კახა კურტანიძე VI იყო), მეორე დღეს კი მასთან (1.55,02) ერთად კვარცხლბეკზე მასპინძლები ავიდნენ.

ოქრო სელიმ პასილნის (1.53,20) ერგო, ვერცხლი - ბეიდუზს (1.54,09). ვაჟებში უმედლოდ არც კახა კურტანიძე დარჩენილა - ყარსში მან გიგანტური სლალომის ორი დისტანციის ჯამში (2.02,54) III ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან ლევენთ თაშს (თურქეთი) 0,02 წამით ჩამორჩა. პირველობა არავის დაუთმო ემრე სიმსეკმა (2.01,45). ამავე ტურნირზე VI, VII და X ადგილები, შესაბამისად, ნათაძემ (2.02,75), კოზანაშვილმა (2.02,92) და ჯაფარიძემ (2.04,02) დაიკავეს.

გოგონებში კოზანაშვილის მამიდაშვილმა, ინსბრუკის პირველი ოლიმპიური თამაშების მონაწილე სუსანა გავამ გამოიჩინა თავი: ერზერუმში სლალომისტებთან პაექრობისას ვერცხლის მედალი (2.09,97) ხვდა წილად. ბაკურიანელს თურქმა თუქბა დასდემირმა (2.02,68) აჯობა, ხოლო ყარსში გიგანტურ სლალომში (2.06,05) ბრინჯაო მოიხვეჭა.

ოქრო და ვერცხლი, შესაბამისად, დასდემირმა (1.01,97) და უზბეკმა კსენია გრიგორევამ (2.03,65) გაინაწილეს. საგულისხმოა, რომ თურქი 10, ხოლო უზბეკი 8 წლით უფროსია გავაზე. სუსანამ იქვე კიდევ ორ შეჯიბრებაში მოსინჯა ძალები და IV, V ადგილებით დაკმაყოფილდა.

* * *

ნინო წიკლაურმა იტალიურ შაპპადა-ში იასპარეზა ახალგაზრდების ტურნირზე გიგანტურ სლალომში. 2.40,70-ით VIII ადგილი დაიკავა. პირველი იყო მასპინძელი არიანა სტოკო - 2.38,62.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული