ავსტრია 2006 წლის შემდეგ

AutoSharing Option
შაბათს გაირკვა მამაკაცებს შორის მსოფლიოს თასის გამარჯვებული. ავსტრიის კურორტ შლადმინგში მორიგი სტარტი გიგანტური სლალომი იყო, რომელშიც იმ მომენტისთვის გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი, შვეიცარიელი ბიტ ფოიცი არასოდეს ბრწყინავდა.

ამიტომაც ფოიცის უახლოესი მდევრის, ავსტრიელი მარსელ ჰირშერის შანსები უფრო შთამბეჭდავი ჩანდა. მართალია, ჰირშერი სტარტის წინ 75 ქულას აგებდა შვეიცარიელთან, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ის, რომ წელს ეტაპის მასპინძელს სამჯერ ჰქონდა მოგებული გიგანტური სლალომი და ამჯერადაც სერიოზული განწყობით გავიდა ტრასაზე.

ექსპერტთა პროგნოზები გამართლდა. ფოიცი ქულათა ზონაში ვერ შევიდა, ჰირშერმა კი ორი ცდის ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა,
100 ქულა მიიღო და 25-ით გაუსწრო კონკურენტს. მართალია, კვირას რჩებოდა სპეციალური სლალომის ეტაპი, მაგრამ შვეიცარიის სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ფოიცი სტარტზე არ გავიდოდა.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 23 წლის მარსელ ჰირშერი პირველად გახდა მსოფლიოს თასის მფლობელი. ეს ავსტრიის პირველი ტიტულია 2006 წლის შემდეგ. მაშინ ბროლის დიდი გლობუსი ბენიამინ რაიხმა მოიპოვა. ისტორიაში კიდევ სამ ავსტრიელს აქვს მოგებული მსოფლიოს თასი: კარლ შრანცს, ჰერმან მაიერსა და სტეფან ებერჰარტერს.

ჰირშერს წელს იმანაც გაუადვილა საქმე, რომ მისი კიდევ ერთი კონკურენტი, ასევე სლალომების სპეციალისტი ივიცა კოსტელიჩი თებერვალში სოჭის ეტაპის დროს დაშავდა და რამდენიმე რბოლა გამოტოვა, რამაც მას ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლის საშუალება არ მისცა. აღსანიშნავია, რომ ხორვატი მსოფლიოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია.

შაბათის რბოლას შვეიცარიის ნაკრებისთვის კიდევ ერთი ნაღვლიანი მომენტი ახლდა თან. კარიერაში ბოლო სტარტი ჰქონდა ცნობილ შვეიცარიელ ვეტერანს დიდიე კუშს. ეს მოთხილამურე გიგანტურ სლალომში არასოდეს გამოირჩეოდა და მისი გამოსვლა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. კუშმა გამარჯვებულთან თითქმის ექვსი წამი წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა. ფინიშზე მისული დიდიე ათასობით გულშემატკივარს ემოციურად დაემშვიდობა.

1998 წელს მსოფლიოს თასზე დებიუტის შემდეგ, კუშმა 358 ეტაპში მიიღო მონაწილეობა, მოიგო 21 რბოლა და ოთხჯერ მოიპოვა სწრაფდაშვებაში ბროლის ოთხი მცირე გლობუსი.

გუშინ კი მამაკაცებმა სპეციალურ სლალომში იასპარეზეს და იქ ჰირშერმა ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო, რითაც დაკარგა ამ დისციპლინაში ბროლის მცირე გლობუსის მოგების შანსი. სლალომის ლაურეატი ივიცა კოსტელიჩი გახდა.

* * *
შაბათს, ქალებმა სპეციალურ სლალომში იასპარეზეს და მორიგ წარმატებას მიაღწია ამერიკელმა ლინდსი ვონმა. საერთო ჩათვლასა და სამ დისციპლინაში ბროლის გლობუსების მოპოვების შემდეგ, ვონმა ყველა დროის რეკორდი დაამყარა ქალებს შორის ერთ სეზონში დაგროვებული ქულების რაოდენობით. ამერიკელმა მერვე დრო აჩვენა და თავისი მონაგარი 1980 ქულამდე აიყვანა. წინა რეკორდი ლეგენდარულ ხორვატ იანიცა კოსტელიჩს ეკუთვნოდა, რომელმაც 2006 წელს 1970 ქულით დაასრულა სეზონი.

კვირას, ვონს მორიგი მიზანი ჰქონდა: სეზონის ბოლო რბოლაში - გიგანტურ სლალომში მას მე-12 ადგილზე გასვლა სჭირდებოდა იმისთვის, რომ 2000-ქულიანი ზღვარს გადაცდენოდა და ამით დაამხობდა ავსტრიელი ლეგენდის ჰერმან მაიერის აბსოლუტურ რეკორდს, რომელმაც ერთხელ სეზონში 2000 ქულა დააგროვა.

მაგრამ, ჰირშერის მსგავსად, ვონსაც ხელი მოეცარა და მხოლოდ 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. ასე რომ, "ჰერმინატორის" რეკორდი ძალაში რჩება.

საერთო ჩათვლა
კაცები
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1355; 2. ბიტ ფოიცი (შვეიცარია) - 1330; 3. აქსელ-ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 1131; 4. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 1064; 5. ჰანეს რაიხელტი (ავსტრია) - 1024; 6. დიდიე კუში (შვეიცარია) - 982...

ქალები
1. ლინდსი ვონი (აშშ) - 1980; 2. ტინა მაზე (სლოვენია) - 1402; 3. მარია რიში (გერმანია) - 1227; 4. ჯულია მანკუზო (აშშ) - 1020; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 994; 6. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 987...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული